არჩეულ მასალაზე გადასვლა

20 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ტაილანდი

ბანგკოკში გამართული წიგნების საერთაშორისო გამოფენა

ბანგკოკში გამართული წიგნების საერთაშორისო გამოფენა

2024 წლის 28 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით ბანგკოკში (ტაილანდი) წიგნების 22-ე საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ღონისძიებამ, რომელიც დედოფალ სირიკიტის სახელობის ეროვნულ საკონფერენციო ცენტრში ჩატარდა, დაახლოებით ორ მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. გამოფენაზე იეჰოვას მოწმეებმაც მოაწყეს ლიტერატურის კუთხე, რომლის მთავარი თემა იყო, როგორ გვეხმარება ბიბლიური რჩევები მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებასა თუ სტრესთან გამკლავებაში. ჩვენს ჯიხურთან არაერთი სასიამოვნო დიალოგი გაიმართა. გარდა ამისა, 34-მა ადამიანმა გამოთქვა ბიბლიის შესწავლის სურვილი.

ერთმა მამაკაცმა საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ქალიშვილი მწვავე დეპრესიით იტანჯებოდა. მოწმეებმა მას რამდენიმე აზრი გაუზიარეს 2023 წლის „საგუშაგო კოშკის“ №1-დან „მენტალური ჯანმრთელობა – ბიბლიური რჩევები“. მამაკაცს ისიც აუხსნეს, როგორ მოეძებნა ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია jw.org-ზე. მან დიდი მადლობა გადაუხადა მოწმეებს ბიბლიური რჩევების გაზიარებისთვის და თქვა, რომ აუცილებლად ეტყოდა თავის გოგოსაც ყველაფერს.

ლიტერატურის ჯიხურთან ერთი მაღალი თანამდებობის პირი მივიდა და მოწმეებს ხანგრძლივი საუბარი გაუმართა. მას ჩვენს საიტზე რამდენიმე ვიდეო აყურებინეს, რის შემდეგაც კითხვები გაუჩნდა იეჰოვას მოწმეებსა და მათ საგანმანათლებლო საქმიანობაზე. საუბრისას მან წარწერა შენიშნა ბიბლიის უფასო შესწავლის შესახებ და იკითხა: „როგორ შეიძლება ბიბლიის შესწავლა?“. იეჰოვას მოწმეებმა მას აჩვენეს ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ და აუხსნეს, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. ბოლოს შეუთანხმდნენ, რომ ისევ შეხვდებოდნენ მას და გააგრძელებდნენ მსჯელობას.

ჩვენმა დამ ერთ ქალბატონს ვებსაიტი jw.org აჩვენა და მოკლედ ესაუბრა სამქადაგებლო საქმიანობაზე. ქალი დაინტერესდა ქადაგების გარდა კიდევ რას აკეთებდნენ იეჰოვას მოწმეები. დამ მას აყურებინა ვიდეო „როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრები?“. ქალმა დიდი ყურადღებით უყურა ვიდეოს, შემდეგ კი აღნიშნა: „ჩანს, რომ თქვენს შეხვედრებზე ძალიან თბილი და მეგობრული გარემოა. სიამოვნებით დავესწრებოდი“. მომდევნო კვირას მან დაახლოებით ორის საათი იმგზავრა, რომ კრებას დასწრებოდა.

გვიხარია, რომ ბანგკოკში მცხოვრებმა და-ძმებმა სხვებსაც მისცეს შესაძლებლობა, გამოეცადათ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:7).