არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 13 თებერვალი
უკრაინა

აღმოსავლეთ უკრაინაში იეჰოვას მოწმეებს რელიგიური შეხვედრებისთვის განკუთვნილი შენობები ჩამოართვეს

აღმოსავლეთ უკრაინაში იეჰოვას მოწმეებს რელიგიური შეხვედრებისთვის განკუთვნილი შენობები ჩამოართვეს

უკრაინაში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ძალის გამოყენებით იეჰოვას მოწმეებს რამდენიმე სამეფო დარბაზი (თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობები) ჩამოართვეს. ეს შენობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში მდებარეობს, სადაც თვეებია შეიარაღებული კონფლიქტი მძვინვარებს. იეჰოვას მოწმეები იმიტომ ამოიღეს მიზანში ამ შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, რომ მათზე წინასწარშექმნილი მცდარი აზრი ჰქონდათ და ამასთან, არაფრად აგდებდნენ მოწმეების უფლებას, თავისუფლად შეკრებილიყვნენ და თაყვანი ეცათ ღვთისთვის.

20 წელზე მეტია, იეჰოვას მოწმეები უკრაინაში აღმსარებლობის თავისუფლებით სარგებლობენ. ერთი იეჰოვას მოწმე, ვასილ კობელი, რომელიც ლვოვში, მოწმეების ფილიალში მსახურობს, აღნიშნავს: „ჩვენ რეგულარულად ვიკრიბებოდით სამეფო დარბაზებში, სადაც ბიბლიას ვკითხულობდით და ვლოცულობდით; ყველანაირად ვცდილობდით, გარშემომყოფებზე კარგი გავლენა მოგვეხდინა. თუმცა ბოლო თვეებში ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არეულობის გამო ბევრი უკრაინელის ცხოვრება თავდაყირა დადგა. ეს ჩვენც შეგვეხო, იეჰოვას მოწმეებს და ჩვენც გავხდით ძალადობის მსხვერპლი“.

ვასილ კობელი იმ 150 000 იეჰოვას მოწმის გულისტკივილს გამოთქვამს, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ. ბოლო თვეებში ათასობით მოწმემ დატოვა საომარი ზონა, თუმცა დაახლოებით 17 500 მოწმე ამ დრომდე რჩება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და ცდილობს, კონფლიქტური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვეული რიტმით განაგრძოს ცხოვრება. მას შემდეგ, რაც სამეფო დარბაზები ჩამოართვეს, ათასობით იეჰოვას მოწმე იძულებულია, არახელსაყრელ პირობებში შეიკრიბოს. ზოგს სივიწროვეში, ერთმანეთის ბინებში უწევს შეკრება, ზოგს კი ორ საათზე მეტი სჭირდება, შესაკრებელ ადგილამდე რომ მივიდეს.

რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე განხორციელებული ქმედება

იეჰოვას მოწმეებს სამეფო დარბაზები მიზანმიმართულად ჩამოართვეს და ამას შემთხვევითობას ნამდვილად ვერ მივაწერთ; მიზეზი ისაა, რომ მოწმეები დისკრიმინაციის მსხვერპლი არიან და მათი მრწამსი ბევრისთვის მიუღებელია. ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურმა ასეთი რამ განაცხადა: „იეჰოვას მოწმეების ჭაჭანება აღარ იქნება!“. ეს იმიტომ თქვა, რომ მისი აზრით, ამ მხარეში მხოლოდ მართლმადიდებლობაა ოფიციალური რელიგია. სხვა დაჯგუფების მეთაურმა კი ასეთი სიტყვები თქვა: „იეჰოვას მოწმეების საქმე წასულია!“. ასეთი მუქარის მიუხედავად, უკრაინაში იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, კვლავაც აქტიურად განაგრძონ თავიანთი მსახურება.

მართალია, სამეფო დარბაზებზე თავდასხმის დროს არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაშავებულა, მაგრამ ისინი საფრთხის ქვეშ არიან და თავისუფლად ვეღარ იკრიბებიან თანამორწმუნეებთან ერთად. მაგალითად, ერთხელ ქალაქ ჰორლოვკაში (დონეცკის ოლქი) მდებარე სამეფო დარბაზში, სადაც იეჰოვას მოწმეები რელიგიურ შეხვედრას ატარებდნენ, შეიარაღებული კაცები შეიჭრნენ. მათ დააშინეს დამსწრეები, რომელთა შორის იყვნენ მოხუცები, ქალები და ბავშვები. იყო ასეთი შემთხვევაც, როცა სამეფო დარბაზში მისულ იეჰოვას მოწმეებს შემზარავი სურათი დახვდათ — კარის საკეტები გამოცვლილი იყო, შენობა კი სამხედრო ბანაკად ქცეული.

რა ზომები იქნა მიღებული

ვასილ კობელი აღნიშნავს: «იეჰოვას მოწმეების ფილიალიდან სხვადასხვა სამინისტროს დავუკავშირდით და მთავრობის სხვა წარმომადგენლებსაც ავუხსენით, რომ მოწმეებს კუთვნილი შენობები უკანონოდ ჩამოართვეს. ასე რომ, მთავრობა საქმის კურსში ჩავაყენეთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმაზე, რაც დღეს ამ შენობებში ხდება და არც იმაზე, რასაც მათი ამჟამინდელი „მეპატრონეები“ აკეთებენ». ამავე დროს, ფილიალიდან მითითებები გაეგზავნათ იმ ძმებს, რომელთაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში არსებულ კრებებში პასუხისმგებლობები აკისრიათ, რომ ყველაფერი გააკეთონ თანამორწმუნეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; მათ შეახსენეს, რომ შენობებზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლეა, ამიტომ ისეთი არაფერი უნდა გააკეთონ, რაც რომელიმე იეჰოვას მოწმეს საფრთხეს შეუქმნის.

კონფლიქტის გამო მოწმეებს ამჟამად არ შეუძლიათ კანონიერ გზებს მიმართონ ჩამორთმეული სამეფო დარბაზების დასაბრუნებლად. თუმცა ისინი მაინც მზად არიან, შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება იმ სირთულეების მიუხედავად, რომლის წინაშეც სამეფო დარბაზების ჩამორთმევის შემდეგ დადგნენ. ისინი მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა დაიბრუნებენ თავიანთ სამეფო დარბაზებს და თანამორწმუნეებთან ერთად კვლავ უსაფრთხოდ შეიკრიბებიან სასიამოვნო გარემოში.