2022 წლის 22 აპრილი
უკრაინა
„იმ ღამით ის ხელში აყვანილს მატარებდა“
იეჰოვას დანაპირებზე ფიქრი აძლიერებს დაქვრივებულ უკრაინელ დებს
ლუდმილა მოზულსა და კატერინა როზდორსკას ომმა საყვარელი მეუღლეები გამოაცალა ხელიდან. 67 წლის პეტრო მოზული და 28 წლის დმიტრო როზდორსკი ერთ-ერთი პირველი იეჰოვას მოწმეები არიან, რომლებიც ომს ემსხვერპლნენ. თუმცა ჩვენი ძვირფასი დები იეჰოვას დახმარებით ცდილობენ, გაუმკლავდნენ დანაკარგს. სამწუხაროდ, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 34 ჩვენი და-ძმა.
პეტრო და ლუდმილა 1994 წელს მოინათლნენ. პეტრო მომსახურედ მსახურობდა ჟესტურენოვან კრებაში. მათ 43-წლიანი ქორწინება აკავშირებდათ.
ლუდმილა აღნიშნავს: „თანაქრისტიანები ყოველდღე ცდილობენ ჩემს გამხნევებას. მათი ზარები არ წყდება. უკრაინის ფილიალიდანაც მივიღე გამამხნევებელი წერილი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, როცა ამ წერილს ვკითხულობდი“.
როგორც ვიცით, ომი ამა წლის 24 თებერვალს დაიწყო. პეტრო 1 მარტს ხარკოვის დაბომბვის დროს დაიღუპა. ის და მისი ოჯახი იმ დროს ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ.
ხარკოვში თავიდან სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, მოგვიანებით კი სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს. მოზულების ოჯახმა ყველაფერ აუცილებელს მოუყარა თავი. მათ დაბომბვის დაწყებიდან 30 წუთში დატოვეს სახლი. პეტრო და ლუდმილა ერთ მანქანაში იყვნენ, მისი ვაჟი ოლექსი კი თავის მეუღლე მარინასთან ერთად მეორე მანქანაში. ლუდმილა იხსენებს: „მანქანაში ვიყავით, როცა ჩვენ გარშემო დაბომბვა დაიწყეს. ისეთი ძლიერი აფეთქებები იყო, რომ მანქანამ რყევა დაიწყო“.
თავისი შვილის მანქანას რომ არ დასჯახებოდა, პეტრომ გზიდან გადაუხვია, რა დროსაც მანქანა გადატრიალდა. ის და ლუდმილა მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მოგვიანებით პეტრო გარდაიცვალა. ლუდმილას ფეხსა და მუცელში ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა. მან პეტროს სიკვდილის შესახებ სამი დღის შემდეგ გაიგო, როცა საავადმყოფოდან გაწერეს. ოლექსი და მარინა არ დაშავებულან.
ლუდმილა ამბობს: „იეჰოვას სიკეთესა და მის დანაპირებზე ფიქრი შინაგან სიმშვიდეს მგვრის. იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება, რომ ახალ ქვეყნიერებაში კვლავ შევხვდები პეტროს. მოუთმენლად ველი ამ დროს“.
დმიტრო და კატერინა დონეცკის ოლქიდან არიან. ისინი რვა წლის დაქორწინებულები იყვნენ. დმიტრო 2006 წელს მოინათლა და უხუცესად მსახურობდა. 8 მარტს მან სამსახურიდან დაურეკა კატერინას და უთხრა: „მალე დავბრუნდები სახლში“. ეს მისი ბოლო სიტყვები იყო.
რამდენიმე საათის შემდეგ კატერინას დმიტროს თანამშრომელმა დაურეკა და უთხრა, რომ დმიტრო საავადმყოფოში იყო, რადგან ფეხი ნაღმს დააბიჯა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ხუთი საათის შემდეგ გარდაიცვალა.
კატერინა იხსენებს: „იეჰოვამ უბრალოდ ხელი კი არ ჩამჭიდა, იმ ღამით ის ხელში აყვანილს მატარებდა. ვგრძნობდი, რომ იგი ჩემ გვერდით იყო“.
დმიტროს დაკრძალვის შემდეგ კატერინა უკრაინის შედარებით უსაფრთხო მხარეში გაემგზავრა. მან 12 საათი იმგზავრა. ის ამბობს: „როგორც უკრაინიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან და-ძმები გამამხნევებელ წერილებს მწერდნენ. ასეთი სიყვარული ტკივილთან გამკლავებაში მეხმარება“.
ის დასძენს: „მსახურებაც დიდ დახმარებას მიწევს ... როცა ცუდად ვგრძნობ თავს, ერთ-ერთი მუხლი, რომელიც ძალიან მამხნევებს, ფილიპელების 4:6, 7-ია“.
გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც ანუგეშებს და ძალას შემატებს ჩვენს ძვირფას და-ძმებს, რომელთაც ახლობლები დაეღუპათ (ფსალმუნი 61:1—3).