არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 4 აგვისტოს ალჩევსკსა და ლუგანსკში ანტიტერორისტული სპეცრაზმი ჯარისკაცებთან და პოლიციელებთან ერთად შეიჭრა შენობაში, სადაც იეჰოვას მოწმეები რელიგიურ შეხვედრას ატარებდნენ და განაცხადა, რომ შენობაში ბომბი იყო განთავსებული

2017 წლის 13 დეკემბერი
უკრაინა

აღმოსავლეთ უკრაინაში რელიგიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება

აღმოსავლეთ უკრაინაში რელიგიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება

აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს კონფლიქტი, რის გამოც ადგილობრივებისთვის ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. კონფლიქტურ ზონაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს მათ მიმართ გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობა. როგორც ჩანს, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთში ახლახან მიღებულმა სასამართლო გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც მთელ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობა აიკრძალა. რუსეთის მსგავსად ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უკანონო მეთოდებით ცდილობს იმ იეჰოვას მოწმეების დადანაშაულებას, რომლებიც მათ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ამგვარად საფრთხეს უქმნის მოწმეების რელიგიის თავისუფლებას.

სამხილების გაყალბება

ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის პროკურორის მსგავსად სამხილებს აყალბებენ, რათა იეჰოვას მოწმეებს ბრალი წაუყენონ.

  • 2017 წლის ივლისში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში დაბეჭდილი ორი სტატია ექსტრემისტული მასალების სიაში შეიტანა. იეჰოვას მოწმეებმა არაფერი იცოდნენ ამ სასამართლო პროცესის შესახებ. მათ ვერ მოიპოვეს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტი და შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ გაასაჩივრეს.

  • 2017 წლის აგვისტოში ნოვოაზოვსკისა და დებალცევოს პროკურატურებმა გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნეს ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს და გააფრთხილეს, რომ შეეწყვიტათ რელიგიური პუბლიკაციების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის გავრცელება შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამგვარად ხელისუფლება იმ რელიგიური პუბლიკაციების გავრცელებასაც კრძალავს, რომლებიც არ არის შეტანილი ექსტრემისტული მასალების სიაში. გარდა ამისა, უფლებამოსილი პირები იმუქრებიან, რომ კრების უხუცესები პასუხს აგებენ, თუ მოწმეები ლიტერატურას გაავრცელებენ. მსგავსი გამაფრთხილებელი წერილი იეჰოვას მოწმეებმა ქალაქ მაკეევკაშიც მიიღეს.

  • 2017 წლის 4 აგვისტოს ალჩევსკსა და ლუგანსკში ანტიტერორისტული სპეცრაზმი ჯარისკაცებთან და პოლიციელებთან ერთად შეიჭრა შენობაში, სადაც იეჰოვას მოწმეები რელიგიურ შეხვედრას ატარებდნენ და განაცხადა, რომ შენობაში ბომბი იყო განთავსებული. მას შემდეგ, რაც ყველა დამსწრეს შენობა დაატოვებინეს, პოლიციელებმა თითოეული მათგანის პირადი დოკუმენტები შეამოწმეს. a

ალჩევსკში რელიგიური შეხვედრის დარბევა

ალჩევსკში პოლიციელებმა ბომბის პოვნის მიზნით შენობის გაჩხრეკისას ვიდეო გადაიღეს. ჩხრეკის დროს მათ იპოვეს იეჰოვას მოწმეების რელიგიური ლიტერატურა. გარდა ამისა, მათ „აღმოაჩინეს“ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის b საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი ბუკლეტები, რომლებიც შენობაში თვითონვე შეიტანეს.

ცრუ ბრალდებები

სამეფო დარბაზში შეჭრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ლუგანსკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე იეჰოვას მოწმეები სახელმწიფოს მტრებად წარმოაჩინეს. 2017 წლის 28 აგვისტოს ლუგანსკის ოლქის უშიშროების მინისტრის მოადგილემ ოლექსანდრე ბასოვმა თავის ოფიციალურ განცხადებაში იეჰოვას მოწმეები საჯაროდ შეურაცხყო. მან ისაუბრა პროპაგანდულ ლიტერატურაზე, რომელიც ალჩევსკის სამეფო დარბაზში პოლიციელებმა შეიტანეს და მოგვიანებით ჩხრეკის დროს „აღმოაჩინეს“. მინისტრის მოადგილეს ამით იმის დამტკიცება სურდა, რომ იეჰოვას მოწმეები იმ დაჯგუფებებს უჭერენ მხარს, რომლებიც ლუგანსკის ტერიტორიაზე ტერორისტებად ითვლებიან.

უკრაინაში იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელი ივან რიჰერი აღნიშნავს: «მინისტრის მოადგილის მიერ ნახსენები ნებისმიერი ლიტერატურა, რომელიც სამეფო დარბაზში „აღმოაჩინეს“, მათივე მიტანილი იყო, ვინც ის იპოვა. შესაძლოა აღნიშნული ლიტერატურა მართლაც გაავრცელეს ალჩევსკში, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვას მოწმეებს მის გავრცელებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მოწმეები პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. ამას ამტკიცებს ასობით იეჰოვას მოწმე, რომლებიც არაერთ ქვეყანაში იხდიან ციხეში სასჯელს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. იეჰოვას მოწმეები უკრაინის კონფლიქტში ჩართულ არცერთ მხარეს არ ემხრობიან». c

წინააღმდეგობა მატულობს

უკრაინის ერთ-ერთ რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლები იეჰოვას მოწმეებს უშლიან სხვებთან თავიანთ რელიგიაზე საუბარს და აფრთხილებენ, რომ აღარ იქადაგონ, თუმცა არცერთი მათგანისთვის პოლიციას ჯერ ბრალი არ წაუყენებია. გარდა ამისა, ბევრი იეჰოვას მოწმე უშიშროების სამსახურში დაიბარეს უფლებამოსილ პირებთან შეხვედრაზე, რომლის დროსაც ისინი დაკითხეს, დააშინეს და მოსთხოვეს, იმ ადამიანების სახელები ეთქვათ, ვინც მათ რელიგიურ საქმიანობას უწევს ორგანიზებას. იყო შემთხვევებიც, როცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაშალეს იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრები.

ბოლო დროს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში იეჰოვას მოწმეების რელიგიური დისკრიმინაციისა და უსამართლო მოპყრობის ფაქტები კიდევ უფრო გახშირდა, რამაც რელიგიური დევნის სახე მიიღო და მათ რელიგიის თავისუფლებას საფრთხე შეუქმნა. იეჰოვას მოწმეები დიდი სიფრთხილით მოქმედებენ და სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ, რათა შეძლონ თავიანთი მშვიდობიანი რელიგიური საქმიანობის შესრულება.

a ალჩევსკში კრების 2 უხუცესი მთელი დღე დაკითხვაზე ჰყავდათ. უხუცესებმა პოლიციელებს უთხრეს, რომ მთელი კონფლიქტის განმავლობაში სამხედრო დაწესებულებასთან ახლოს მდებარე სამეფო დარბაზში დღემდე შეუფერხებლად ატარებდნენ შეხვედრებს. მიუხედავად ამისა, ერთი უხუცესი 5 000 რუბლით (83 აშშ დოლარი) დააჯარიმეს ომიანობის დროს რელიგიური შეხვედრების ორგანიზებისთვის და 3 000 რუბლით (48 აშშ დოლარი) სამეფო დარბაზში სახანძრო სისტემის გაუმართაობის გამო.

b ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა ლუგანსკის ოლქის გარკვეულ ნაწილს აკონტროლებს.

c 2014 წლის ზაფხულში უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო ძალების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე კონფლიქტის საპასუხოდ. ვიტალი შალაიკო, რომელიც ადრე უკრაინის სამხედრო ძალებში ირიცხებოდა, დღეს კი იეჰოვას მოწმეა, სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს, სადაც მან განაცხადა, რომ სინდისის გამო უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე. 2015 წლის 23 ივნისს უკრაინის სპეციალიზებულმა უზენაესმა სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ საქმეებს განიხილავს, დააკმაყოფილა ვიტალი შალაიკოს თხოვნა და სამხედრო მობილიზაციის მიუხედავად სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლა. უკრაინაში ათასობით სხვა იეჰოვას მოწმემაც უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე.