არჩეულ მასალაზე გადასვლა

გაჭირვების მიუხედავად, ნატალიამ და მისმა ქალიშვილმა, გაბრიელამ, იძულებით გადაადგილებული და-ძმები შეიფარეს.

2022 წლის 20 ივლისი
უკრაინა

გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანები ერთმანეთს ეხმარებიან

გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანები ერთმანეთს ეხმარებიან

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაახლოებით 47 000 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. ბევრმა უკრაინაშივე შედარებით უსაფრთხო ტერიტორიებს შეაფარა თავი, სადაც მათ თანაქრისტიანებმა გაუმართეს ხელი. მათ შეიფარეს ისინი და ტანსაცმლით, საკვებით და სხვა აუცილებლით უზრუნველყვეს. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელ და-ძმებსაც საკმაოდ უჭირთ ეკონომიურად, ისინი სიხარულით უწვდიან დახმარების ხელს თანამორწმუნეებს.

ოლჰა (მარჯვენა კუთხეში) იმ და-ძმებთან ერთად, რომლებიც სახლში შეიფარა.

უმანში მცხოვრებმა ერთმა დამ, ოლჰამ, და მისმა მეუღლემ, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, ომის დაწყებიდან პირველი ორი თვის განმავლობაში 300 და-ძმა შეიფარეს. უმეტესობა მათგანი მხოლოდ ერთ ღამეს ათენებდა მათთან, სანამ სხვა ტერიტორიებზე გადავიდოდნენ. ხშირად ისე ხდებოდა, რომ ოლჰა სულ რამდენიმე წუთით ადრე იგებდა, რომ მასთან და-ძმები მიდიოდნენ. ერთხელ მან ერთდროულად 22 და-ძმა შეიფარა. ამ პერიოდში ოლჰას 18 წლის ბიჭს, სტანისლავსაც, მიეცა შესაძლებლობა, რომ ხელგაშლილობა გამოევლინა. თავის საძინებელს ის სტუმრებს უთმობს და, ძირითადად, იატაკზე უწევს ძილი.

ოლჰა აღნიშნავს: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, ამ განსაკუთრებით რთულ დროს რაღაცით მაინც გამოვადგე და-ძმებს“.

ლიუდმილა და ანდრიი

კიდევ ერთმა წყვილმა, ანდრიიმ და ლიუდმილამ, 5 კვირის მანძილზე 200 და-ძმას უმასპინძლეს. ერთხელ მათ ერთ ღამეში 18 კაციც კი დაიტოვეს სახლში. ანდრიი ამბობს: „ჩვენ გავითვალისწინეთ ფილიალიდან მიღებული მითითება და სახლში საკვების გარკვეული მარაგი გავაკეთეთ, რაც ძალიან გამოგვადგა. ეს საკვები კვირა-ნახევრის განმავლობაში გვეყო თანაქრისტიანების გამოსაკვებად. წასვლის წინ ძმები თავიანთ ბარათებს გვიტოვებდნენ, რომ ამ თანხით პროდუქტი გვეყიდა და სხვა და-ძმებს გავმასპინძლებოდით. საკვებს დაზარალებულთა დახმარების კომიტეტიც გვაწვდიდა. ასე რომ, არაფერი მოგვკლებია“.

ერთი ჩვენი და, ვიტა, რომელიც ივანო-ფრანკოვსკიდანაა, მარტში თავის დასთან გადავიდა საცხოვრებლად, რომ თავისი ბინა იძულებით გადაადგილებული და-ძმებისთვის დაეთმო. ვიტა ამბობს: „ჩემი აზრით ეს მსხვერპლი კი არა, სიყვარულის გამოვლენის შესაძლებლობაა. უდიდეს სიხარულს ვგრძნობ, მათ რომ ვეხმარები. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ“.

ერთი ჩვენი და, ნატალია, მეუღლესთან და ქალიშვილთან, გაბრიელასთან, ერთად ცხოვრობს ტერნოპოლში. ომი რომ დაიწყო, მათ სამსახური დაკარგეს და დანაზოგიც ნელ-ნელა ეწურებოდათ. მიუხედავად ამისა, მათ სიხარულით შეიფარეს ერთი ჩვენი და და მისი ქალიშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

ვიტა (მარჯვნივ) იმ ოჯახთან ერთად, რომელთაც თავისი ბინა დაუთმო.

ნატალია აღნიშნავს: „ერთი ჩვენი აფრიკელი დის შემთხვევა გამახსენდა. მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა, კონგრესზე ჩასული 14 თანაქრისტიანი მაინც შეიფარა და არავის არაფერი მოჰკლებია“. ამ დის მაგალითზე დაფიქრება ნატალიას დაეხმარა, სხვების ინტერესები საკუთარზე წინ დაეყენებინა.

მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა, ჩვენი უკრაინელი და-ძმები იეჰოვას ენდობიან და სტუმართმოყვარეობას იჩენენ (რომაელები 12:13).