არჩეულ მასალაზე გადასვლა

ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო დარბაზში, რომელსაც დაახლოებით 60 და-ძმა აფარებს თავს

2022 წლის 29 აპრილი
უკრაინა

განახლებული ინფორმაცია №7 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 210 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

განახლებული ინფორმაცია №7 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

გვახარებს, რომ იეჰოვას დახმარებით ჩვენმა უკრაინელმა და-ძმებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლეს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა. მათ, ვინც აღმოსავლეთ უკრაინაში დარბაზებში შეაფარეს თავი, იქვე აღნიშნეს ეს საღამო. ძმებმა, ძირითადად, პატარ-პატარა ჯგუფებად ჩაატარეს შეხვედრა, თუმცა მათ, ვინც ადგილზე ვერ ახერხებდა დასწრებას, შესაძლებლობა ჰქონდათ, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მოესმინათ პროგრამა.

ხარკოვში და-ძმები სარდაფში აღნიშნავენ გახსენების საღამოს.

ქვეყანაში გახსენების საღამოს დღეს ბევრგან ისმოდა განგაშის სიგნალის ხმა, თუმცა საღამოს შეწყდა. სერჰი, რომელიც დრუჟკივკიდანაა (დონეცკის ოლქი), ამბობს: „ვლოცულობდით, რომ დაბომბვის გამო ხელი არ შეგვშლოდა. შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაბომბვაც შეწყდა და განგაშის სიგნალის ხმაც“.

კიევთან ახლოს ნემეშაევოში მცხოვრები ხანდაზმული და სუსტი ჯანმრთელობის მაუწყებლები თვეზე მეტხანს ვერ ახერხებდნენ შეხვედრებზე დასწრებას. ისინი ლოცულობდნენ, რომ გახსენების საღამოს მაინც დასწრებოდნენ. ერთმა უხუცესმა, ვიტალიმ, იზრუნა, რომ მათაც აღენიშნათ ეს საღამო. ის ამბობს: „შეხვედრა ფანრის შუქზე ჩავატარეთ, რადგან შუქი არ იყო. არც გათბობა და არც მუსიკა გვქონდა, ამიტომ ჩემმა გოგომ ვიოლინოზე დაუკრა, რომ გვემღერა“.

ერთი უხუცესი, ოლექსანდრე, რომელიც ცხელ წერტილში ცხოვრობს, აღნიშნავს: „გახსენების საღამოს კამპანიის დროს ვერავისთვის ვერ შევძელით წერილების მიწერა, რადგან ჩვენი კრების ტერიტორია დაბომბილი იყო, სახლები კი მიტოვებული. სამაგიეროდ ისინი დავპატიჟეთ, ვინც სარდაფებში გავიცანით და ვისთან ერთადაც მოგვიწია ევაკუაცია. ბევრი მათგანი აქამდე არასდროს უსმენდა იეჰოვას მოწმეებს, ახლა კი ჩვენთან ერთად აღნიშნეს ეს საღამო“.

ერთმა წყვილმა გახსენების საღამო სანთლის შუქზე აღნიშნა. ტელეფონი მათ მეზობელ სოფელში გენერატორის მეშვეობით დატენეს.

არსებული მონაცემებით, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 210 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. თუმცა აღსანიშნავია, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო ყველა კრების მონაცემები არ გვაქვს.

გახსენების საღამოს შემდეგ ერთმა ძმამ ასე გამოხატა თავისი გრძნობები: „როდესაც მეზღვაური შუქურას ხედავს, ხვდება, რომ ნაპირს უახლოვდება. წლევანდელმა გახსენების საღამომ მეც დამარწმუნა, რომ იეჰოვას დღე ახლოსაა და რწმენა განმიმტკიცა“.

ქვემოთ მოცემულია 2022 წლის 21 აპრილის მონაცემები, რომელიც ჩვენი ადგილობრივი და-ძმების მიერაა მოწოდებული. თუმცა ციფრები შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მცხოვრებ და-ძმებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

დაზარალებული და-ძმები

  • დაიღუპა 35 და-ძმა.

  • დაშავდა 60 მაუწყებელი.

  • 43 792 მაუწყებელს მოუწია ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გაქცევა.

  • მთლიანად დაინგრა 374 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 347 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 874 სახლი.

  • მთლიანად დაინგრა 1 დარბაზი.

  • სერიოზულად დაზიანდა 10 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა 27 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • უკრაინის მასშტაბით 27 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს და-ძმებზე.

  • კომიტეტები 44 971 მაუწყებელს დაეხმარნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.

  • ქვეყანა დატოვა 19 961-მა მაუწყებელმა, რომელთაც ჩვენმა და-ძმებმა აღმოუჩინეს დახმარება.