არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 1 ივლისი
უკრაინა

უკრაინაში იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის გამოფენები მოაწყვეს

უკრაინაში იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის გამოფენები მოაწყვეს

უკრაინაში იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის გამოფენები მოაწყვეს; გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რუსულ ჟესტების ენაზე, რომელიც იეჰოვას მოწმეების მთარგმნელობით საქმიანობაში ერთობ მნიშვნელოვანი მიღწევაა. გამოფენები იმართებოდა 2018 წლის 7 ოქტომბრიდან 2019 წლის 7 ივნისამდე; თავდაპირველად გამოფენა გაიმართა ქალაქ ლვოვში; მსგავსი გამოფენები მოეწყო ხარკოვში, კიევში, ოდესასა და დნეპრში.

გამოფენის დაწყებამდე ადგილობრივი ჟესტებისენოვანი კრების წევრებმა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მოიწვიეს თავიანთ მხარეში მცხოვრები სმენადაქვეითებული ადამიანები; ამისათვის მათ გამოიყენეს როგორც დაბეჭდილი მოსაწვევები, ისე სპეციალური ვიდეორგოლი. გარდა ამისა, უკრაინის ფილიალის საინფორმაციო განყოფილებამ დაურიგა მოსაწვევები მასწავლებლებს, მედია საშუალებებისა და მთავრობის წარმომადგენლებს.

ქალაქ ლვოვის ყრუ-მუნჯთა კლუბში გამართულ პირველ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სპეციალური ციფრული პროგრამები, როგორიცაა მაგალითად, აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკა ჟესტების ენაზე“®. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საუკუნით დათარიღებული განსხვავებული ფორმატის ბიბლიები, უძველესი გრაგნილებით დაწყებული, თანამედროვე ბიბლიებით დამთავრებული. ეს გამოფენა განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ სტუმრებს შეეძლოთ ენახათ 1927 წლით დათარიღებული ბიბლიის ორიგინალი თარგმანი.

გვიხარია, რომ ახლა უკვე ხელმისაწვდომია „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რუსულ ჟესტების ენაზე. გვჯერა, რომ ეს თარგმანი დიდ დახმარებას გაუწევს სმენადაქვეითებულებს, რათა შეიძინონ საფუძვლიანი ცოდნა წმინდა წერილებიდან (მათე 5:3).