არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 8 ივნისი
უკრაინა

უკრაინის სასამართლოებმა აღიარეს მათი უფლებები, ვინც მობილიზაციის დროს რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე

უკრაინის სასამართლოებმა აღიარეს მათი უფლებები, ვინც მობილიზაციის დროს რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და სამოქალაქო არეულობის გამო უკრაინის პრეზიდენტმა 2014 წლის ზაფხულში სამხედრო ძალების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამ დროს ვიტალი შალაიკო, რომელიც ადრე უკრაინის სამხედრო ძალებში ირიცხებოდა, დღეს კი იეჰოვას მოწმეა, სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს. ის გამოცხადდა კომისარიატში და განაცხადა, რომ რწმენის გამო უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე; ამავე დროს, ისიც აღნიშნა, რომ მზად იყო არასამხედრო ალტერნატიული სამსახურის შესასრულებლად.

სამხედრო კომისარიატში უგულებელყვეს ვიტალი შალაიკოს უფლება, რწმენის გამო უარი ეთქვა სამხედრო სამსახურზე და მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულეს. მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ბრალი დასდეს მოქალაქეს იმის გამო, რომ მობილიზაციის დროს რელიგიური მოსაზრებით უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე.

როგორც ყოფილ სამხედროს, ვიტალი შალაიკოს, ესმის, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და საკუთარი მოქალაქეები. თუმცა მას კარგად აქვს გააზრებული, რომ თუ სამხედრო სამსახურს შეასრულებს, დაარღვევს ბიბლიურ პრინციპს: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“. a როგორც ქრისტიანი, ის თავს ვალდებულად თვლის, პატივი სცეს ადამიანის სიცოცხლეს და ნებისმიერ დროსა და ვითარებაში ყველას მიმართ სიყვარული გამოავლინოს. b

ნიშნავს ალტერნატიული სამსახურის შესრულება სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდებას?

2014 წლის 13 ნოემბერს ნოვომოსკოვსკის (დნეპროპეტროვსკის ოლქი) რაიონულმა სასამართლომ განიხილა სამხედრო ვალდებულებისგან თავის არიდების თაობაზე ვიტალი შალაიკოსთვის წაყენებული ბრალდება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვიტალი შალაიკო უწყების მიღებისთანავე გამოცხადდა კომისარიატში და თავი არ აურიდებია სამხედრო ოფიცრებისა და გამომძიებლებისთვის. სასამართლომ განაცხადა, რომ ვიტალი შალაიკოს „უფლება აქვს, უარი თქვას სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროსაც კი და სანაცვლოდ ალტერნატიული სამსახური შეასრულოს, ვინაიდან იგი მიეკუთვნება იმ რელიგიურ ორგანიზაციას, რომლის წევრებსაც ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ რთავს, ხელში აიღონ იარაღი“.

გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ „უკრაინის კონსტიტუცია იცავს“ ვიტალი შალაიკოს უფლებას, აირჩიოს ალტერნატიული სამსახური. უფრო მეტიც, სასამართლომ ისიც დაადასტურა, რომ აღმსარებლობის თავისუფლებას მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია c და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებები. მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო ვიტალი შალაიკო და მხარი არ დაუჭირა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, ის თითქოს თავს არიდებდა მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურის შესრულებას. მიღებული გადაწყვეტილება პროკურორმა გაასაჩივრა.

უნდა იქნეს გათვალისწინებული სინდისის თავისუფლების უფლება მობილიზაციის დროს?

თავის საჩივარში პროკურორმა განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის კონსტიტუციური ვალდებულება უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოქალაქის აღმსარებლობის თავისუფლებისა და არასამხედრო ალტერნატიული სამსახურის მოთხოვნის უფლება. მან ისიც განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ მოქმედებს სამხედრო მობილიზაციის დროს.

2015 წლის 26 თებერვალს დნეპროპეტროვსკის ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „სინდისის საფუძველზე მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურზე უარის თქმა არ ნიშნავს სამხედრო ვალდებულებისგან უსაფუძვლოდ თავის არიდებას“. მოსამართლემ გადაწყვეტილებაში მოიხსენია ვიტალი შალაიკოს რელიგიური შეხედულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ „ამგვარ რელიგიურ შეხედულებებს მხარს უჭერს [ევროპული] კონვენციის მე-9 მუხლი d აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ“.

სააპელაციო სასამართლომ ისიც განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის გამო არ უნდა შეიზღუდოს ადამიანის ის უფლებები, რომლებიც კანონითაა დაცული“. მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ „ადამიანის უფლება, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, არ უნდა შეიზღუდოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის გამო“. ბოლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ ალტერნატიული სამსახურის თაობაზე უკრაინაში არსებული კანონი სამხედრო მობილიზაციის დროსაც მოქმედებს. ამგვარად, სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ვიტალი შალაიკო უდანაშაულოდ ცნო.

საკუთარი უფლებებით სარგებლობა დანაშაულად არ ითვლება

აღმოსავლეთ უკრაინაში რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხარს უჭერს მათ უფლებებს, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს ირჩევს მაშინაც კი, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა. ვიტალი შალაიკოს საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ეთანხმება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის თაობაზე. e

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, პროკურორმა მაინც გაასაჩივრა მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის სპეციალიზებულ უზენაეს სასამართლოში, რომელიც განიხილავს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ საქმეებს; მან კვლავ წარადგინა სასამართლოს წინაშე იგივე არგუმენტები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ განიხილა და უსაფუძვლოდ ცნო. 2015 წლის 30 აპრილს ვიტალი შალაიკოს ადვოკატმა პროკურორის საჩივარს საჩივრით უპასუხა.

ვიტალი შალაიკო ერთ-ერთია იმ ათასობით იეჰოვას მოწმიდან, რომლებიც სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს. ყველა მათგანი გამოცხადდა ადგილზე და მოითხოვა ალტერნატიული სამსახური, რომელიც მათ რელიგიურ შეხედულებებს არ ეწინააღმდეგება. უმრავლესობის თხოვნა დააკმაყოფილეს, მხოლოდ რამდენიმეს მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა. ამჟამად უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, პატივისცემით მოეკიდებიან თუ არა მათ უფლებებს, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.

c 1997 წელს უკრაინამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება იკისრა.

d სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხება საქმეებს „ქალაქ მოსკოვში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები რუსეთის წინააღმდეგ“ და „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“.

e იხილეთ საქმე „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“ [GC], №23459/03, §§ 98-111, 2011 წლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; „ჯონგ ეტ-ალი სამხრეთი კორეის წინააღმდეგ“, UN Doc CCPR/C/101D/1642-1741/2007 (2011 წლის 24 მარტი) §§ 7.2-7.4.