არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 5 თებერვალი
სომხეთი

სომხეთში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ პროგრამა წარმატებით ხორციელდება

სომხეთში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ პროგრამა წარმატებით ხორციელდება

ერთი წელია, რაც სომხეთის მთავრობამ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა დანერგა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. პირველები, ვინც ამ პროგრამაში ჩაერთნენ, იეჰოვას მოწმე ახალგაზრდები იყვნენ. ნაცვლად იმისა, რომ ისინი რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო პატიმრობაში ყოფილიყვნენ, დღეს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამოქალაქო სამსახურს ასრულებენ.

1985 წლიდან მოყოლებული ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეებისთვის სომხეთში, რომლებიც მრწამსის გამო უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურის შესრულებაზე, პატიმრობის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. ვინაიდან ქვეყანაში კანონით არ რეგულირდებოდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, დაახლოებით 20 წლის მანძილზე მთლიანობაში 450-ზე მეტ იეჰოვას მოწმეს მოუწია ციხეში ჯდომა. ხშირ შემთხვევაში მათ ციხეებში საშინელ პირობებში უწევდათ ყოფნა. ყველაფერი 2013 წლის ივნისის შემდეგ შეიცვალა, როცა სომხეთმა შესწორებები შეიტანა კანონში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ.

2013 წლის 23 ოქტომბერს სომხეთის ეროვნულმა კომისიამ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ იეჰოვას მოწმეების მიერ შეტანილი პირველი წერილობითი მოთხოვნები დააკმაყოფილა. ეს 57 იეჰოვას მოწმეს შეეხო, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე და ალტერნატიულ შრომით სამსახურს ითხოვდნენ. a მოგვიანებით ეროვნულმა კომისიამ სხვა მოწმეებიც ჩართო ამ პროგრამაში. 2014 წლის 13 იანვრით დაწყებულ კვირაში 71 ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე თავ-თავისი სამუშაოს შესრულებას შეუდგა. 2014 წლის ბოლოსთვის უკვე 126-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ასრულებდა ალტერნატიულ შრომით სამსახურს.

როგორ გამოეხმაურა ხალხი ამ პროგრამას

ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა რომ წარმატებით ხორციელდება, ამას სხვადასხვა დაწესებულებების დირექტორების, ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კომენტარები ადასტურებს. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს ახალგაზრდა მოწმეები კარგი სამუშაო ეთიკით, პატიოსნებით და თანამშრომლობის სულით გამოირჩევიან. ეროვნული კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ მოწმეები ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ სომხეთის მთავრობას და გულმოდგინედ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს.

  • „ყმაწვილებო, თქვენ ქვეყნისთვის ბევრს ირჯებით და ამისთვის, ფაქტობრივად, გასამრჯელოსაც არ იღებთ. არავის რჩება შეუმჩნეველი თქვენი მძიმე შრომა“ (საზოგადოებრივი სამსახურის ხელმძღვანელი შენგავიტის რაიონში, ერევანი).

  • „ნამდვილად იმსახურებთ ქებას! თქვენ ქრისტიანული პრინციპებით ცხოვრობთ და, ამავდროულად, ცდილობთ, საზოგადოებისთვისაც გამოსადეგნი იყოთ“ (ობოლთა თავშესაფრის თანამშრომელი, სადაც იეჰოვას მოწმეები ალტერნატიულ შრომით სამსახურს ასრულებენ).

  • „თუ თქვენნაირები კიდევ გყავთ, ყველა მოიყვანეთ და ჩემთან ამუშავეთ“ (საზოგადოებრივი სამსახურის ხელმძღვანელი არაბკირის რაიონში, ერევანი).

იეჰოვას მოწმეებმა, რომლებიც ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს ასრულებენ, დაასუფთავეს და გაალამაზეს ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე მდებარე პარკი

ვნახოთ, რას ამბობენ თავად ისინი, ვინც ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს ასრულებს:

  • „ძალიან მიხარია, რომ თანამშრომლები სიყვარულსა და პატივისცემას ავლენენ ჩემ მიმართ. ერთხელ ავად გავხდი და სახლში მომიწია დარჩენა. სასიამოვნოდ გავოცდი, როცა ჩემმა თანამშრომლებმა დამირეკეს და მომიკითხეს. ჩემთვის ნამდვილად დიდი საჩუქარია, რომ ასე მეწყობა ხელი, ღმერთს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ვემსახურო“ (გევორქ ტაზიანი, მძღოლის დამხმარე საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფში).

  • „ხელმძღვანელობასთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და თანამშრომლებთანაც. როცა ვხედავდით, როგორ ზრუნავდნენ ჩვენზე, გვინდოდა, ჩვენც ასე მოვქცეოდით. ზოგჯერ ისეთი სამუშაოს შესრულებაც გვიწევდა, რაც არ გვევალებოდა, მაგრამ ასეთ საქმეებსაც გულმოდგინედ ვეკიდებოდით“ (სამველ აბრაჰამიანი, მებაღე სევანის ფსიქიატრიულ კლინიკაში).

  • „2014 წლის 14 იანვარს ცამეტნი შევუდექით საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში მუშაობას. დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს გარშემომყოფებთან. ხელმძღვანელობასთანაც არანაირ გაუგებრობას არა აქვს ადგილი. მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ ასე ერთსულოვნად, ერთმანეთის მხარდამხარ ვმუშაობთ“ (არცრუნ ხაჩატურიანი, მებაღე საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში).

სომხეთში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამის წარმატებით დანერგვა უმთავრესად ორი მიზეზითაა განპირობებული: სხვადასხვა დაწესებულების ადმინისტრაცია მზადყოფნით თანამშრომლობს მოწმეებთან, ხოლო მოწმეები კარგი სამუშაო ეთიკითა და დადებითი განწყობით გამოირჩევიან. სომეხი იეჰოვას მოწმეები მადლიერნი არიან, რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო რომ აღარ აპატიმრებენ და შესაძლებლობას აძლევენ, ისე ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, რომ თავიანთი მრწამსის წინააღმდეგ არ წავიდნენ.