2020 წლის 4 მაისი
სიერა-ლეონე
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ უკვე ხელმისაწვდომია კრიო ენაზე
ამ თარგმანის გამოცემის შესახებ სიერა-ლეონეში სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მეშვეობით გამოცხადდა
სიერა-ლეონეში კრიო ენაზე მოლაპარაკე 2 000-ზე მეტი მაუწყებლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შეიტყვეს, რომ 2020 წლის 26 აპრილს კრიო ენაზე გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სახელმწიფო შეზღუდვების გამო ჩვენი და-ძმები არ შეკრებილან სპეციალურ ღონისძიებაზე, სადაც ამ გამოცემის შესახებ შეიტყობდნენ. გარდა ამისა, შეუძლებელი იყო სპეციალური პროგრამის სტრიმინგით გადაცემაც, რადგან სიერა-ლეონეში, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში მცხოვრებ ბევრ და-ძმას არ აქვს ელექტრონული მოწყობილობები.
ამიტომ ლიბერიის ფილიალის კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამქადაგებლო საქმიანობას სიერა-ლეონეში, ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტისგან მიიღო ნებართვა, წინასწარ ჩაეწერათ შემოკლებული პროგრამა ბიბლიის გამოცემის შესახებ. ამის შემდეგ ძმებმა მაუწყებლებს უთხრეს, მოესმინათ ან ეყურებინათ სპეციალური პროგრამისთვის, რომელიც გადაიცემოდა რადიოთი და ტელევიზიით, თუმცა მათთვის ბიბლიის გამოცემის შესახებ არაფერი უთქვამთ.
რამდენიმე დღით ადრე ძმებმა ბიბლიები სათითაოდ ჩადეს კონვერტებში, დალუქეს და მაუწყებლებს ამანათის სახით სახლებში გაუგზავნეს. ამანათს ზემოდან ეწერა, არ გაეხსნათ კონვერტები სპეციალური პროგრამის მოსმენამდე.
ამ თარგმანის გამოცემიდან მალევე ერთი და, მეგან დიაზი, რომელიც სიერა-ლეონეში მსახურების გაფართოების მიზნითაა გადასული, ამბობს: „ერთმა ბიბლიის შემსწავლელმა დამირეკა და მითხრა, რომ მოახერხა პროგრამის მოსმენა. ის უზომოდ გახარებული იყო ამ თარგმანის გამოცემით და მითხრა, რომ მეორე დღესვე შეგვეძლო მისი გამოყენება შესწავლის დროს“.
ერთმა მამაკაცმა, სახელად ტაუნკარამ, რომელიც ბიბლიას სწავლობს კრიო ენაზე, აღნიშნა: „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების გამოცემა კრიო ენაზე აშკარად იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვას სურვილია, სასიხარულო ცნობამ ყველა ადამიანის ყურამდე მიაღწიოს და არა მხოლოდ მიაღწიოს, არამედ მათ გულს შეეხოს. მას სურს, ადამიანები კარგად ჩასწვდნენ მის მნიშვნელობას და თავიანთ შვილებსაც ასწავლონ. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს თარგმანი მშობლიურ ენაზე გვაქვს“.
კრიო ენა, რომელზეც სიერა-ლეონეში მოსახლეობის უმეტესობა საუბრობს, წარმოიშვა ანგლო-კრეოლური ენიდან. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კრიოენოვან თარგმანზე ოთხი მთარგმნელი მუშაობდა ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში. ამ თარგმანის ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა jw.org-დან შესაძლებელი გახდა 27 აპრილიდან.
ჩვენც ვუერთდებით სიერა-ლეონეში მცხოვრები და-ძმების სიხარულს და მთელი გულით ვემადლიერებით იეჰოვას ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კრიოენოვანი თარგმანის გამოცემისთვის. ეს კიდევ ერთი „კარგი ძღვენი და ... სრულყოფილი საბოძვარია“ იეჰოვასგან, ჩვენი ზეციერი მამისგან (იაკობი 1:17).