2022 წლის 12 აგვისტო
უკრაინა
განახლებული ინფორმაცია №12 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან
„მოწაფეების მომზადების საქმეს ომიც კი ვერ აჩერებს“
23—31 ივლისს წლევანდელ რეგიონულ კონგრესზე „ესწრაფეთ მშვიდობას“ უკრაინაში მცხოვრები თუ ქვეყნიდან გაქცეული მაუწყებლების ნათლობა გაიმართა. 2 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინაში მონათლულთა რიცხვმა 1 113 შეადგინა. ერთმა ძმამ ასეთი რამ თქვა: „მოწაფეების მომზადების საქმეს ომიც კი ვერ აჩერებს. იესოც ხომ ამას დაგვპირდა, ყოველდღე თქვენთან ვიქნებიო“ (მათე 28:20).
გვინდა, რამდენიმე სასიხარულო ინფორმაცია გაგიზიაროთ.
მონათლულებს შორის იყო ერთი 63 წლის და, სახელად ნატალია, რომელიც კრემინიდანაა (ლუჰანსკის ოლქი). თავის ორ ქალიშვილთან ერთად მან იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა 1990-იან წლებში დაიწყო. შედეგად, მისი ქალიშვილები მოინათლნენ, მაგრამ ნატალია — არა. ომი რომ დაიწყო, იეჰოვას მოწმეების ერთმა ოჯახმა ნატალია თავისთან ერთად წაიყვანა უსაფრთხო ადგილას. მათ ივანო-ფრანკივსკში იეჰოვას მოწმეთა დარბაზს შეაფარეს თავი.
ნატალია აღნიშნავს: «იმდენი საშინელება ვნახე, რომ საერთოდ დამავიწყდა, რა იყო ღიმილი. თუმცა და-ძმებმა უდიდესი სიყვარული გამოავლინეს ჩემ მიმართ. ასეთ მზრუნველობას ნამდვილად არ ველოდი. იეჰოვას სიყვარული გულში თავიდან ამიგიზგიზდა და ბიბლიას ხელიდან არ ვუშვებდი. ერთმა დამ ახალი სახელმძღვანელოთი, „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად“, ბიბლიის შესწავლის დაწყება შემომთავაზა. ეს დაიკო ჩემთვის იეჰოვას საჩუქარი აღმოჩნდა. ახლა უკვე მონათლული და ვარ და ეს ფაქტი უზომოდ მაბედნიერებს. მინდა, მთელი ცხოვრება უდიდესი მცნების თანახმად ვიცხოვრო და მიყვარდეს იეჰოვა, ჩემი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით» (მათე 22:37).
ოლია, რომელიც ჩერკასიდანაა, ომის დაწყებამდე გახდა მოუნათლავი მაუწყებელი. 6 მარტს ის თავის ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად პოლონეთში გაიქცა. ის იხსენებს: „პოლონეთში რომ ჩავედით, თან მხოლოდ ზურგჩანთები გვქონდა, თუმცა და-ძმებმა ყველაფრით უზრუნველგვყვეს. იმან, რაც ჩემი თვალით ვნახე, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, როგორი ერთიანობით გამოირჩევა იეჰოვას ორგანიზაცია და რომ მას იეჰოვა თავისი სულით მიუძღვის. ამ ყოველივემ უფრო განმიმტკიცა იმის სურვილი, რომ იეჰოვასთვის მიმეძღვნა თავი. იეჰოვა ჩემი ცხოვრების ყველაზე შავბნელ მომენტებში ამომიდგა მხარში და მინდა, მადლიერების ნიშნად მთელი ცხოვრება მის მსახურებას მივუძღვნა“.
კიდევ ერთი და, 18 წლის იულია, რომელიც დონეცკის ოლქიდანაა, იეჰოვას მოწმეების ოჯახში იზრდებოდა, თუმცა ნათლობის სურვილი ამ დრომდე არ გასჩენია. ის იხსენებს, რა გადახდა თავს მალევე, რაც ომი დაიწყო: „ძირს ვიწექი და ვხვდებოდი, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება გამოვსალმებოდი სიცოცხლეს. ჩვენს ქუჩაზე ყველაფერი მიწასთან იყო გასწორებული, თუმცა ჩვენ როგორღაც გადავრჩით. იმ პერიოდში გამუდმებით ვლოცულობდი და ვფიქრობდი იეჰოვას თვისებებზე. ამან ძალიან დამაახლოვა მასთან და მივხვდი, რომ ნამდვილად მსურდა, მისთვის თავი მიმეძღვნა. იეჰოვა გამუდმებით პასუხობდა ჩემს ლოცვებს და მაგრძნობინებდა, რომ ჩემ გვერდით იყო. აქამდეც კი ვიცნობდი იეჰოვას, მაგრამ ახლა მთელი გულით შემიყვარდა“. იულია 24 ივლისს მოინათლა.
ომის დაწყების შემდეგ 11 წლის დავიდი თავის ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. ის 9 წლის იყო, როცა მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. მას დიდი სულიერი მიზნები აქვს დასახული. დავიდი ამბობს: „ძალიან მიყვარს იეჰოვა და მინდა, მას დავუმეგობრდე, ამიტომაც გადავწყვიტე მონათვლა. ისე მიხაროდა, იეჰოვას ოჯახის წევრი რომ გავხდი, ნათლობის დროს ტირილი ვერ შევიკავე. ძალიან მიყვარს სხვებთან იეჰოვასა და მის განზრახვებზე საუბარი. ასე რომ, ჩემი შემდეგი მიზანი პიონერად მსახურების დაწყებაა. მინდა, კრებაშიც მოვემსახურო და-ძმებს და იმედი მაქვს, ერთ დღეს მომსახურეც გავხდები. კიდევ ერთი მიზანი, რასაც მინდა მივაღწიო, ბეთელში მსახურებაა. ამის სურვილი 2018 წელს გამიჩნდა, როცა პირველად ვესტუმრეთ ლვოვში ბეთელს“.
მარინა, რომელიც კიევიდანაა, 2011 წელს გახდა მოუნათლავი მაუწყებელი, თუმცა ათი წლის მანძილზე არააქტიური იყო. 2020 წელს მას კრების უხუცესები შეეხმიანენ და გადასცეს ბროშურა „დაუბრუნდი იეჰოვას“. ის იხსენებს: «ამის შემდეგ განვაახლე ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება. თუმცა რაღაც დროის შემდეგ ისევ შევწყვიტე. ომის დროს აშკარად დავინახე, როგორ პასუხობდა იეჰოვა ჩემს ლოცვებს, როგორ მიწევდა მფარველობას და როგორ ავლენდა ჩემ მიმართ სიყვარულს და შინაგან სიმშვიდეს მგვრიდა. მე რუმინეთში მომიწია გაქცევა. იქ მოწმეები მოვძებნე, რომელთაც დიდი დახმარება აღმომიჩინეს. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ამ მოსიყვარულე და მზრუნველი და-ძმების მეშვეობით იეჰოვამ ჩამიკრა გულში“. მარინა 23 ივლისს მოინათლა. ის დასძენს: „უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, ასეთი მომთმენი რომ იყო ჩემ მიმართ. ახლა ზუსტად ვიცი, რომ „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“» (ფილიპელები 4:13).
ქვემოთ მოცემულია 2022 წლის 2 აგვისტოს მონაცემები, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი და-ძმების მიერაა მოწოდებული. თუმცა ციფრები შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მცხოვრებ და-ძმებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
დაზარალებული და-ძმები
დაიღუპა 43 და-ძმა.
დაშავდა 97 მაუწყებელი.
22 568 მაუწყებელს მოუწია ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გაქცევა.
მთლიანად დაინგრა 586 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 613 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 1 632 სახლი.
მთლიანად დაინგრა 5 დარბაზი.
სერიოზულად დაზიანდა 10 დარბაზი.
მსუბუქად დაზიანდა 37 დარბაზი.
დაზარალებულთა დახმარება
უკრაინის მასშტაბით 27 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს და-ძმებზე.
კომიტეტები 53 836 მაუწყებელს დაეხმარნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.
ქვეყანა დატოვა 24 867-მა მაუწყებელმა, რომელთაც ჩვენმა და-ძმებმა აღმოუჩინეს დახმარება.