2022 წლის 13 აპრილი
უკრაინა
განახლებული ინფორმაცია №6 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან
სამწუხაროდ, უკრაინაში კიდევ ემსხვერპლნენ ომს ჩვენი და-ძმები. მთლიანობაში დაღუპულია 28 იეჰოვას მოწმე.
როგორც ახალი ამბებიდანაც ვიცით, ომის პირველ კვირებში კიევთან ახლომდებარე ქალაქებმა ძლიერი დარტყმები განიცადეს. ამ ტერიტორიებზე მცხოვრები დაახლოებით 4 900 მაუწყებლიდან 3 500-ზე მეტმა შეძლო შედარებით უსაფრთხო ადგილებში გაქცევა.
ქვემოთ მოცემული შემთხვევებიდან გაიგებთ, როგორ ინარჩუნებენ ჩვენი და-ძმები მტკიცე რწმენას უმძიმესი განსაცდელების პირისპირ.
ერთმა უხუცესმა, ოლექსანდრმა, რომელიც ქალაქ მაკაროვიდანაა, მოახერხა უკრაინის ცენტრალურ ნაწილში გაქცევა. თუმცა ძალიან განიცდიდა ოთხი მაუწყებლის მდგომარეობას მისი სამქადაგებლო ჯგუფიდან, რადგან ვერ უკავშირდებოდა მათ. ამიტომ გადაწყვიტა, მათ მოსაძებნად ცხელ წერტილში დაბრუნებულიყო. ის გვიყვება: „მესმის, რომ იეჰოვასთვის მისი თაყვანისმცემლები ძალიან ძვირფასები არიან ... როცა ერთ-ერთი მაუწყებლის ეზოში შევედი, დავინახე, რომ იქაურობა დაებომბათ. სარდაფის კარი ჩაკეტილი იყო და არც ძახილზე მპასუხობდა ვინმე, რამაც ძალიან შემაშინა“. ამის შემდეგ ოლექსანდრმა შეამტვრია სარდაფის კარი, სადაც რამდენიმე ადამიანი აღმოაჩინა, რომლებიც შეშინებულები იყურებოდნენ. მათ შორის იყვნენ როგორც ჩვენი და-ძმები, ისე მათი მეზობლები.
სარდაფში მყოფმა ერთმა ჩვენმა ძმამ, იაროსლავმა, თქვა, რომ უკვე რვა დღე იყო, რაც იქ იმალებოდნენ. მან მოჰყვა, როგორ სიტუაციაში იმყოფებოდნენ ეს დღეები: „ძალიან ცოტა ორცხობილა გვქონდა, წყალიც — იმდენი, რომ კაცს დღეში თითო ჭიქა დაგველია. თუმცა ბიბლიას და პუბლიკაციებს ყოველდღე ვკითხულობდით, ვლოცულობდით და ვამხნევებდით ერთმანეთს. როცა გავიგე, რომ ვიღაც ჩემ სახელს იძახდა, მეგონა, ჯარისკაცები იყვნენ მოსული ჩემ წასაყვანად. ვიფიქრე, ყველაფერი დასრულდა-მეთქი ... არადა სულ პირიქით მოხდა. ოლექსანდრმა სიკვდილისგან გვიხსნა. ძალიან მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომ ასეთი მოსიყვარულე და-ძმები გვყავს. ისინი ლოცულობენ ჩვენთვის და საკუთარ სიცოცხლესაც კი იგდებენ საფრთხეში“.
ერთმა ჩვენმა ძმამ, ფილიპმა სხვა ძმასთან ერთად გადაწყვიტა, ბოროდიანკაში დარჩენილი და-ძმებისთვის საჭმელი მიეტანა. 17 მარტს ქალაქისკენ მიმავალ ფილიპს სამხედროებმა მანქანა და საკვები ჩამოართვეს. ორივე ძმა დააკავეს, ხელბორკილები დაადეს, თვალები აუხვიეს და პატარა სარდაფში ჩაიყვანეს, სადაც მათ გარდა კიდევ 7 მამაკაცი იმყოფებოდა. ორი დღის შემდეგ ისინი საკანში გადაიყვანეს, სადაც ღამით მცველები მათ არაერთხელ გაუსწორდნენ ფიზიკურად. ფილიპი ამბობს: „მეგონა, ვერ გადავრჩებოდი. ვლოცულობდი და იეჰოვას ვთხოვდი, ერთგულება შემენარჩუნებინა“.
ცემის მომენტში ფილიპმა ხმამაღლა დაიწყო ლოცვა ჩვენი ხანდაზმული დებისთვის, რომლებიც ულუკმაპუროდ იყვნენ დარჩენილი. მან თავისი ოჯახის უსაფრთხოებაზეც ილოცა და მადლობა გადაუხადა იეჰოვას იმ ბედნიერი წლებისთვის, რომელიც მის მსახურებაში გაატარა. მცველმა ის საკანში დააბრუნა, სადაც ფილიპმა განაგრძო ლოცვა და იეჰოვას შესთხოვა, ჯარისკაცები მიმხვდარიყვნენ, რომ ისინი არავისთვის წარმოადგენდნენ საფრთხეს. ორივე ძმამ ორი დღის განმავლობაში ყველა იმ მცველს უქადაგა, ვისი ცვლაც იყო. ამასობაში მათთან ერთად დაპატიმრებული ერთი კაცი დაინტერესდა ბიბლიური ცნობით. მან მადლობაც გადაუხადა ძმებს. 27 მარტს ძმები და ეს მამაკაცი გაათავისუფლეს.
ერთი ჩვენი და სვიტლანა, რომელიც მარტოხელა დედაა, ორი კვირის მანძილზე ვერ ახერხებდა ბუჩიდან გამოსვლას. ის გვიყვება: „ახლა როგორც არასდროს, ისე დავინახე იეჰოვასგან მომდინარე მშვიდობის ფასი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, თუმცა საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი. მივხვდი, რომ ასეთ სიტუაციებში უფრო ენდობი ადამიანი იეჰოვას“.
საბოლოოდ სვიტლანამ გამოაღწია ბუჩიდან. გზაში მან ერთ ქალს და მის ძმისშვილს უქადაგა. ისინი ერთად მივიდნენ უსაფრთხო ადგილამდე, სადაც მათ მოწმეების ოჯახი დახვდა. სვიტლანამაც და მისმა თანამგზავრებმაც მათთან გაათენეს ღამე. მეორე დღეს ქალმა კრებაზე დასწრების სურვილი გამოთქვა და ბიბლია და ჩვენი პუბლიკაციები ითხოვა. სვიტლანა არ წყვეტს მასთან კონტაქტს.
ქვემოთ მოცემულია 2022 წლის 12 აპრილის მონაცემები, რომელიც ჩვენი ადგილობრივი და-ძმების მიერაა მოწოდებული. თუმცა ციფრები შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მცხოვრებ და-ძმებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
დაზარალებული და-ძმები
დაიღუპა 28 და-ძმა.
დაშავდა 48 მაუწყებელი.
40 778 მაუწყებელს მოუწია ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გაქცევა.
მთლიანად დაინგრა 278 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 268 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 746 სახლი.
მთლიანად დაინგრა 1 დარბაზი.
სერიოზულად დაზიანდა 9 დარბაზი.
მსუბუქად დაზიანდა 26 დარბაზი.
დაზარალებულთა დახმარება
უკრაინის მასშტაბით 27 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს და-ძმებზე.
კომიტეტები 41 974 მაუწყებელს დაეხმარნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.
ქვეყანა დატოვა 18 097-მა მაუწყებელმა, რომელთაც ჩვენმა და-ძმებმა აღმოუჩინეს დახმარება.