არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარჯვნივ: ზოგიერთი ძმა, რომლებსაც რეგულარულად შეაქვთ ცხელ წერტილებში ჰუმანიტარული დახმარება და მსურველები საომარი ზონიდან გამოჰყავთ; მარცხნივ: ჩვენი თანაქრისტიანების ჩამონგრეული სახლი.

2022 წლის 27 აპრილი
უკრაინა

თანაქრისტიანების დასახმარებლად უკრაინაში ძმები გაბედულებას იჩენენ

თანაქრისტიანების დასახმარებლად უკრაინაში ძმები გაბედულებას იჩენენ

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომმა იფეთქა, ათასობით იეჰოვას მოწმე ვერ ახერხებს ცხელი წერტილების დატოვებას. კრემენჩუკიდან და პოლტავიდან 21-მა ძმამ გამოთქვა სურვილი, რომ თანამორწმუნეები გამოეყვანათ ამ ტერიტორიებიდან და მათთვის პირველადი დახმარება მიეწოდებინათ. ისინი საკუთარ სიცოცხლეს იგდებენ საფრთხეში, რაც ძმური სიყვარულის ნამდვილი დადასტურებაა.

ექვს კვირაში მათ დაახლოებით 80 რეისი გააკეთეს და საერთო ჯამში 50 000 კილომეტრი გაიარეს, რომ ცხელი წერტილებიდან, მათ შორის ხარკოვიდან, 400-მდე და-ძმა გამოეყვანათ.

ხარკოვიდან გამოყვანილი ჩვენი თანაქრისტიანები შვილებთან ერთად

დღემდე მათ და-ძმებს 23 ტონა საკვები, აგრეთვე მედიკამენტები, საწვავი და სხვა საჭირო ნივთები მიაწოდეს. ყოველ ჯერზე ძმები დიდი დაკვირვებით ადგენდნენ გეგმას, რომელი მარშრუტით იქნებოდა მგზავრობა შედარებით უსაფრთხო. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, მორიდებოდნენ იმ ადგილებს, სადაც აქტიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ზოგჯერ ერთ რეისს ისინი 19 საათს ანდომებდნენ, რადგან არაერთი საკონტროლო პუნქტის გავლა უწევდათ.

გზაში ძმების თავზე საბრძოლო თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ისინი ხედავდნენ დაბომბილ შენობებს და აფეთქებულ ტანკებსა და მანქანებს. როცა მათ სიახლოვეს ბომბები ფეთქდებოდა, ძმები გრძნობდნენ, როგორ ირყეოდა მიწა მათ ფეხქვეშ.

2 აპრილს ერთი ჩვენი ძმა, რომანი, ხარკოვში ჩარჩენილი და-ძმებისთვის ჰუმანიტარული დახმარების წასაღებად ემზადებოდა, როცა რაკეტების „წვიმა“ წამოვიდა. მან შენობას შეაფარა თავი. 30 წუთის შემდეგ რომანმა დაინახა, რომ გზა, რომელზეც უნდა გაევლო, მთლიანად დაებომბათ.

კიდევ ერთი ძმა, ვოლოდიმირი, გვიზიარებს, როგორ იქცეოდნენ ისინი რთულ სიტუაციებში: „ხშირად ვლოცულობდით და იეჰოვას სიბრძნეს ვთხოვდით, რომ გონივრული გადაწყვეტილებები მიგვეღო“.

ოლექსანდრე და მისი მეუღლე ვალენტინა ხარკოვში ცხოვრობდნენ ხანდაზმულ მშობლებთან ერთად. მთელი ამ დროის მანძილზე ისინი თავიანთი ფანჯრებიდან ხედავდნენ, როგორ ფეთქდებოდა ბომბები მათგან 100 მეტრის რადიუსში. მათ მანქანა არ ჰყავდათ, რის გამოც გაქცევა ვერ შეძლეს.

შემდეგ მათ გამოსაყვანად ძმები ჩავიდნენ. ოლექსანდრე ამბობს: „იეჰოვას მადლობას ვუხდიდით, რომ ჩვენ დასახმარებლად ძმები გამოგზავნა“.

ვასილი, მისი მეუღლე ნატალია და მათი სამი შვილი, რამდენიმე დღე თავიანთი სახლის სარდაფს აფარებდნენ თავს. 28 თებერვალს, როგორც კი ისინი სარდაფში ჩავიდნენ, იქვე ახლოს ბომბი აფეთქდა, რამაც მათი სახლი დაანგრია. როგორც ვასილი იხსენებს, მაშინ აფეთქების გამაყრუებელ ხმა გაისმა და მომენტალურად გაითიშა სარდაფში შუქი.

ვასილი და ნატალია შვილებთან ერთად სახლის სარდაფში

როგორც კი სიტუაცია დროებით ჩაწყნარდა, ვასილიმ თავის ოჯახთან ერთად ახლომდებარე შენობის სარდაფს შეაფარა თავი. 3 მარტს ძმებმა მიაგნეს მათ და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

ვასილი გვიზიარებს თავის გრძნობებს: „ძალიან ვემადლიერებით იეჰოვას. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კვირები ვიყავით სარდაფში. როგორც იქნა მშვიდად მივირთვით სადილი და აღარ ვწუხდით შვილების უსაფრთხოებაზე“.

კიდევ ერთი ძმა ოლექსანდრე აღნიშნავს: „ის, რაც და-ძმების დასახმარებლად კეთდება, აშკარად მოწმობს იეჰოვას ხალხს შორის არსებულ ერთობაზე. ახლა უკეთ ვხვდები, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე. თანამორწმუნეების სახეზე მადლიერების დანახვა, უზომო სიხარულს მანიჭებს“.

ჩვენც ვემადლიერებით ძმებს ასეთი სიმამაცისთვის და ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს ისინი (რომაელები 12:10).