არჩეულ მასალაზე გადასვლა

3 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2024
ᲡᲔᲠᲑᲔᲗᲘ

სპეციალური სამქადაგებლო კამპანია სერბეთში

სპეციალური სამქადაგებლო კამპანია სერბეთში

2024 წლის 17 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით სერბეთის დაშორებულ ტერიტორიებზე სპეციალური სამქადაგებლო კამპანია გაიმართა. იმ ტერიტორიებზე, სადაც მოწმეები რეგულარულად ვერ ქადაგებენ, 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც სერბეთის მოსახლეობის მეოთხედს შეადგენს. სპეციალურ კამპანიაში სერბეთისა და მონტენეგროს კრებებიდან 600-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ მიიღო მონაწილეობა. ბოლო 20 წლის მანძილზე ეს კარდაკარ ქადაგების პირველი კამპანია იყო სერბეთში. აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში ბიბლიის შესწავლა 1 800-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა.

ბელი-პოტოკში ერთმა ქალმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო მოწმეებთან საუბრით, რამდენიმე ნაცნობს დაურეკა და უთხრა: „ახლა თქვენთან ვიღაცები მოვლენ, რომ ბიბლიაზე და ღმერთზე გელაპარაკონ. ყურადღებით მოუსმინეთ!“. ერთი ქალი, რომელიც სოფლის ბოლოში ცხოვრობდა, დიდი ინტერესით ელოდა მოწმეებთან შეხვედრას. როცა მას მიაკითხეს, სიხარულით შეიპატიჟა სახლში. ქალმა მოწმეებს საუბარში უთხრა, რომ ადრე ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე იყო ნამყოფი. ის ბიბლიის შესწავლას სიხარულით დათანხმდა.

მოწმეები სოფელ ტრგოვიშტეში ხანდაზმულ ქალთან ქადაგებენ.

სმედერევსკა-პალანკაში მამაკაცი, სახელად რადომირი, სტენდთან მივიდა. Მან აღნიშნა, რომ ძალიან ახარებდა მორწმუნე ხალხის დანახვა თავის ქალაქში. Რადომირმა სტენდის ბანერზე გაკეთებული წარწერა შენიშნა ბიბლიის უფასო შესწავლასთან დაკავშირებით და იკითხა, როგორ ხდებოდა ეს. მას შემდეგ, რაც მოწმეებმა უპასუხეს მის შეკითხვას, თავადაც გამოთქვა ბიბლიის შესწავლის სურვილი.

ამ კამპანიამ დიდი სიხარული მოუტანა მასში ჩართულ და-ძმებს და ჭეშმარიტებას მოწყურებულ არაერთ ადამიანს (იოანე 7:37).