2018 წლის 15 თებერვალი
სომხეთი
სომხეთმა აღიარა მათი უფლებები, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე
2017 წლის 12 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც განიხილავდა საქმეს „ადიანი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ“, მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა სახის ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურით უნდა უზრუნველყოს სომხეთის მთავრობამ ის მოქალაქეები, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. აღსანიშნავია, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია ასეთი მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხში.
წლების მანძილზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენცია არ აღიარებდა მათ უფლებებს, ვინც სინდისის გამო უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე, რის გამოც უამრავ ახალგაზრდას ასამართლებდნენ და აპატიმრებდნენ. თუმცა 2011 წელს საქმის „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“ განხილვისას ევროპულმა სასამართლომ თავისი პოზიცია შეცვალა და სინდისის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა ადამიანის ძირითად უფლებად აღიარა. მოგვიანებით „ადიანის“ საქმის განხილვისას სასამართლომ დაადგინა, რომ მათ, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, უფლება აქვთ, ისარგებლონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურით, რომელიც სადამსჯელო ხასიათს არ ატარებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „ბაიათიანის“, „ადიანისა“ და სხვა საქმეების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ სომხეთის მთავრობამ შეიცვალა დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც სინდისის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე.
სომხეთმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება
დამსჯელობითი ზომები ალტერნატიული სამსახურის ნაცვლად. 2001 წელს, როდესაც სომხეთი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, მას დაეკისრა ვალდებულება, მიეღო კანონი ისეთი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა. ეს ნიშნავდა, რომ სომხეთს უნდა დაენერგა ალტერნატიული სამსახურის პროგრამა, რომელიც არ იქნებოდა სამხედრო ძალების დაქვემდებარებაში; გარდა ამისა, მისი ხანგრძლივობა უნდა ყოფილიყო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. აგრეთვე სომხეთს პატიმრობიდან უნდა გაეთავისუფლებინა ყველა, ვინც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იხდიდა სასჯელს. a მიუხედავად ამისა, სომხეთმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება — არ დანერგა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა და 2002 წელს ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე ვაჰან ბაიათიანი, რომელმაც სინდისის გამო უარი განაცხადა სამხედრო სამსახურის შესრულებაზე, გაასამართლა და დააპატიმრა. 2003 წელს ბაიათიანმა საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმის თაობაზე, რომ სომხეთის მთავრობამ მისი დაპატიმრებით დაარღვია ადამიანის სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება.
მოწმეების წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს იღებენ. 2004 წელს სომხეთმა მიიღო კანონი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ, რამაც უამრავ იეჰოვას მოწმეს საშუალება მისცა, სამხედრო სამსახურის ნაცვლად ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეესრულებინა. მაგრამ მოგვიანებით მოწმეებმა გაიგეს, რომ ალტერნატიული სამსახური სამხედრო ძალების დაქვემდებარებაში იყო. ამიტომ ისინი იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ ალტერნატიული სამსახური. ამის გამო სომხეთის მთავრობამ მოწმეების სამართლებრივი დევნა და დაპატიმრება დაიწყო. 2006 წლის მაისში ჰაიკ ხაჩატრიანმა და სხვა 18-მა მოწმემ, რომლებმაც სინდისის გამო თქვეს უარი სამხედრო სამსახურზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს საჩივარი. ამ საჩივარში აღნიშნული იყო, რომ მათ წინააღმდეგ გატარებული სამართლებრივი ზომებით დაირღვა მათი უფლებები. b
მდგომარეობა არ იცვლება. წლების მანძილზე სომხეთი არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შეეტანა. მოწმეები უარს აცხადებდნენ სამხედრო ძალების დაქვემდებარებაში არსებული ალტერნატიული სამსახურის შესრულებაზე, რის გამოც მათ აპატიმრებდნენ. 2004 წლიდან, როცა სომხეთში ალტერნატიული სამსახურის შესახებ კანონი მიიღეს, 2013 წლამდე, ამ კანონში ცვლილების შეტანამდე, 317 მოწმე იქნა დაპატიმრებული. თითოეულმა მათგანმა 24-დან 36 თვემდე გაატარა პატიმრობაში.
მთელი ამ ხნის მანძილზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად თითქმის არაფერი გაუკეთებია. 2009 წელს ამ სასამართლომ განიხილა ბაიათიანის საჩივარი, რომელშიც იგი აცხადებდა, რომ მის უფლებას, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი. ეს მუხლი ეხება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლების დაცვას. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავი ვალდებულად მიიჩნია, გადაწყვეტილების მიღებისას იმ იურისპრუდენციას დაყრდნობოდა, რომლითაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ევროპული სასამართლო თვლიდა, რომ თითოეულ ქვეყანას თავად უნდა გადაეწყვიტა, აღიარებდა თუ არა მათ უფლებებს, ვინც სინდისის გამო ამბობდა უარს სამხედრო სამსახურზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვერცერთი მოქალაქე ვერ გამოიყენებდა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლს თავის დასაცავად ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ აღიარებდა მის უფლებას, რელიგიური მოსაზრებით უარი ეთქვა სამხედრო სამსახურზე. ვინაიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ბაიათიანის ადვოკატებმა გადაწყვიტეს, საქმე განსახილველად გადაეცათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის.
მნიშვნელოვანი მიღწევა. მნიშვნელოვანი ცვლილება მაშინ მოხდა, როცა დიდმა პალატამ ბაიათიანის საჩივარი ხელახლა განიხილა. 2011 წლის 7 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ადამიანის უფლებას, სინდისის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი იცავს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენცია წარმოადგენს „ცოცხალ ინსტრუმენტს“. მისი ახსნა-განმარტება უნდა მოხდეს იმ საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით, რომლებიც დროდადრო იცვლება და რომლებზეც ერთობლივად შეთანხმდნენ ქვეყნები ევროპაში თუ მის ფარგლებს გარეთ. დიდი პალატის გადაწყვეტილების თანახმად, მათი უფლება, ვინც სინდისის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სომხეთშიც. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სომხეთის მთავრობას თავისი მოქალაქეებისთვის უნდა დაენერგა ისეთი ალტერნატიული სამსახურის პროგრამა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ხასიათის იქნებოდა.
„მოქალაქის მიერ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდის მის სინდისთან ან მრწამსთან, წარმოადგენს სერიოზულ და მნიშვნელოვან საფუძველს იმისთვის, რომ ამ მოქალაქის უფლებები დაცულ იქნეს ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით“ („ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“, №23459/03, § 110, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2011 წელი).
სომხეთმა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა
ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებული საკითხი კვლავ გადაუჭრელია. 2011 წლის ზაფხულში სომხეთში ოთხი იეჰოვას მოწმე, მათ შორის არტურ ადიანი, დამნაშავედ ცნეს და დააპატიმრეს იმის გამო, რომ უარი თქვეს ისეთი ალტერნატიული სამსახურის შესრულებაზე, რომელიც სამხედრო ძალების დაქვემდებარებაში იყო. მოწმეებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს საჩივრით, რომელშიც აღნიშნეს, რომ სომხეთმა დაარღვია მათი უფლებები. საჩივარში ახსნილი იყო, რომ ალტერნატიული სამსახური, რომელსაც სომხეთი 2004 წლიდან სთავაზობდა თავის მოქალაქეებს, არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ ადამიანების სინდისთან, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით ამბობდნენ უარს სამხედრო სამსახურზე.
ალტერნატიული სამსახური სამხედრო ძალების დაქვემდებარებაში რჩება. 2012 წლის 27 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის „ხაჩატრიანი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ“ განხილვის შემდეგ მოწმეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ეს საქმე ეხებოდა 19 იეჰოვას მოწმეს, რომლებმაც ალტერნატიული სამსახურის შესრულება იმის გამო შეწყვიტეს, რომ ის სამხედრო ძალების დაქვემდებარებაში იყო. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მოწმეების გასამართლება და დაპატიმრება უკანონოდ მოხდა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ სომხეთის სასამართლომ „ხაჩატრიანის“ საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა მოსარჩელეების განაცხადი იმის თაობაზე, რომ ალტერნატიული სამსახური სამხედრო ძალებს ექვემდებარებოდა.
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. 2013 წლის ზაფხულში სომხეთის მთავრობამ შეასრულა პირობა, რომელიც 2001 წელს დადო, და ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა. 2013 წლის ოქტომბრისთვის სომხეთში დაპატიმრებული მოწმეების უმეტესობა გაათავისუფლეს, ზოგმა კი, ვისაც პატიმრობის ვადა ეწურებოდა, გადაწყვიტა, ბოლომდე მოეხადა სასჯელი. მას შემდეგ ყველას, ვინც სინდისის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, საშუალება აქვს, აირჩიოს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მორიგ გადაწყვეტილებას იღებს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „ბაიათიანისა“ და „ხაჩატრიანის“ საქმის თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ცხადი გახადა, რომ სინდისის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელსაც სომხეთმა პატივი უნდა სცეს. მიუხედავად ამისა, ევროპულმა სასამართლომ მოულოდნელად შეაჩერა არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ საკითხის განხილვა.
ევროპულმა სასამართლომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება 2017 წლის 12 ოქტომბერს მიიღო, როცა განიხილა საქმე „ადიანი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ“. სასამართლომ განმარტა, რომ მათი უფლება, ვინც უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, კანონით არის დაცული. ამიტომ სასამართლომ სომხეთს მოუწოდა, მოწმეებისთვის, რომლებიც სინდისის გამო ამბობდნენ უარს სამხედრო სამსახურზე, ისეთი ალტერნატიული სამსახური შეეთავაზებინა, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა. ალტერნატიული სამსახური არ უნდა ყოფილიყო დამსჯელობითი ხასიათის და არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა სამხედრო სტრუქტურებთან. ევროპულმა სასამართლომ სომხეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა მათთვის, ვინც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო მოიხადა სასჯელი.
„სასამართლო მიიჩნევს, რომ ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით დაცული ადამიანის უფლება, სინდისის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, დაირღვევა, თუ მთავრობა არ მიიღებს კანონს ალტერნატიული სამსახურის შესახებ და არ დანერგავს ისეთ პროგრამას, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, აირჩიონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური და რომელიც არ იქნება გამოყენებული მოქალაქეების დაშინებისა თუ დასჯის მიზნით“ („ადიანი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ“, №75604/11; § 67, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2017 წელი).
დადებითი შედეგები
2018 წლის იანვარში სომხეთში 161-მა იეჰოვას მოწმემ დაასრულა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, ხოლო 105 მოწმე ჯერ კიდევ ჩართულია ამ პროგრამაში. ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწმეები მიიჩნევენ, რომ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა წარმატებით ხორციელდება. ის საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და, ამასთანავე, სრულიად მისაღებია მათთვის, ვინც სამხედრო სამსახურის ნაცვლად ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს ირჩევს. ამ პროგრამამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სომხეთში ადამიანის უფლებების დაცვას.
სომხეთში იეჰოვას მოწმეების ინტერესების დამცველმა ანდრე კარბონომ დადებითად შეაფასა ხელისუფლების მხრიდან გატარებული ზომები და აღნიშნა: «ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სომხეთი ადამიანის უფლებების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულა. თუმცა მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ 2011 წელს „ბაიათიანის“ საქმის განხილვის შემდეგ დაიწყო, რასაც დადებითი შედეგები მოჰყვა. „ხაჩატრიანისა“ და „ადიანის“ საქმის თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კარგი საფუძველი შექმნა არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამის დანერგვისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ის ქვეყნები, რომელთაც ჯერ არ დაუნერგავთ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა, მიჰბაძავენ სომხეთის მაგალითს და თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც სინდისის გამო ამბობენ უარს სამხედრო სამსახურზე, შესაბამის ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს შესთავაზებენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ სამსახურს საზოგადოებისთვის დიდი სიკეთე მოაქვს».
|
არ არსებობს |
დამსჯელობითი ხასიათისაა |
არ არის დანერგილი |
---|---|---|---|
აზერბაიჯანი |
|
|
X |
ბელარუსი |
|
X |
|
ერიტრეა |
X |
|
|
ლიტვა |
X c |
|
|
სინგაპური |
X |
|
|
სამხრეთი კორეა |
X |
|
|
ტაჯიკეთი |
|
|
X |
თურქეთი |
X |
|
|
თურქმენეთი |
X |
|
|
დროის დიაგრამა
2017 წლის 12 ოქტომბერი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „ადიანი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ“.
2014 წლის იანვარი
ამოქმედდა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა, რომელშიც იეჰოვას მოწმეები ჩაერთნენ.
2013 წლის 12 ნოემბერი
რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო არცერთი იეჰოვას მოწმე არ არის დაპატიმრებული, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
2013 წლის 8 ივნისი
სომხეთმა შესწორება შეიტანა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში.
2012 წლის 27 ნოემბერი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „ხაჩატრიანი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ“.
2012 წლის 10 იანვარი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი ორი საქმის თაობაზე: „ბუხარათიანი სომხეთის წინააღმდეგ“ და „ცატურიანი სომხეთის წინააღმდეგ“. სასამართლომ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეების დაპატიმრებით სომხეთმა დაარღვია ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი. ევროპულმა სასამართლომ მანამდეც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება საქმეზე „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“.
2011 წლის 7 ივლისი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“ განხილვისას დაადგინა, რომ სომხეთმა დაარღვია ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული სინდისის თავისუფლების უფლება. ამგვარად, დიდმა პალატამ დაიცვა მათი უფლებები, ვინც სინდისის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე.
2009 წლის 27 ოქტომბერი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი არ ითვალისწინებს მათ უფლებებს, ვინც სინდისის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე; საქმე განსახილველად გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას.
2004 წელი
სომხეთმა მიიღო კანონი ისეთი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ, რომელიც სამხედრო ძალების დაქვემდებარებაში იქნებოდა.
2001 წელი
სომხეთის მთავრობამ იკისრა ვალდებულება, მიიღოს კანონი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ.
a ევროპის საბჭომ 2000 წელს გამართულ საპარლამენტო ასამბლეაზე დღის წესრიგში დააყენა სომხეთის ევროსაბჭოში გაწევრიანების საკითხი. ამისათვის სომხეთს საკუთარ თავზე უნდა აეღო შემდეგი ვალდებულებები: სამი წლის ვადაში შეემუშავებინა კანონი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან იქნებოდა შესაბამისობაში; გარდა ამისა, პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა ისინი, ვინც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებული იყო ან გამოსასწორებელ სამხედრო დაწესებულებაში იმყოფებოდა და ალტერნატიული სამსახურის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ საშუალება მიეცა მათთვის, აერჩიათ ან სამხედრო ხასიათის სამსახური, ან ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური (გადაწყვეტილება №221).
b 2005 წელს სომხეთმა უსამართლოდ დააპატიმრა 19 იეჰოვას მოწმე, რადგან იმ დროს ქვეყანაში არ არსებობდა კანონი, რომელიც ალტერნატიული სამსახურის შეწყვეტის გამო სასჯელს ითვალისწინებდა.
c ლიტვაში „ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ალტერნატიული სამსახური“ სამხედრო ძალების მიერ კონტროლდება.