2018 წლის 9 ნოემბერი
უკრაინა
გასაოცარი სტუმართმოყვარეობა და ერთიანობა სპეციალურ კონგრესზე უკრაინაში
უკრაინაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიხარულით შეეგებნენ სპეციალურ კონგრესზე ლვოვში ჩასულ და-ძმებს. კონგრესი 2018 წლის 6—8 ივლისს გაიმართა. 3 300-ზე მეტი დელეგატი ჩავიდა უკრაინაში 9 ქვეყნიდან იმისთვის, რომ მიეღოთ სულიერი საზრდო კონგრესზე, სახელწოდებით „იყავით გაბედულები!“ გარდა ამისა, სტუმრები დიდად გაამხნევა უკრაინელი და-ძმების სტუმართმოყვარეობამ და გულთბილმა დახვედრამ.
სამზადისი 2017 წლის აპრილში დაიწყო; მომდევნო 15 თვის განმავლობაში ადგილობრივი მოწმეები თავს არ ზოგავდნენ, რომ კარგად მომზადებულიყვნენ კონგრესისთვის და ჩამოსული და-ძმებისთვის სათანადო მასპინძლობა გაეწიათ. სტუმრები გაეცნენ უკრაინის კულტურას, ნახეს და მოისმინეს უკრაინული ხალხური ცეკვები და სიმღერები და დააგემოვნეს ტრადიციული კერძები. მოეწყო ექსკურსიები ადგილობრივ მუზეუმებში, უძველეს ციხე-სიმაგრეებსა და გასაოცარი სილამაზის კარპატების მთებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ადგილობრივ და-ძმებთან ერთად მიეღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში.
კონგრესი ლვოვის არენაზე გაიმართა. დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 25 000-ს გადააჭარბა. ზოგი მოხსენება 15 სხვადასხვა სტადიონსა და მრავალ სამეფო დარბაზში გადაიცემოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთლიანობაში, პროგრამა 125 000-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა; მონათლულთა რიცხვმა შეადგინა 1 420.
ივან რიჰერმა, უკრაინის ფილიალის წარმომადგენელმა, აღნიშნა: „ჩვენ დიდი მონდომებით ჩავებით ამ განსაკუთრებული მოვლენისთვის მზადების საქმეში, რათა სათანადოდ დავხვედროდით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ და-ძმებს. სიამოვნებით გავუწიეთ ჩვენს ძვირფას სტუმრებს მასპინძლობა; ყველამ ვიგრძენით ერთიანობისა და გაბედულების ფასი, რაც ჩვენს დიდ ოჯახში სუფევს და რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა ამ ძვირფასი ღონისძიების დროს“ (ფსალმ. 133:1).
ლვოვში არენაზე დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 25 489-ს მიაღწია
1 420 მონათლულიდან ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული
მონათლულთაგან ერთ-ერთი ახალგაზრდა
სტუმრები მსახურობდნენ ადგილობრივ მაუწყებლებთან ერთად და მოსახლეობას კონგრესზე ეპატიჟებოდნენ
ფილიალმა დაიქირავა ლვოვის ოპერის დარბაზი, რომელსაც ყველაზე დიდი სცენა აქვს მთელ ქალაქში. დელეგატებმა ისიამოვნეს წარმოდგენებით, რომლებშიც შედიოდა ტრადიციული ცეკვა და სიმღერა. საღამოს ღონისძიება დასრულდა სიმღერით „იეჰოვაა შენი სახელი“
ადგილობრივი მოწმეები ასრულებენ ბოშურ ხალხურ ცეკვას სვირჟის ციხე-სიმაგრეში
კონგრესის ბოლოს სტუმრების მიმართ უდიდესი სიყვარულის ნიშნად ადგილობრივმა მაუწყებლებმა პლაკატები გაშალეს