11 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
სომხეთი
იეჰოვას მოწმეები სომხეთში უკვე 10 წელია ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს ასრულებენ
„არასამხედრო ალტერნატიული სამსახურის დანერგვა სახელმწიფოს მხრიდან ძალიან გონივრული ნაბიჯი იყო“ — განაცხადა სომხეთის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა.
2024 წლის 14 იანვარს ათი წელი გავიდა, რაც სომხეთში არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური ამოქმედდა. ეს სამსახური მათ, ვინც მრწამსის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, საშუალებას აძლევს, ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვადასხვა საქმეში. მაგალითად, როგორებიცაა: მშენებლობა, გამწვანება და სხვა სოციალური სამსახური. მას შემდეგ, რაც ეს სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, 450-ზე მეტმა ახალგაზრდა იეჰოვას მოწმემ თავად გადაწყვიტა, შეესრულებინა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური.
ამჟამად ამ პროგრამის ფარგლებში გამწვანებაზე მუშაობს სამუელ პეტროსიანი. ის აღნიშნავს: „ვცდილობ, ეს საქმე პირნათლად შევასრულო. პატიოსნად ვაკეთებ ყველაფერს, რაც მევალება. ამის გამო ჩემი ხელმძღვანელები კარგად მეპყრობიან და პატივს მცემენ“.
არტურ მარტიროსიანმა სამი წელი იმუშავა საავადმყოფოში. იმ პერიოდს ის ასე იხსენებს: „ძალიან ვაფასებ, რომ ადამიანების დახმარების საშუალება მომეცა. ამ გამოცდილებამ პიროვნულად გამზარდა. ვისწავლე, როგორ მოვერგო სხვადასხვა სიტუაციას, როგორ გავუმკლავდე სტრესს და როგორ ვიურთიერთო ხალხთან“.
2014 წლამდე სომხეთში ჩვენს ახალგაზრდა ძმებს პატიმრობაში ყოფნა უწევდათ, რადგან სინდისი არ რთავდათ ნებას, სამხედრო სამსახური შეესრულებინათ. ამ პროგრამის წარმატებაზე ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა: „თავდაპირველად ალტერნატიული სამსახურის დანერგვის წინააღმდეგი ვიყავი. მაფიქრებდა ორი რამ: ერთი ის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ არ დამდგარიყო და მეორე — ვინმეს ბოროტად არ ესარგებლა ამ შესაძლებლობით, თუმცა დრომ საპირისპირო აჩვენა. რამდენიმე წლის შემდეგ აშკარად გამოჩნდა, რომ ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში მონაწილეობით იეჰოვას მოწმეები არანაირ საფრთხეს არ უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას. პირიქით, ამ სამსახურის წყალობით ისინი ბევრს შრომობენ საზოგადოების საკეთილდღეოდ“.
ეროვნული კომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი ასეთი რამ თქვა: „უკვე 10 წელია, რაც ალტერნატიული შრომითი სამსახური ამოქმედდა. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროგრამის დანერგვა სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილად სწორი ნაბიჯი იყო. შიგადაშიგ ვამოწმებთ, როგორ ასრულებენ საქმეს სამოქალაქო სამსახურში ჩართული პირები. სასიამოვნოა, რომ ეს ადამიანები მუხლჩაუხრელად შრომობენ და თანაც ნებისმიერ საქმეს სიხარულით ასრულებენ. წლიდან წლამდე უამრავ მადლიერების წერილს ვიღებთ იეჰოვას მოწმეებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში არიან ჩართული. გარდა ამისა, იმ დაწესებულებების მმართველი პირები, სადაც მოწმეები არიან დასაქმებულები, დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ“.
იეჰოვას მოწმეები სომხეთში მადლიერნი არიან, რომ ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა ეძლევათ, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე შეასრულონ და ამავე დროს განადიდონ იეჰოვა თავიანთი კარგი საქმეებით (1 პეტრე 2:12).