2019 წლის 31 ოქტომბერი
უკრაინა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უკრაინაში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს სამეფო დარბაზის აშენების უფლებას აძლევს
2019 წლის 3 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ უკრაინაში, ქალაქ კრივოი-როგში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქალაქ კრივოი-როგის საქალაქო საბჭო, რომელმაც იეჰოვას მოწმეებს არ მისცა სამეფო დარბაზის აშენების ნებართვა.
პალატის გადაწყვეტილებით, საქალაქო საბჭოს დაეკისრა ჯარიმა 7 000 ევროს ოდენობით იმ ზარალისა და იურიდიული ხარჯების ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგა ამ ტერიტორიაზე არსებულ ორ კრებას. საქალაქო საბჭომ დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობის მე-9 მუხლი (იცავს ადამიანის აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას) და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი (უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას). უკრაინის მთავრობას 3 თვე აქვს მიცემული იმისათვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს დიდ პალატაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში.
კრივოი-როგის ორმა კრებამ პირველად 15 წლის წინ შეიტანა განაცხადი სამეფო დარბაზის აშენების ნებართვის მიღების თაობაზე. 2004 წლის 9 აგვისტოს მათ შეისყიდეს საცხოვრებელი შენობა, რომელიც მდებარეობდა ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მოითხოვეს 5-წლიანი იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, რათა აღნიშნულ მიწაზე სამეფო დარბაზი აეშენებინათ. ქალაქის საბჭომ ჩვენს ძმებს თავდაპირველი ნებართვა 2005 წლის 28 სექტემბერს მისცა. ამავე დროს, საბჭომ მათ შეახსენა, რომ საბოლოო ნებართვის მისაღებად და მშენებლობის დასაწყებად პროექტის გეგმა განსახილველად გარკვეული სახელმწიფო ორგანოებისთვის უნდა წარედგინათ.
ძმები ასეც მოიქცნენ და მოიპოვეს მშენებლობის ნებართვა ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურისგან. 2006 წლის 23 აგვისტოს მათ საბოლოო ნებართვის მისაღებად განაცხადი შეიტანეს საქალაქო საბჭოში. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად საქალაქო საბჭოს 1 თვის ვადაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება, მან საერთოდ უპასუხოდ დატოვა ძმების განაცხადი. მას შემდეგ, რაც რეგიონულმა სასამართლომ საქალაქო საბჭოს უმოქმედობა უკანონოდ ცნო, საბჭომ მაინც არ გასცა საბოლოო ნებართვა მშენებლობის თაობაზე. არაერთი წარუმატებელი სასამართლო პროცესის შემდეგ, ძმებმა 2010 წლის 13 აპრილს სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.
გვიხარია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება კრივოი-როგში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიიღო. ვლოცულობთ, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შექმნას პრეცედენტი და ჩვენმა და-ძმებმა თავისუფლად შეძლონ იეჰოვას თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობების აშენება ისეთ ქვეყნებში, სადაც მათი უფლებები შეზღუდულია (ფსალმუნი 118:5—9).