2022 წლის 13 ოქტომბერი
ტაჯიკეთი
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ტაჯიკეთის მიერ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვას კანონდარღვევად მიიჩნევს
2022 წლის 7 სექტემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ტაჯიკეთში იეჰოვას მოწმეების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. 2022 წლის 7 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, საქმეზე „ადირხაიევი ტაჯიკეთის წინააღმდეგ“, იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. საქმე ეხებოდა იმ ფაქტს, რომ ტაჯიკეთი უარს აცხადებს იეჰოვას მოწმეების კანონიერ აღიარებაზე და კრძალავს მათ რელიგიურ საქმიანობას.
50 წელზე მეტია, იეჰოვას მოწმეები ტაჯიკეთში თავიანთ რელიგიურ მსახურებას ასრულებენ. ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირი 1994 წელს დარეგისტრირდა, თუმცა 2007 წლის 11 ოქტომბერს კულტურის სამინისტრომ გააუქმა რეგისტრაცია და აკრძალა ჩვენი საქმიანობა. მთავრობის განცხადებით იეჰოვას მოწმეების საქმიანობა, სამხედრო სამსახურზე უარის თქმა და იმის რწმენა, რომ მათი რელიგია ჭეშმარიტია, რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინება იყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად ტაჯიკეთის ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდა და უარი განაცხადა იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირის ხელახლა რეგისტრაციაზე.
ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ტაჯიკეთის მიერ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვას უკანონობად მიიჩნევს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ დასახელებული ყველა მიზეზი, რითაც ამართლებს იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანების აკრძალვას და მათ ხელახალ რეგისტრაციაზე უარის თქმას, უსაფუძვლოა“.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „ტაჯიკეთის ხელისუფლების მხრიდან მოწმეების კანონიერ აღიარებაზე უარის თქმის შედეგია ის, რომ მათ აკავებენ, აპატიმრებენ, დაკითხვებზე იბარებენ, სცემენ, ჩხრეკენ მათ ბინებს, ართმევენ რელიგიური შინაარსის ლიტერატურას და ქვეყნიდან აძევებენ“. მოწმეების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციით დაირღვა გაეროს საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოუწოდა ტაჯიკეთის ხელისუფლებას, იმსჯელონ იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაციის კანონიერ რეგისტრაციაზე და კომპენსაცია გადაუხადონ მათ, ვისი უფლებებიც უხეშად დაარღვიეს. კომიტეტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ტაჯიკეთის ხელისუფლებამ „პაქტით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად“.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა დადებითად იმოქმედოს 71 წლის შამილ ხაკიმოვის საქმეზე. ძმა შამილი 2019 წლის თებერვლიდან ციხეში იმყოფება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მშვიდობიანად ასრულებდა თავის რელიგიურ მსახურებას. მისი დაპატიმრების კანონიერი საფუძველი ტაჯიკეთის ხელისუფლებას არ ექნებოდა, იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირი ოფიციალურად რომ ყოფილიყო დარეგისტრირებული ქვეყანაში.
გვჯერა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტაჯიკეთში იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემის თავისუფლებას. ვლოცულობთ, იეჰოვამ აკურთხოს ჩვენი ძმების ძალისხმევა სასიხარულო ცნობის კანონით დაცვის საქმეში (ფილიპელები 1:7).