არჩეულ მასალაზე გადასვლა

ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა ხელს არ უშლის ჩვენს და-ძმებს, რომ კრების შეხვედრები ჩაატარონ. მარცხნივ: სარაიონო ზედამხედველი ერთ პატარა ჯგუფს ინახულებს; მარჯვნივ ზემოთ: უშუქობის მიუხედავად, კრების შეხვედრა მაინც ტარდება; მარჯვნივ ქვემოთ: ოჯახი ზუმის მეშვეობით უსმენს შეხვედრას.

2022 წლის 20 დეკემბერი
უკრაინა

განახლებული ინფორმაცია №14 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

განახლებული ინფორმაცია №14 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

ხშირი გამანადგურებელი იერიშის გამო უკრაინაში, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებული ან ძლიერ დაზიანებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენი და-ძმები არ წყვეტენ კრების შეხვედრებზე დასწრებას და კვლავაც მონაწილეობენ სხვა თეოკრატიულ ღონისძიებებში. ამას ისიც ემატება, რომ ხშირად მათ ელექტროენერგია არა აქვთ.

უშუქობის მიუხედავად, დები ზუმის მეშვეობით უსმენენ შეხვედრას.

კიევიდან ორი პიონერი და, ანასტასია და დებორა, გვიყვებიან, რომ დღეში მინიმუმ 12 საათი ელექტროენერგიის გარეშე არიან. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, მაშინვე ტენიან თავიანთ ელექტრონულ მოწყობილობებს და მობილური ინტერნეტის მეშვეობით კრების შეხვედრებს ერთვებიან. აღსანიშნავია, რომ ხშირად, როცა კრების შეხვედრა მთავრდება, სწორედ მაშინ ითიშება ინტერნეტიც.

კიდევ ერთი სირთულე ისაა, რომ ელექტროენერგიის უქონლობის გამო და-ძმებს გათბობაც არა აქვთ. ძმები ზოგჯერ გარე გენერატორებს იყენებენ, რომ ელექტროენერგია და გათბობა ჰქონდეთ. ზოგიც იმ ნათესავებთან მიდის, ვისაც სახლში გათბობა აქვს. ზოგს კი უბრალოდ სიცივის ატანა უწევს. საბედნიეროდ, ბევრი და-ძმა სახლს გაზით ათბობს და არ არის დამოკიდებული ელექტროენერგიაზე.

ერთი პიონერი და, ირინა, რომელიც ივანო-ფრანკივსკში მსახურობს, ცდილობს, პოზიტიური განწყობა არ დაკარგოს. აი, რას ამბობს ის: „გადავწყვიტე, იმაზე არ ვიფიქრო, რისი გამოსწორების ძალაც არ შემწევს და ვცდილობ, ის ერთი საათი, როცა ელექტროენერგია მოდის, გონივრულად გამოვიყენო. იმაზეც ვფიქრობ ხოლმე, რა შემიძლია გავაკეთო უშუქობის დროს და ყურადღებით ვამოწმებ, გადმოწერილი მაქვს თუ არა საჭირო პუბლიკაციები“.

არაერთი სირთულის მიუხედავად, ჩვენი უკრაინელი და-ძმები ცდილობენ, მაქსიმალურად დაკავდნენ იეჰოვას მსახურებით. გვჯერა, ჩვენი ღმერთი კვლავაც დააჯილდოებს მათ ძალისხმევას (გალატელები 6:9).

ქვემოთ მოცემულია 2022 წლის 6 დეკემბრის მონაცემები, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი და-ძმების მიერაა მოწოდებული. თუმცა ციფრები შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მცხოვრებ და-ძმებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

დაზარალებული და-ძმები

  • დაიღუპა 47 და-ძმა.

  • დაშავდა 97 მაუწყებელი.

  • 11 537 მაუწყებელს მოუწია ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გაქცევა.

  • მთლიანად დაინგრა 590 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 645 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 1 722 სახლი.

  • მთლიანად დაინგრა 7 დარბაზი.

  • სერიოზულად დაზიანდა 19 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა 68 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • უკრაინის მასშტაბით 27 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს და-ძმებზე.

  • კომიტეტები 54 212 მაუწყებელს დაეხმარნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.

  • ქვეყანა დატოვა 26 811-მა მაუწყებელმა, რომელთაც ჩვენმა და-ძმებმა აღმოუჩინეს დახმარება.