არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 9 დეკემბერი
სომხეთი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, სომხეთში 22 ძმას უსამართლოდ წაუყენეს ბრალი სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, სომხეთში 22 ძმას უსამართლოდ წაუყენეს ბრალი სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, სომხეთში 22 ძმას უსამართლოდ წაუყენეს ბრალი სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო

2019 წლის 5 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა ერთსულოვანი გადაწყვეტილება სომხეთში მცხოვრები 22 იეჰოვას მოწმის სასარგებლოდ, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის განზრახ თავის არიდება. აღნიშნულმა სასამართლომ დააკისრა სომხეთის სახელმწიფოს 267 000 დოლარის გადახდა დაზარალებულებისთვის. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი თანხა, რომელიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებულ იეჰოვას მოწმეებს გადაუხადეს კომპენსაციის სახით.

2012 წელს ძმებს ბრალი წაუყენეს სამხედრო სავალდებულო სამსახურზე და ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურზე უარის თქმის გამო. ძმები უარს ამბობდნენ ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურზე იმის გამო, რომ იმ დროს ეს ორგანო შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში იყო და სინამდვილეში არ ატარებდა სამოქალაქო ხასიათს. ამიტომ ყველა ძმას, ორის გარდა, მოუწია საპატიმროში გარკვეული ხნის გატარება 2013 წლამდე. 2013 წლის შემდეგ მოხდა აღნიშნული სამსახურის რეორგანიზება და მან შეიძინა სამოქალაქო ხასიათი. მას მერე შეწყდა ჩვენი ძმების დაპატიმრება სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.

5 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო 2017 წელს იეჰოვას მოწმეების მიერ მოპოვებული სასამართლო გამარჯვება საქმეზე, „ადიანი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ“. სომხეთის ხელისუფლებამ კარგად იცოდა აღნიშნული საქმის დეტალები, რომელიც ზუსტად იმავე შინაარსს ატარებდა. სწორედ ამიტომ ქვეყნის მთავრობას გართულების გარეშე უნდა გადაეწყვიტა ამ 22 ძმის საქმეც. თუმცა გასული წლის განმავლობაში, ჩვენი ძმების მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, მთავრობა დაჟინებით ამბობდა უარს მშვიდობიან მოლაპარაკებაზე. სწორედ ამის გამო „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი ძმების სასარგებლოდ.

საბედნიეროდ, 2013 წლიდან მოყოლებული სომხეთის მთავრობის დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც სამხედრო სამსახურზე რწმენის გამო ამბობს უარს, საგრძნობლად გაუმჯობესდა. ჩვენს ძმებს, ნეიტრალური პოზიციის გამო, მეტად აღარ აპატიმრებენ და არც სისხლის სამართლის ბრალდებებს უყენებენ. გასული შვიდი წლის განმავლობაში სომხეთის სამოქალაქო სამსახური გახდა ნიმუში სხვა ქვეყნებისთვის. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით პასუხისმგებლობას აკისრებს სომხეთს 2012 წელს მომხდარი კანონდარღვევის გამო.

5 დეკემბრის გადაწყვეტილება არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მკაფიო მესიჯი, რომლის თანახმადაც, ადამიანის საერთაშორისო უფლებების დარღვევის გამო, ევროპული სასამართლო მზადაა, მკაცრი სასჯელი დააკისროს ნებისმიერ სახელმწიფოს. ვემადლიერებით იეჰოვას ამ უმნიშვნელოვანესი იურიდიული გამარჯვებისთვის. ვლოცულობთ, რომ ჩვენს ძმებს ისეთ ქვეყნებშიც მიეცეთ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის გავლის შესაძლებლობა, სადაც მსგავსი სამსახური ჯერ არ არსებობს, მაგალითად, აზერბაიჯანში, სამხრეთ კორეაში, თურქეთსა და თურქმენეთში.

12 ძმა, რომელთაც 2012 წელს წაუყენეს ბრალი სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო (ცენტრში დგანან იურისტები). ფოტო გადაღებულია 2019 წლის იანვარში