არჩეულ მასალაზე გადასვლა

და ოლენა საკუთარი სახლის წინ, რომელიც აფეთქების შედეგად დაზიანდა. და-ძმებმა დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს მას დახმარება.

2022 წლის 4 ივლისი
უკრაინა

განახლებული ინფორმაცია №10 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

„უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ასეთი გაბედული, სანდო და მზრუნველი უხუცესები გვყავს“

განახლებული ინფორმაცია №10 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

ჩვენი უკრაინელი და-ძმები კვლავაც მხარში უდგანან თანამორწმუნეებს. ისინი თავგანწირულ სიყვარულს ავლენენ ერთმანეთის მიმართ.

6 ივნისს ერთი ჩვენი 81 წლის დის, ოლენას, სახლთან ახლოს ბომბი აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი მეზობლის სახლი მთლიანად დაინგრა და ადგილზე შვიდმეტრიანი ჩაღრმავება წარმოიქმნა. ოლენას სახლიც სერიოზულად დაზიანდა.

ის ამბობს: „მეძინა, როცა სახლის კედლის ნანგრევები ჩემს თავთან დაეცა. ოთახში ბუღი დადგა. ყველგან შუშის ნამსხვრევები და ნანგრევები იყო. იეჰოვას მადლობას ვუხდიდი, რომ ცოცხალი გადავრჩი“. და-ძმები რამდენიმე წუთში გაჩნდნენ ოლენას სახლთან. მათ შორის იყო ერთი ძმა, რომელსაც თავადაც დაუზიანდა სახლი აფეთქების დროს. ოლენა იხსენებს: „და-ძმების დანახვამ ძალიან გამამხნევა. ისეთი შეშინებულები იყვნენ, რომ ხმას ვერ იღებდნენ. მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, რომ ჩემ გვერდით იყვნენ“.

ოლენას კრების უხუცესი სერჰი ხშირად ინახულებს მას კრების ახალგაზრდებთან ერთად. ის ამბობს: „როცა მომხდარის შესახებ გავიგე, ძალიან შევშინდი და ავღელდი. მხოლოდ მას შემდეგ დავმშვიდდი, როცა დავინახე, რომ ოლენა სერიოზულად არ იყო დაშავებული და მხოლოდ პატარა ნაკაწრები ჰქონდა. იცით საოცარი რა იყო: პირველი, რაც ოლენამ გვთხოვა, ის იყო, რომ სახლიდან რამდენიმე დღის წინ მიღებული პუბლიკაციები გამოგვეტანა“.

საბედნიეროდ, ნათესავების დამსახურებით ოლენა უსახლკაროდ არ დარჩენილა. კრება კვლავაც უწევს მას პრაქტიკულ დახმარებას და უხუცესები ყოველდღიურად ეკონტაქტებიან მას. და-ძმებმა მას სასმენი აპარატიც უყიდეს, რომ კრების შეხვედრებს კარგად მოუსმინოს. ოლენა ამბობს: „ხანდახან თავს უსუსურად ვგრძნობ, მაგრამ კრების შეხვედრები ძალას მმატებს. თანაქრისტიანებიც ხშირად მეხმიანებიან, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ“.

ერთი წყვილი 200 მაუწყებელთან ერთად აფარებდა თავს ჩვენი დარბაზის სარდაფს. ცოლი ასე გამოხატავს თავის გრძნობებს: „გაოგნებული ვიყავი, როგორ ზრუნავდნენ ჩვენი მოსიყვარულე უხუცესები და-ძმებზე. მათ რომ ვუყურებდი, დავითი მახსენდებოდა, რომელიც ცხვრის დასაცავად არც ლომს უშინდებოდა და არც დათვს. ისინი ყოველდღე სიკვდილს უყურებდნენ თვალებში, ჩვენთვის საჭმელი, წყალი და ნავთი რომ მოეტანათ. ამის წყალობით შუქი გვქონდა და კრებისა და სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს ვატარებდით. ძლიერი დაბომბვის დროსაც კი, უხუცესები რეგულარულად ინახულებდნენ იმ და-ძმებს, რომლებიც თავიანთ სახლებში დარჩნენ. მათთვის საკვები და წყალი მიჰქონდათ და ამხნევებდნენ თითოეულ მათგანს. უდიდესი პატივისცემით ვარ განმსჭვალული ამ უხუცესების მიმართ. ამ დრომდე ისინი ჩემთვის უბრალოდ კარგი მასწავლებლები და მქადაგებლები იყვნენ, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ისინი ნამდვილი მწყემსები არიან. უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ასეთი გაბედული, სანდო და მზრუნველი უხუცესები გვყავს“.

ერთი კრებიდან მაუწყებლებმა უკრაინის ფილიალში სამადლობელი წერილი გაგზავნეს. აი რას წერდნენ ისინი: «გვინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ იმ ყველაფრისთვის, რასაც და-ძმები დაზარალებულთა დასახმარებლად აკეთებენ. გაოცებულები ვართ, როგორ ზრუნავს იეჰოვა მათი მეშვეობით ჩვენზე. აშკარად დავინახეთ იესოს სიტყვების ჭეშმარიტება: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“» (იოანე 13:35).

ქვემოთ მოცემულია 2022 წლის 21 ივნისის მონაცემები, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი და-ძმების მიერაა მოწოდებული. თუმცა ციფრები შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მცხოვრებ და-ძმებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

დაზარალებული და-ძმები

  • დაიღუპა 42 და-ძმა.

  • დაშავდა 83 მაუწყებელი.

  • 31 185 მაუწყებელს მოუწია ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გაქცევა.

  • მთლიანად დაინგრა 495 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 557 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 1 429 სახლი.

  • მთლიანად დაინგრა 5 დარბაზი.

  • სერიოზულად დაზიანდა 8 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა 34 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • უკრაინის მასშტაბით 27 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს და-ძმებზე.

  • კომიტეტები 52 348 მაუწყებელს დაეხმარნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.

  • ქვეყანა დატოვა 23 433-მა მაუწყებელმა, რომელთაც ჩვენმა და-ძმებმა აღმოუჩინეს დახმარება.