2021 წლის 4 მარტი
ტაჯიკეთი
აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისია მხარს უჭერს ტაჯიკეთში დაპატიმრებულ ძმა შამილ ხაკიმოვს
2021 წლის 24 თებერვალს აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის წარმომადგენელმა, ნური ტურკელმა განაცხადა, რომ ის დაიცავდა 70 წლის ძმა შამილ ხაკიმოვის, როგორც სინდისის პატიმრის ინტერესებს. თავის სიტყვაში ბატონმა ტურკელმა აღნიშნა: „2019 წლიდან ეს ავადმყოფი, ხანდაზმული მამაკაცი უსამართლო ბრალდების საფუძველზე გადაჭედილ საპატიმროში იმყოფება და მას შვიდწელიწადნახევრიანი ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამგვარი სასჯელი ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს იმ ადამიანის სიკვდილის მიზეზი, რომელიც მხოლოდ იმიტომაა დაპატიმრებული, რომ მშვიდობიან რელიგიურ მსახურებაში იღებდა მონაწილეობას, როგორც იეჰოვას მოწმე“.
ძმა შამილი, რომელიც ქვრივია, ერთ-ერთია იმ 24 იეჰოვას მოწმიდან, რომლებიც ჩრდილოეთ ტაჯიკეთში 2019 წლის იანვარსა და თებერვალში ორგანიზებული დანაშაულის კონტროლის დეპარტამენტის ოფიცრებმა დაჰკითხეს. მათ დააკავეს ძმა შამილი და დაკითხვა მოუწყვეს იმის თაობაზე, თუ როგორ ფუნქციონირებდა იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია და თავად როგორ გახდა იეჰოვას მოწმე.
ძმა შამილი რვა საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და ამ დროის მანძილზე ის ვერ იღებდა აუცილებელ პრეპარატებს, რომლებიც ახლად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ჰქონდა დანიშნული. გარდა ამისა მას მაღალი არტერიული წნევაც აწუხებს. როდესაც პოლიციამ, ბოლოს და ბოლოს, ის სახლში გადაიყვანა, მას ჩამოართვეს ელექტრონული მოწყობილობები, ბიბლია, ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციები და პასპორტი. პასპორტის გარეშე კი ძმა შამილს არ შეეძლო კუთვნილი პენსიით სარგებლობა, რათა გაეგრძელებინა ოპერაციის შემდგომი სამედიცინო დანიშნულების მიღება.
2019 წლის 28 თებერვალს ხუჯანდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განკარგულებით, ძმა შამილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას სამჯერ გაუხანგრძლივეს იზოლატორში ყოფნის ვადა. ის იქ გამოძიებისა და სასამართლო პროცესების დასრულებამდე იმყოფებოდა.
2019 წლის 10 სექტემბერს ძმა შამილი დამნაშავედ ცნეს და შვიდწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, 2020 წლის 4 ივლისს, ციხის ადმინისტრაციამ შეატყობინა ძმა შამილს, რომ მას შეეხო ამნისტიის შესახებ ტაჯიკეთის მთავრობის მიერ მიღებული კანონი და მისი პატიმრობის ვადა ორი წლით, სამი თვითა და ათი დღით შემცირდებოდა. მას ციხიდან გათავისუფლება 2024 წლის 16 მაისს უწევს.
გვჯერა, რომ იეჰოვა ყოველთვის დაეხმარება ჩვენს ძვირფას და-ძმებს, რომ განსაცდელები მოთმინებითა და სიხარულით აიტანონ (ფსალმუნი 20:2).