2020 წლის 18 ნოემბერი
ტაჯიკეთი
ტაჯიკეთის პრეზიდენტმა შეიწყალა და ციხიდან გაათავისუფლა ძმა ჯოვიდონ ბობოჯონოვი
„იეჰოვა მეხმარებოდა, მტკიცე რწმენა შემენარჩუნებინა“, — იხსენებს ძმა ჯოვიდონ ბობოჯონოვი, რომელიც 2020 წლის 1 ნოემბერს გაათავისუფლეს ციხიდან. ჯოვიდონთან ერთად პრეზიდენტმა 377 პატიმარი შეიწყალა. რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით ჯოვიდონს ორწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა მხოლოდ ცხრა თვე მოუწია საპატიმროში ყოფნა.
2019 წლის 4 ოქტომბერს სამხედრო ოფიცრებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს 19 წლის ჯოვიდონ ბობოჯონოვი და კომისარიატში წაიყვანეს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ის სხვადასხვა სამხედრო ნაწილში გადაჰყავდათ. დროებითი დაკავების თითოეულ იზოლატორში მას უწევდა იმის ახსნა, თუ რატომ ამბობდა უარს სამხედრო სამსახურზე. „სამართალდამცავები და ჯარისკაცები არალოგიკურ კითხვებს მისვამდნენ და მაიძულებდნენ, დამეთმო ჩემი რელიგია“, — იხსენებს ჯოვიდონი, — „პროვოკაციული შეკითხვებით უნდოდათ, მდგომარეობიდან გამოვეყვანე. ზოგჯერ შუაღამითაც მაღვიძებდნენ და იმავე კითხვებს მისვამდნენ; მოითხოვდნენ ამეხსნა, რატომ ვამბობდი უარს სამხედრო სამსახურზე.
ლოცვები ძალიან მეხმარებოდა. სამხედრო ნაწილში დღე და ღამე ვლოცულობდი; ცრემლებით შევთხოვდი იეჰოვას დახმარებას, რომ ძალები მოეცა ჩემთვის, გამემართლებინა მისი მოლოდინი და პროვოკაციას არ ავყოლოდი.
იეჰოვას მაგრად ჰქონდა ჩემზე ხელი ჩაჭიდებული. ზოგჯერ მარტოობის გამო გულგატეხილობა მეუფლებოდა. მაგრამ იეჰოვა თავისი შემოქმედებით მაძლიერებდა. ყოველ დილას ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებდა, ღამით კი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და მთვარეს შევყურებდი. ასე მამხნევებდა იეჰოვა და სიხარულს მიახლებდა“.
ჯოვიდონს გამამტყუნებელი განაჩენი 2020 წლის 2 აპრილს გამოუტანეს და დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს. მას აკრძალული ჰქონდა წერილების მიღება; თუმცა ადგილობრივი და-ძმები საკვებს უგზავნიდნენ და ყოველდღიურ მუხლს სურსათის ჩანთებზე უწერდნენ. „ეს მეხმარებოდა, მარტოსულად არ მეგრძნო თავი და მეფიქრა იმაზე, თუ რამდენად მზრუნველი მეგობრები მყავდა,“ — ამბობს ჯოვიდონი.
ჯოვიდონი იმისთვისაც იყო მადლიერი, რომ შეეძლო გაეხსენებინა გამამხნევებელი ბიბლიური მუხლები, მაგალითად რომაელების 8:37—39. ის ამბობს: „ციხეში ვიგრძენი ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ვერანაირმა განსაცდელმა ვერ ჩამომაშორა იეჰოვას სიყვარულს. იეჰოვა დამეხმარა, ჩემი რწმენის ერთგული დავრჩენილიყავი“.
ჯოვიდონის სიმტკიცემ ძალიან გაამხნევა მისი მშობლები. მამამისი, აბდუჯამოლი, ამბობს: „რწმენა გაგვიძლიერა ლოცვებმა და ჩვენი ვაჟის კარგმა მაგალითმა, რადგან მან რწმენის გამოცდა წარმატებით ჩააბარა. გარდა ამისა, ვგრძნობდით მსოფლიო საძმოს მხარდაჭერას. ძალიან ვაფასებთ მათ ლოცვებს. იეჰოვას ვემადლიერებით ასეთი მოსიყვარულე და მზრუნველი მეგობრებისთვის“.
არ გვიკვირს, რომ ამ აღსასრულის ჟამს „მძიმე განსაცდელებს“ ვხვდებით. ჯოვიდონი თავის სიტყვებს ასე ასრულებს: „ახლა, როცა ციხეში აღარ ვარ, მინდა თავისუფლების პერიოდი იმისთვის გამოვიყენო, რომ გავიღრმავო იეჰოვას შესახებ ცოდნა და უკეთ მოვემზადო მომავალი განსაცდელებისთვის. ვისაც ჯერ არ შეგხვედრიათ მძიმე განსაცდელი, გირჩევთ, რომ დღევანდელი თავისუფლება მაქსიმალურად გამოიყენოთ იმისთვის, რომ მეტი ცოდნა შეიძინოთ იეჰოვას შესახებ, რაშიც ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების კითხვა დაგეხმარებათ“.