არჩეულ მასალაზე გადასვლა

რუსტამჯონ ნოროვი ციხიდან გათავისუფლებამდე

2021 წლის 12 ოქტომბერი
ტაჯიკეთი

პატიმრობის დროს რუსტამჯონ ნოროვის სამაგალითო საქციელი არავის რჩებოდა შეუმჩნეველი

პატიმრობის დროს რუსტამჯონ ნოროვის სამაგალითო საქციელი არავის რჩებოდა შეუმჩნეველი

როგორც უკვე ჩვენი ვებგვერდიდან შევიტყვეთ, 2021 წლის 21 სექტემბერს ძმა რუსტამჯონ ნოროვი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ამა წლის სექტემბრის დასაწყისში ტაჯიკეთში ამნისტიის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა და რუსტამჯონი, რომელიც ახლა 22 წლისაა, სწორედ ამ კანონის საფუძველზე გაათავისუფლეს. მას სამწელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი. თავიდან სამი თვე წინასწარი მოთავსების იზოლატორში გაატარა, შემდეგ კი, 2021 წლის 10 მაისს, იავანის გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც რუსტამჯონის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული, ყველას აოცებდა მისი კარგი საქციელი და ღვთისადმი ერთგულება.

ერთ-ერთი სასამართლო მოსმენის დროს რუსტამჯონს პოლკოვნიკი მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა. მან აღნიშნა, თუ როგორ აფასებდა რუსტამჯონს ვაჟკაცურობის, სიმტკიცის და გაბედულების გამო და დასძინა: „ყველა მორწმუნე შენნაირი უნდა იყოს! წლების შემდეგ დადგება დრო, როცა ტაჯიკეთი ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს შემოიღებს. წარმოიდგინე, შენი სახელი მათ შორის იქნება, ვინც მსხვერპლზე წავიდა, რომ ყველა მოქალაქისთვის მინიჭებული ეს კანონიერი უფლება დაეცვა“.

რუსტამჯონი ციხეშიც კარგი სახელით სარგებლობდა. სამაგალითო საქციელის გამო ციხის ზედამხედველობამ ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სპეციალურ პროგრამაში ჩართო. ეს პროგრამა პატიმრების მომზადებას ისახავდა მიზნად, რათა გათავისუფლების შემდეგ ადვილად ეპოვნათ სამსახური. პროგრამის დასრულების შემდეგ ციხის ადმინისტრაციამ რუსტამჯონს სერტიფიკატი და მუყაითი შრომის გამო მადლიერების წერილი გადასცა. რუსტამჯონის თქმით, ადმინისტრაცია აღიარებდა, რომ ის ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობდა და ამიტომაც გამოირჩეოდა ასეთი სამაგალითო საქციელით.

რუსტამჯონი დარწმუნებული არ იყო, შეეხებოდა თუ არა ამნისტია. თუმცა სხვა პატიმრებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მას სამაგალითო საქციელის გამო გაათავისუფლებდნენ. რუსტამჯონს ციხის თანამშრომლებიც არწმუნებდნენ ამაში.

ამ ძმის მსგავსად, თავიანთი ნეიტრალური პოზიციის გამო დაპატიმრებული იეჰოვას ერთგული სხვა ახალგაზრდა მოწმეების სინათლეც ანათებს „ადამიანთა წინაშე“ და, რაც მთავარია, მათი კარგი საქმეები განადიდებს ზეციერ ღმერთს (მათე 5:16).