არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 31 იანვარი
ტაილანდი

ტაილანდის ხელისუფლება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურას საგანმანათლებლო პროგრამისთვის იყენებს

ტაილანდის ხელისუფლება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურას საგანმანათლებლო პროგრამისთვის იყენებს

ბანგკოკი — ხელისუფლების წარმომადგენლები ტაილანდში აქტიურად იყენებენ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ ლიტერატურას საჯარო მოხელეების განათლების დონის ასამაღლებლად ისეთ საკითხებში, როგორიცაა შვილების აღზრდა, ოჯახური ძალადობის თავიდან აცილება და ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ტაილანდის უფლებამოსილი პირები უკვე სამი წელია, რაც მოწმეების პუბლიკაციებს ქვეყანაში სოციალური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ.

ტაილანდის მთავრობის ინიციატივით მთელ ქვეყანაში 8 700-ზე მეტი სასწავლო ცენტრი სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთო. გარდა ამისა, ხელისუფლებამ საზოგადოების განვითარების 11 ცენტრი გახსნა, რომელთა მიზანიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გადამზადებაა. ჩაივატ სენსრე (ნაჩვენებია სურათის წინა პლანზე, შუაში), რომელიც ბანგკოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით ნაკჰონ-ნაიოკის პროვინციაში საზოგადოების განვითარების ცენტრის დირექტორია, აღნიშნავს: „აღფრთოვანებული ვარ იეჰოვას მოწმეებით. მათი მიზანია, ადამიანებს შემოქმედის გაცნობაში დაეხმარონ. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს — დავეხმაროთ საზოგადოებას იცხოვრონ მაღალი ნორმებით, რათა ჰქონდეთ მშვიდობა და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი“. ის დასძენს: «ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის სტატია სათაურით „როგორ მოვერიდოთ შეურაცხმყოფელ საუბარს“ განვიხილეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ჩატარებულ ტრენინგზე, რომელიც სოციალური განვითარებისა და ადამიანთა უსაფრთხოების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო. ამ სტატიაში მოცემული რჩევები ძალიან დამხმარე აღმოჩნდა». ჩაივატ სენსრემ იეჰოვას მოწმეები ერთ-ერთ სემინარზე მიიწვია და სთხოვა, წარმოედგინათ თავიანთი ლიტერატურა. ამ სემინარს ესწრებოდნენ 28 პროვინციის 100 წარმომადგენელი და 20 ინსტრუქტორი. მათ ჩაუტარდათ ტრენინგი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელმძღვანელობის გაწევა და საზოგადოების განვითარება (სურათზე ვხედავთ იეჰოვას მოწმეებს ჩაივატ სენსრესთან ერთად).

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ტაილანდში ენტონი პეტრატიოტინი აღნიშნავს: „გვახარებს იმის დანახვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს პუბლიკაციებში ჩაწერილ ბიბლიურ რჩევებს აქტიურად იყენებენ. ჩვენ კვლავაც ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბიბლიური ლიტერატურა ხელმისაწვდომი იყოს როგორც უფლებამოსილი პირებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ტაილანდი: ენტონი პეტრატიოტინი, ტელ. +66-2-375-2200