2021 წლის 20 დეკემბერი
სლოვენია
გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია სლოვენურ ენაზე
2021 წლის 18 დეკემბერს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა გერიტ ლოშმა ახალი გამოცემის შესახებ განცხადება სპეციალური პროგრამის დროს გააკეთა, რომლის ჩანაწერსაც დაახლოებით 2 000 ადამიანი ისმენდა. ამჟამად ეს თარგმანი ელექტრონული ფორმატითაა ხელმისაწვდომი. ბეჭდური ვერსიის გამოცემა 2022 წელს იგეგმება.
მთლიანი ბიბლიის პირველი თარგმანი სლოვენურ ენაზე ჯერ კიდევ 1584 წელს გამოიცა. ეს იყო დალმატინის ბიბლია, რომლის მხოლოდ 80 ეგზემპლარიღაა შემორჩენილი. ერთ-ერთი მათგანი იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოს (უორიკი, ნიუ-იორკი) ბიბლიის მუზეუმშია წარმოდგენილი.
1925 წელს მარიბორში მცხოვრებმა ერთმა ბიბლიის მკვლევარმა, ფრენც ბრენდმა, ქადაგება დაიწყო თავის სამუშაო ადგილას, სადალაქოში. იმავე წელს პატარა ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც რეგულარულად იკრიბებოდა ბიბლიის შესასწავლად. 1930 წელს ბიბლიის მკვლევრებმა სლოვენიაში ოფისი გახსნეს, რათა ქვეყნის მასშტაბით ბიბლიური საგანმანათლებლო საქმისთვის დაეჭირათ მხარი. 2009 წელს სლოვენიაში იეჰოვას მოწმეთა ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენა მოხდა. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სამუელ ჰერდმა, ლიუბლიანაში გამართულ კონგრესზე „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა გამოაცხადა.
მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდგომ წლებშიც სლოვენიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ ჯერ ნაცისტების, შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. ამ პერიოდში არაერთი ძმა დააპატიმრეს და ზოგი სიკვდილითაც კი დასაჯეს. 1953 წელს ქვეყანაში მოწმეების საქმიანობაზე აკრძალვა მოიხსნა და მათ თავისუფლად თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. დღეს სლოვენიაში 1 757 მაუწყებელია.
დარწმუნებული ვართ, რომ სლოვენიაში მცხოვრები ჩვენი და-ძმები გამოიყენებენ ძმა გერიტ ლოშის რჩევას, რომელიც პროგრამის დროს მისცა მათ: «ისწავლეთ ბიბლიის დახელოვნებულად გამოყენება და მის ძალას სხვებიც იგრძნობენ … სლოვენურ ენაზე გამოცემული ეს ახალი თარგმანი დაგეხმარებათ, „სწავლებისას სარწმუნო სიტყვას“ დაეყრდნოთ» (ტიტე 1:9).