არჩეულ მასალაზე გადასვლა

აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ზოგიერთ ტერიტორიაზე, ჩვენი და-ძმების დევნა კიდევ უფრო გაძლიერდა. 2018 წლის 30 მაისს ლუგანსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამეფო დარბაზი გაძარცვეს, დააზიანეს და ბოლოს გადაწვეს

2018 წლის 15 ოქტომბერი
უკრაინა

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ იკრძალება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ იკრძალება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა

2018 წლის 26 სექტემბერს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაცია „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა, რითაც, ფაქტობრივად, აკრძალა ჩვენი საქმიანობა. არც გენერალურ პროკურორს, რომელმაც საქმე აღძრა ჩვენი იურიდიული პირის წინააღმდეგ და არც სასამართლოს წარმომადგენლებს არ ჰქონიათ მნიშვნელოვანი საუბრები იეჰოვას მოწმეებთან სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში. რეგიონში იეჰოვას მოწმეების რელიგიურმა დევნამ კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო ჩვენი საქმიანობის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ზოგიერთ ტერიტორიაზე მცხოვრები და-ძმების მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის ზაფხულში „ექსტრემისტულად“ შერაცხა ჩვენი ზოგიერთი პუბლიკაცია. 2017 წლის განმავლობაში პოლიციამ 170-ზე მეტი იეჰოვას მოწმე დაკითხა. აღნიშნულ რეგიონებში ხელისუფლების წარმომადგენლები ერთიმეორის მიყოლებით ახდენდნენ სამეფო დარბაზების კონფისკაციას. 2018 წლის 29 აგვისტოს მონაცემებით, მთლიანობაში 16 სამეფო დარბაზის კონფისკაცია მოხდა.

ამგვარი ზეწოლის მიუხედავად ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი და-ძმები კვლავაც იეჰოვაზე, „ხსნის ღმერთზე“ არიან მინდობილნი (ფსალმუნი 18:46).