2022 წლის 23 მაისი
უკრაინა
განახლებული ინფორმაცია №8 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან
ომის პერიოდში უხუცესები სულ უფრო მეტად ცდილობენ და-ძმების გამხნევებას
უკრაინაში კვლავ ურთულესი მდგომარეობაა. ქვეყნის ფილიალი ზრუნავს, რომ უფრო მეტი ინტენსივობით ჩატარდეს გამამხნევებელი შეხვედრები და-ძმებთან. უხუცესები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ გაამხნეონ ათასობით იძულებით გადაადგილებული მაუწყებელი მთელ უკრაინაში. ამგვარი შეხვედრები, რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს და-ძმებზე. ფილიალის კომიტეტის ერთმა წევრმა მოინახულა დევნილი და-ძმები დასავლეთ უკრაინაში, მათ შორის ქალაქ უჟგოროდში. ამ შეხვედრის შემდეგ ერთმა დამ, რომელიც 30 მაუწყებელთან ერთად დროებით ჩვენს დარბაზში ცხოვრობს, ასე გამოხატა თავისი გრძნობები: „თავი ისე ვიგრძენი, თითქოს იეჰოვამ ამიყვანა ხელში და გულში ჩამიკრა“.
ასეთი გამამხნევებელი შეხვედრები 27 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის დაახლოებით 100 წევრთანაც ეწყობა. ერთ-ერთი მათგანი, იგორი, აღნიშნავს: „კომიტეტში მსახურება რომ დამევალა, იმ დროისთვის მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ბინიდან გამოქცეულები ვიყავით და ერთ სახლს ვაფარებდით თავს. რაღაც მომენტში აბსოლუტურად გამოგვეცალა ძალა. სწორედ იმ პერიოდში მოგვინახულა ფილიალის კომიტეტის ერთმა წევრმა. მან გულდასმით მოგვისმინა და გვაგრძნობინა, რომ გულწრფელად იყო დაინტერესებული ჩვენი მდგომარეობით. იმანაც ძალიან გაგვამხნევა, რომ თავისი გრაფიკის მიუხედავად ჩვენთვისაც გამონახა დრო. როცა მდგომარეობის გამოსწორება არ შეგიძლია და გამოსავალს ვერსად ხედავ, თავი ძალიან უსუსური გგონია. თუმცა ამ დროს იეჰოვას სთხოვ ხელმძღვანელობას და მის მხარდაჭერასაც მაშინვე გრძნობ“.
რაც შეეხება ჩვენს დარბაზებს, 4 მთლიანად დაინგრა, 8 სერიოზულად დაზიანდა, 33 კი — მსუბუქად.
ქვემოთ მოცემულია 2022 წლის 17 მაისის მონაცემები, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი და-ძმების მიერაა მოწოდებული. თუმცა ციფრები შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მცხოვრებ და-ძმებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
დაზარალებული და-ძმები
დაიღუპა 37 და-ძმა.
დაშავდა 74 მაუწყებელი.
45 253 მაუწყებელს მოუწია ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გაქცევა.
მთლიანად დაინგრა 418 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 466 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 1 213 სახლი.
მთლიანად დაინგრა 4 დარბაზი.
სერიოზულად დაზიანდა 8 დარბაზი.
მსუბუქად დაზიანდა 33 დარბაზი.
დაზარალებულთა დახმარება
უკრაინის მასშტაბით 27 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს და-ძმებზე.
კომიტეტები 48 806 მაუწყებელს დაეხმარნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.
ქვეყანა დატოვა 21 786-მა მაუწყებელმა, რომელთაც ჩვენმა და-ძმებმა აღმოუჩინეს დახმარება.