2020 წლის 20 ნოემბერი
უკრაინა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უკრაინაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებებს
სასამართლო გმობს იმ ფაქტს, რომ არ იქნა მიღებული სათანადო ზომები იმ პირთა დასასჯელად, რომლებმაც რელიგიური სიძულვილის მოტივით დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს ჩვენი და-ძმების მიმართ.
2020 წლის 12 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ შემდეგ საქმეებზე: „ზაგუბნია და ტაბაჩკოვა უკრაინის წინააღმდეგ“, „მიგორიანუ და სხვები უკრაინის წინააღმდეგ“ და „კორნილოვა უკრაინის წინააღმდეგ“. ეს საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2014-2015 წლებში წარადგინეს. სამივე საქმე ეხებოდა იეჰოვას მოწმეების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე სამართალდამცავების მხრიდან უმოქმედობის შემთხვევებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სათანადოდ არ დაიცვა მოწმეების უფლებები და სახელმწიფოს დააკისრა დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა 14 700 ევროს ოდენობით (17 400 ამერიკული დოლარი).
„ზაგუბნია და ტაბაჩკოვა უკრაინის წინააღმდეგ“: 2009 წლის 20 აპრილს დები, ზაგუბნია და ტაბაჩკოვა, კარდაკარ მსახურობდნენ სოფელ ნოვი მლინიში. გზაზე მათ შემოხვდათ სამების მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი მიკოლა ლისენკო, რომელმაც სასტიკად სცემა ისინი. მან დებს თავსა და ზურგში ხის ჯოხი ურტყა. მოგვიანებით მღვდელმა არ უარყო მომხდარი ფაქტი და აღნიშნა, რომ ეს „მათ დასაშინებლად“ და „მათი საქმიანობის შესაჩერებლად“ გააკეთა, თუმცა ის არავის დაუსჯია.
„მიგორიანუ და სხვები უკრაინის წინააღმდეგ“: 2012 წლის 5 აპრილს 21 იეჰოვას მოწმე და რამდენიმე სტუმარი იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად იყვნენ შეკრებილნი, როდესაც მათ თავს დაესხა გახელებული ბრბო, რომელსაც წინ მიუძღოდა მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი, გვარად გრეკუ. ბრბო ყვირილითა და ლანძღვით აშინებდა შეკრებილებს, მათ შორის, ბავშვებსა და ხანდაზმულ ქალებს.
წლების განმავლობაში ეს მღვდელი და მისი თანამზრახველები თავს ესხმოდნენ იეჰოვას მოწმეებს და სცემდნენ ჩვენს ძმებს; ერთ ძმას მანქანა დაუწვეს; გარდა ამისა, მოწმეების სახლში ღამით, როცა ყველას ეძინა, მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს. ამ ძალადობრივი ქმედებების შესახებ დაზარალებულებმა პოლიციას მიმართეს და ჩვენებები მისცეს. არსებობდა ზოგიერთი ძალადობრივი ქმედების ამსახველი ვიდეომასალაც. თუმცა პოლიცია უარყოფდა, რომ აღნიშნული ქმედებები რელიგიური სიძულვილის მოტივით იყო ჩადენილი და აცხადებდა, რომ ვიდეოჩანაწერებში შეუძლებელი იყო დამნაშავეების ამოცნობა. არც მღვდელი და არც მისი თანამზრახველები არცერთი შემთხვევის გამო არ დასჯილან.
„კორნილოვა უკრაინის წინააღმდეგ“: 2013 წლის 7 მარტს დები კორნილოვა და სერდიუკი ქალაქ ნოსივკაში ადგილობრივებს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე ეპატიჟებოდნენ. ერთმა კაცმა დაიწყო დების სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი რელიგიის აუგად მოხსენიება. შემდეგ და კორნილოვას ისეთი ძალით დაარტყა მუშტი სახეში, რომ მან სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო. მას 11 დღე მოუწია საავადმყოფოში ყოფნა. პოლიციამ უარყო, რომ აღნიშნული ძალადობა რელიგიური სიძულვილის მოტივით იყო ჩადენილი და განაცხადა, რომ კორნილოვა „პირადი მტრული დამოკიდებულების მსხვერპლი“ გახდა. სასამართლომ დამნაშავეს მხოლოდ მცირე რაოდენობის თანხის გადახდა დააკისრა ჯარიმის სახით.
უკრაინის ფილიალის წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, აგრეთვე საერთაშორისო დიპლომატებს და იმსჯელეს იეჰოვას მოწმეთა დევნის საკითხზე. ძმებმა ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ 2014 წელს მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. აღსანიშნავია, რომ ერთი წლით ადრე ხელისუფლებამ დაიწყო რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტების აღრიცხვა უკრაინაში. 2013 წელს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ეწერა: „რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების არასრულად გამოძიება ხელს უწყობს რელიგიურ შეუწყნარებლობას და დამნაშავეებს უფრო მეტი ძალადობრივი ქმედებებისკენ უბიძგებს“. მსგავსადვე, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უკრაინის შესახებ მომზადებულ 2013 წლის პერიოდულ ანგარიშში შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, მათ შორის იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, ნაკლებად მძიმე დანაშაულად ითვლებოდა უკრაინაში. ანგარიშის დასკვნით ნაწილში ეწერა, რომ უკრაინის მთავრობამ „ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ საფუძვლიანად იქნას გამოძიებული სიძულვილის მოტივით ჩადენილი ყველა დანაშაული, რათა საქმე აღიძრას დამნაშავეთა წინააღმდეგ ... და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ შესაბამისი სასჯელი დაეკისროთ; ამასთანავე, დაზარალებულებმა უნდა მიიღონ სათანადო კომპენსაცია“.
ბოლო წლებში უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა სიტუაციის გამოსასწორებლად. ამჟამად იეჰოვას მოწმეები რელიგიური თავისუფლებით სარგებლობენ ქვეყნის მასშტაბით. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ეს სამი გადაწყვეტილება უბიძგებს უკრაინისა და სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს, მომავალშიც დაიცვან ჩვენი და-ძმების რელიგიის თავისუფლება. მოუთმენლად ველით დროს, როცა იეჰოვა ბოლოს მოუღებს თავის თაყვანისმცემელთა დევნას, რადგან „სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (კანონი 32:4).