არჩეულ მასალაზე გადასვლა

უსაფრთხო ტერიტორიებზე დაზიანებული სახლების აღდგენის პროცესი

2022 წლის 29 დეკემბერი
უკრაინა

განახლებული ინფორმაცია №15 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

განახლებული ინფორმაცია №15 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეების დაახლოებით 3 000 სახლი დაზიანდა ან მთლიანად დაინგრა. აგვისტოში დაზარალებულთა დახმარების კომიტეტისა და ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილების ხელმძღვანელობით ძმებმა უსაფრთხო ტერიტორიებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს. მათ შეაკეთეს დაზიანებული სახურავები, ფანჯრები და სხვადასხვა ადგილები. იმ შემთხვევაში, თუ სახლი მთლიანად იყო დანგრეული, ძმები ფარეხში ან ფარდულში აწყობდნენ საცხოვრებელს. ამ დროისთვის 37 სამშენებლო პროექტია დასრულებული, 48 კი განხორციელების პროცესშია.

საომარი სიტუაციის გამო სახლების შეკეთება იოლი ნამდვილად არ არის. თუმცა დაზარალებული თანაქრისტიანების დასახმარებლად ძმები უკან არ იხევენ. 70 წლის და სვიტლანა, რომელიც ველიკა დიმერკაში (კიევის ოლქი) ცხოვრობს, ამბობს: „საშუალება არ მქონდა, რომ სახლის სახურავი და ფასადი შემეკეთებინა. ძმებმა კი სამ დღეში ყველაფერი გამიკეთეს. ეს იეჰოვასგან დიდი საჩუქარი იყო“.

ჰორენკაში (კიევის ოლქი) მცხოვრები და, ნადია, აღნიშნავს: „ის, რაც ძმებმა გააკეთეს, სხვებისთვისაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ჩემთვის უცნობი ადამიანებიც კი იეჰოვას მოწმეებს შორის არსებულ ნამდვილ სიყვარულზე საუბრობენ. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ თანამორწმუნეები ჩემ დასახმარებლად მოვიდოდნენ“.

ისინიც კი, ვინც სახლი დაკარგა, მზად არიან, თანამორწმუნეებს მხარში ამოუდგნენ. მათ შორის არიან ევჰენი და ტატიანა. მათ სახლს რაკეტა დაეცა და მთლიანად გაანადგურა. თუმცა დანაკარგზე ზედმეტი ფიქრის ნაცვლად, მათ მთელი ყურადღება სხვების დახმარებაზე გადაიტანეს. ევჰენი ამბობს: „ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის სხვების დახმარება იყო. როცა სხვებს ვეხმარებით საკუთარი გაჭირვება და პრობლემები გვავიწყდება“.

მარცხნივ: დაზიანებული სახლი; მარჯვნივ: იგივე სახლი აღდგენის შემდეგ (ველიკა დიმერკა, კიევის ოლქი)

ძმებმა გოსტომელში (კიევის ოლქი) მცხოვრები ერთი დის, ლიდიას, სახლი შეაკეთეს, რის შემდეგაც მასაც გაუჩნდა სურვილი, სხვებს დახმარებოდა. ლიდია აღნიშნავს: „ორი კვირის განმავლობაში ჩემი სახლის აღდგენაზე 16 და-ძმა მუშაობდა. თავი უკვე ახალ ქვეყნიერებაში მეგონა. მეც გამიჩნდა სურვილი, სხვებს დავხმარებოდი“.

ახლახან უკრაინის ფილიალის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ის ადგილები მოინახულა, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და გაამხნევა დაზარალებული და-ძმები. ის ამბობს: «უკრაინელი და-ძმები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ერთმანეთისადმი სიყვარულით, თუმცა ამ ომმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. სასიხარულოა იმის დანახვა, რომ გაწეული დახმარება უამრავ და-ძმას აღძრავს, უფრო მეტად დაიხარჯონ მსახურებაში და მადლობა შესწირონ ღმერთს (2 კორინთელები 9:12).

ქვემოთ მოცემულია 2022 წლის 20 დეკემბრის მონაცემები, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი და-ძმების მიერაა მოწოდებული. თუმცა ციფრები შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მცხოვრებ და-ძმებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

დაზარალებული და-ძმები

  • დაიღუპა 47 და-ძმა.

  • დაშავდა 97 მაუწყებელი.

  • 11 477 მაუწყებელს მოუწია ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გაქცევა.

  • მთლიანად დაინგრა 590 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 645 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 1 722 სახლი.

  • მთლიანად დაინგრა 7 დარბაზი.

  • სერიოზულად დაზიანდა 19 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა 68 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • უკრაინის მასშტაბით 26 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს და-ძმებზე.

  • კომიტეტები 54 212 მაუწყებელს დაეხმარნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.

  • ქვეყანა დატოვა 26 892-მა მაუწყებელმა, რომელთაც ჩვენმა და-ძმებმა აღმოუჩინეს დახმარება.