16 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
ტაჯიკეთი
72 წლის შამილ ხაკიმოვი ტაჯიკეთის ციხიდან გაათავისუფლეს
2023 წლის 16 მაისს შამილ ხაკიმოვი, რომელიც რწმენის გამო ოთხი წელი პატიმრობაში იმყოფებოდა, ციხიდან გათავისუფლდა და ოჯახს დაუბრუნდა.
2019 წელს სანამ შამილს დააკავებდნენ, მას უკვე ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადება და სხვა. მიუხედავად ამისა, ციხეში ყოფნის დროს მას არ გაუვლია სათანადო სახის მკურნალობა, რის გამოც კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა და ფეხში განგრენა განუვითარდა.
მართალია, არაერთ პრობლემას შეხვდა შამილი ციხეში ყოფნის დროს, მაგრამ პოზიტიური განწყობა არ დაუკარგავს. ამაში მას განსაკუთრებით რამდენიმე ბიბლიური მუხლი დაეხმარა.
ლოცვაში შამილი ხშირად იხსენიებდა ფსალმუნის 141:8-ში ჩაწერილ სიტყვებს: „ჩემი თვალები შენ შემოგყურებს, უზენაესო უფალო, იეჰოვა, შენ შეგაფარე თავი“. გარდა ამისა, დიდ დახმარებას უწევდა ესაიას 49:13, 16, სადაც ნათქვამია, რომ იეჰოვას გასაჭირში მყოფი თავისი მსახურები გადატანითი მნიშვნელობით ხელისგულებზე ჰყავს ამოკვეთილი. ეს ბიბლიური მუხლი შეახსენებდა შამილს, რომ ციხეში ყოფნის დროსაც კი არ ავიწყდებოდა ის იეჰოვას.
ღვთის სიტყვისგან მიღებული ნუგეშის წყალობით შამილმა თავადაც შეინარჩუნა სიხარული და სხვებსაც ეხმარებოდა ამაში. ის ძმა, რომელიც შამილს ციხეში ხშირად ეკონტაქტებოდა, ამბობს: „პირველად რომ დავურეკე მას, მეგონა, დამწუხრებული ხმა ექნებოდა, თუმცა მის ლაპარაკში აშკარად იგრძნობოდა მისი ძლიერი რწმენა და დადებითი განწყობა. ის თითოეულ ჩვენგანს აქეთ გვამხნევებდა“.
გოდების 3:25-ში წერია: „კარგია იეჰოვა მის მოიმედეთათვის, მის მძებნელთათვის“. გულდაჯერებული ვლოცულობთ, რომ იეჰოვა კვლავაც მხარში ამოუდგეს შამილს და სხვა და-ძმებს ტაჯიკეთში, რომლებიც სიხარულით იტანენ განსაცდელებს.