არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა რუსტამჯონ ნოროვი (მარცხნიდან მეორე), დედამისი ფარიზა, მისი ძმა რავშანი და მამამისი ბათირი 2016 წელს ყირგიზეთის ფილიალში ექსკურსიის დროს

2020 წლის 27 ოქტომბერი
ტაჯიკეთი

წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ახალგაზრდა ძმა რუსტამჯონ ნოროვი გაბედულებას არ კარგავს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში

წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ახალგაზრდა ძმა რუსტამჯონ ნოროვი გაბედულებას არ კარგავს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში

სავარაუდო სასჯელი

ტაჯიკეთის სამხედრო სასამართლო მალე a განაჩენს გამოიტანს ძმა რუსტამჯონ ნოროვის საქმეზე. მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით. ის 2020 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იმყოფება პატიმრობაში.

ზოგადი ცნობები

რუსტამჯონ ნოროვი

  • დაიბადა: 1998 წელს (დუშანბე)

  • ბიოგრაფია: ოჯახს რომ დახმარებოდა, მუშაობდა ბინების გარემონტებასა და ავეჯის განახლებაზე. უყვარს ფეხბურთის თამაში.

  • მოინათლა 2016 წელს, 17 წლის ასაკში. ორი წლის შემდეგ რუსულენოვანი კრებიდან, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდა შეხვედრებს, გადავიდა ტაჯიკურენოვან კრებაში, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო.

სასამართლო საქმე

2016 წელს ძმა რუსტამჯონ ნოროვი საკუთარი ნებით გამოცხადდა ადგილობრივ კომისარიატში. მან ოფიცრებს აუხსნა თავისი ნეიტრალური პოზიციის შესახებ და სთხოვა, რომ მისთვის ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულების ნება მიეცათ. რუსტამჯონი მომდევნო წელსაც იმავენაირად მოიქცა. კომისარიატის უფროსის მოადგილე მოიხიბლა ძმა რუსტამჯონის მსჯელობით და პატივისცემით განეწყო მისადმი. მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსტამჯონი არ გამოუძახებიათ კომისარიატში.

თუმცა 2020 წლის 24 სექტემბერს მან უწყება მიიღო საოლქო კომისარიატიდან. ოფიცრები სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ მას, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ ის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა სამხედრო სამსახურის შესასრულებლად. ოფიცრებმა აიძულეს ის, რომ გაევლო სამედიცინო შემოწმება. ამ ინციდენტის მოწმე იყო რუსტამჯონის მამაც, რომელმაც მოითხოვა, რომ თავისი შვილის საქმე პროკურატურაში გადაეგზავნათ.

1-ლ ოქტომბერს ძმა რუსტამჯონი მამასთან ერთად გამოცხადდა პროკურატურაში. პროკურორმა ერთ-ერთ პოლიციელს დაავალა, გაჰყოლოდა მათ საოლქო კომისარიატში. კომისარიატში მისვლისას რუსტამჯონის მამას არ მისცეს შესვლის უფლება. რუსტამჯონი კი ორი დღით დააკავეს ისე, რომ ოფიციალურად მისთვის არც ბრალი წაუყენებიათ და არც გამოძიება უწარმოებიათ მის საქმეზე. საპატიმროში ყოფნისას რუსტამჯონს არც ადვოკატთან დაკავშირების ნება მისცეს.

3 ოქტომბერს რუსტამჯონი გადაიყვანეს ქალაქ ხუჯანდში მდებარე სამხედრო ნაწილში, რომელიც 300 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ დუშანბედან, სადაც რუსტამჯონის ოჯახი ცხოვრობს.

6 ოქტომბერს მას უფლება მისცეს, დაერეკა ოჯახის წევრებისთვის და შეხვედროდა ადვოკატს. თუმცა, 17 ოქტომბერს, ტაჯიკეთის სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მანამ დარჩება, სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებს და სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს. ძმა რუსტამჯონს ბრალად ედება სამედიცინო ისტორიის გაყალბება სამხედრო სამსახურის განზრახ არიდების მიზნით.

იზოლატორში ყოფნის მიუხედავად რუსტამჯონი ინარჩუნებს დადებით განწყობას და სრულადაა მინდობილი იეჰოვაზე. ის ემადლიერება ღმერთს, რომ აძლევს ამ განსაცდელის ასატანად საჭირო რწმენასა და გაბედულებას. აღნიშნული განსაცდელის ატანა მას გაუადვილა ერთმა შემთხვევამ, რომელიც 2013 წელს მოულოდნელად მოხდა. უფლებამოსილმა პირებმა ის და მისი უმცროსი ძმა რავშანი ძალით წაიყვანეს სკოლიდან სამხედრო კომისარიატში სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად. მაშინ რუსტამჯონი მხოლოდ 15 წლის იყო — ანუ მისთვის ძალიან ადრე იყო სამხედრო სამსახურისთვის მომზადება. იმ დროს ის მოუნათლავი მაუწყებელი იყო. ამ შემთხვევის შემდეგ ბიჭების მამა ბათირი უფრო მეტ დროს უთმობდა ოჯახურ თაყვანისცემას, რათა შვილები უკეთესად მოემზადებინა ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დასაცავად. ზოგჯერ ისინი დგამდნენ სცენებს, სადაც ბათირი სამხედრო ოფიცერის როლს ასრულებდა, ბიჭები კი თავიანთი რწმენის დაცვაში ვარჯიშობდნენ.

რუსტამჯონი ამბობს: „სანამ ოჯახურ თაყვანისცემაზე ინსცენირებების გათამაშებას დავიწყებდით, მეგონა, რომ მზად ვიყავი რწმენის დასაცავად. თუმცა, როცა ამ როლს ვასრულებდი, ძალიან ვნერვიულობდი. მივხვდი, რომ ბევრი უნდა მელოცა და მეტი ბიბლიური ცოდნა შემეძინა, რათა რწმენა გამეძლიერებინა და ნეიტრალიტეტი მტკიცედ დამეცვა. თანდათანობით შიში გამიქრა. 2016 წლის გაზაფხულზე თავი მივუძღვენი იეჰოვას და მოვინათლე“.

რუსტამჯონს რწმენა აგრეთვე გაუძლიერა უფროსი ასაკის მოწიფულ ძმებთან ურთიერთობამ, რომლებიც ერთ დროს თავადაც იყვნენ რწმენის გამო დაპატიმრებულები. ის ამბობს: «კარგად მესმის, რა საფრთხე ახლავს თან ჩემს ნეიტრალურ პოზიციას. თუ დამაპატიმრებენ, ციხეს „ახალ ტერიტორიად“ ჩავთვლი, სადაც იეჰოვას სახელის განწმენდის საშუალება მომეცემა».

რუსტამჯონის მამა აღნიშნავს: „ჩვენი ოჯახისთვის დიდი პატივია იეჰოვას ნების შესრულება და გვიხარია, როცა ის ჩვენი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმეს. და-ძმებო, გვინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ვგრძნობთ თქვენს სიყვარულს, ლოცვებს, ემოციურ თუ სულიერ მხარდაჭერას. ჩვენ ზედმეტად არ ვწუხვართ, რადგან ბიბლიაში ჩაწერილი დაპირებისამებრ, ღმერთი მშვიდობით გვივსებს გულებს (ფილიპელები 4:6, 7).

a სასამართლო განაჩენის გამოტანის ზუსტი თარიღი ყოველთვის არაა წინასწარ ცნობილი.