არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 23 ივნისი
უკრაინა

იეჰოვას ეკავა ჩემი მარჯვენა

მოგვითხრო ანასტასტია ხოჟაინოვამ

იეჰოვას ეკავა ჩემი მარჯვენა

იდგა 2022 წლის 24 თებერვალი. უეცრად გრუხუნის ხმამ გამაღვიძა. ისე წვიმდა, მეგონა, ჭექა-ქუხილი იყო, თუმცა ეს ბომბების ხმა აღმოჩნდა.

ჩემი სახლი მარიუპოლის ცენტრში მდებარეობდა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გავცლოდი იქაურობას. მეორე დღეს ბებიასთან, ირინასთან, გავედი, რომელიც ქალაქის გარეუბანში ცხოვრობს. დედაჩემიც მალევე შემოგვიერთდა მე, ბებოს და ჩემს ბიძაშვილს. ბებოსთან შედარებით უსაფრთხო იყო, თუმცა სარდაფში გვიწევდა ძილი.

ერთ დღეს, როცა სარდაფში ვიმალებოდით, ჭურვი ჩვენს ბოსტანშიც ჩამოვარდა. აფეთქების გამაყრუებელი ხმა გაისმა. მთელი გულით მივმართე იეჰოვას ლოცვით. ერთი კვირის მერე უკვე აშკარა გახდა, რომ ბებოსთან დარჩენაც აღარ იქნებოდა უსაფრთხო, ამიტომ გადავწყვიტეთ, ისევ ქალაქის ცენტრში გავსულიყავით, რომ რამენაირად ქალაქი დაგვეტოვებინა. იეჰოვას ვევედრებოდი, რომ უსაფრთხოდ ვყოფილიყავით და მარიუპოლიდან გასვლა მოგვეხერხებინა.

4 მარტის დილა იყო. ქალაქი ალყაში ჰყავდათ მოქცეული და მატარებლები არ დადიოდა. ევაკუაცია შეუძლებელი იყო, ამიტომ თეატრს შევაფარეთ თავი, რომელსაც ჩვენ გარდა ათასობით ადამიანი აფარებდა თავს. მომდევნო ათი დღის განმავლობაში იქ ვიყავით. იქაურობა ისეთი გადაჭედილი იყო, რომ ძირს გვიწევდა წოლა. საშინელი ანტისანიტარია იყო, საჭმლის და ცხელი წყლის შოვნაც ძალიან ჭირდა; საათობით გვიწევდა რიგში დგომა.

ერთ დღეს თეატრთან ახლოს ბომბი აფეთქდა. აფეთქების ტალღამ თეატრის ფანჯრები ჩალეწა და შენობაში ძლიერი სიცივე შემოვარდა.

ანასტასია ბებიამის ირინასთან და თავის ბიძაშვილ ანდრიისთან ერთად

ამ რთულ დროს განსაკუთრებით იობის შემთხვევაზე ფიქრი დამეხმარა. როცა დავინახე, რა პანიკაში ჩაცვივდა ხალხი, იობის წიგნის კითხვა დავიწყე. თავი უკეთ ვიგრძენი, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს იქ, თეატრის შენობაში, იობის გვერდით ვიჯექი და ვეუბნებოდი: „რა კარგად მესმის ახლა შენი“. იობმა ყველაფერი დაკარგა: ოჯახი, ჯანმრთელობა, ქონება, მე კი მხოლოდ ქონება დავკარგე და ოჯახი გვერდით მყავდა. ყველანი ცოცხლები ვიყავით. იმ მომენტში მივხვდი, რომ არც ისე ცუდად იყო საქმე და თავი ბევრად უკეთ ვიგრძენი.

14 მარტს გავიგეთ, რომ ერთმა ჯგუფმა უსაფრთხოდ შეძლო ქალაქის დატოვება. ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ, სხვებთან ერთად წავსულიყავით. საბედნიეროდ, მალევე შევძელით ტრანსპორტის შოვნა.

20 მანქანისგან შემდგარი კოლონით დავტოვეთ მარიუპოლი. სატვირთო მიკროავტობუსში ძლივძლივობით მოვთავსდით თოთხმეტი კაცი. გზაში ჩვენ ირგვლივ სულ ბომბები ცვიოდა. გამუდმებით ვლოცულობდი. მარიუპოლიდან რომ გავედით, მძღოლმა მანქანა გააჩერა, გადავიდა და ცრემლები წასკდა. საბედნიეროდ, მან მოახერხა, გვერდი აევლო ყველა ნაღმისთვის. მერე გავიგეთ, რომ ჩვენი წამოსვლიდან ორი დღის შემდეგ თეატრი დაბომბეს, რასაც სულ მცირე, 300 ადამიანი ემსხვერპლა.

ზაპოროჟიეში 13 საათის შემდეგ ჩავედით. მეორე დილით ლვოვისკენ მიმავალ მატარებელში ავედით. კუპეში, რომელშიც ჩვეულებრივ ოთხი ადამიანი ეტევა, 16-ნი ვისხედით. ძალიან ცხელოდა. მთელი გზა კორიდორში ვიდექი. მხოლოდ იქ შეგეძლო ადამიანს ჰაერის ჩასუნთქვა. 16 მარტს ლვოვში ჩავაღწიეთ, სადაც გულთბილად დაგვხვდნენ ჩვენი ძვირფასი და-ძმები. მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში დარბაზს ვაფარებდით თავს. როცა ვხედავდი, როგორ ზრუნავდნენ და-ძმები ჩვენზე, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. რამხელა საჩუქარი არიან ისინი იეჰოვასგან.

19 მარტს პოლონეთში გადასვლა გადავწყვიტეთ, სადაც თანაქრისტიანებმა კვლავ გულთბილად მიგვიღეს მე, დედა, ბებო და ჩემი ბიძაშვილი. მათ ყველაფერზე იზრუნეს, რაც გვჭირდებოდა. უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდით მათი მხრიდან.

მხოლოდ 19 წლის ვარ, თუმცა იმ ყველაფერმა, რაც გამოვიარე, დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მანამ გაიძლიერო რწმენა, სანამ ცუდი დღეები დაგიდგება. რწმენა ყველაფრის ატანის ძალას გვაძლევს. ომის დაწყებამდე რომ არ მქონოდა კარგი პირადი შესწავლა, ნამდვილად ძალიან გამიჭირდებოდა.

იეჰოვა მზრუნველი მამაა. მთელი ამ დროის მანძილზე ვგრძნობდი, რომ მას ეკავა ჩემი მარჯვენა. ვერასოდეს გადავუხდი იეჰოვას სათანადო მადლობას იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩემთვის (ესაია 41:10).