არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 10 ივლისი
უკრაინა

იეჰოვას მოწმეები აღმოსავლეთ უკრაინაში რწმენის გამო იდევნებიან

იეჰოვას მოწმეები აღმოსავლეთ უკრაინაში რწმენის გამო იდევნებიან

რელიგური სიძულვილით აღძრულმა სამხედრო პირებმა 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინაში 26 იეჰოვას მოწმე გაიტაცეს, რის შემდეგაც გამტაცებლები მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან თავიანთი სამქადაგებლო საქმიანობითა და პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალური პოზიციით. ზოგმა სამხედრო პირმა ბოროტად ისარგებლა კონფლიქტის ზონაში გავრცელებული უკანონობითა და უწესრიგობით და იეჰოვას მოწმეები მიზანში ამოიღო. a

ძალადობის ფაქტები

  • 2015 წლის 21 მაისს ქალაქ სტახანოვში სამართალდამცავებმა ორი 60 წელს გადაცილებული მოწმე დააკავეს თავიანთი რელიგიური საქმიანობის გამო. ამ ორ მამაკაცს „მშვიდობის დარღვევაში“ დასდეს ბრალი და 15 დღით დააპატიმრეს. იმ პერიოდში, როცა ისინი დაკავებულები იყვნენ, ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და არაერთხელ დაკითხეს იმ მიზნით, რომ უფრო მეტი გაეგოთ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის შესახებ. მათმა თანამორწმუნეებმა ადგილობრივ პროკურორს თხოვნით მიმართეს, გაეთავისუფლებინა დაკავებულები, მაგრამ პროკურორისგან უარი მიიღეს. თავიდან ოჯახის წევრებსა და თანამორწმუნეებს არ აძლევდნენ დაკავებული მოწმეების ნახვის უფლებას, თუმცა მოგვიანებით ნება დართეს, კვირაში სამჯერ საკვებით, ტანსაცმლითა და მედიკამენტებით მოემარაგებინათ ისინი. ერთი მოწმე 2015 წლის 2 ივნისს გაათავისუფლეს, მეორე კი მომდევნო დღეს, ოღონდ იმ პირობით, თუ დატოვებდნენ რეგიონს.

  • 2015 წლის 17 მაისს სამხედრო პირებმა ნოვოაზოვსკის რაიონში ოთხი მოწმე დააკავეს, თვალები აუკრეს, იარაღი მიაბჯინეს და მთავარ სამხედრო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც საშინლად სცემეს; უფრო მეტიც, მათ ისეთი სცენა გაითამაშეს, თითქოს სიკვდილით სჯიდნენ ამ მოწმეებს. სამხედროები მოითხოვდნენ, დაკავებულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა მოწმე მათ რიგებს შეერთებოდა და რომ ყველა მათგანს ეღიარებინა მართლმადიდებლობა ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად. მას შემდეგ, რაც დაკავებულებმა ღამე დროებით საპყრობილეში გაატარეს, ისინი გაათავისუფლეს.

  • დაშავებული ორი იეჰოვას მოწმე, რომლებიც ნოვოაზოვსკის რაიონში გაიტაცეს და სასტიკად სცემეს

  • 2015 წლის 22 იანვარს დონეცკში სამმა სამხედრო პირმა ერთი მოწმე მისი სამუშაო ადგილიდან გაიტაცა. გატაცებულის ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, სად და რა მიზეზით იქნა ის წაყვანილი. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც დაკავებული იყო, მოწმეს მრავალჯერ მოუწია იმის ახსნა, რომ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა პოლიტიკურ საკითხებში. დაკავებიდან 9 დღის შემდეგ ის გაათავისუფლეს.

  • 2014 წლის 9 აგვისტოს სტახანოვში (ლუგანსკის ოლქი) ერთმა ადგილობრივმა სამხედრო პირმა ორი მოწმე გაიტაცა. ექვსდღიანი პატიმრობის განმავლობაში მათ განუწყვეტლივ სცემდნენ, დასცინოდნენ და სიკვდილით დასჯის სცენებს უწყობდნენ. მათ არ აძლევდნენ საკმარის საკვებს, წყალს, არც ტანსაცმელსა და მედიკამენტებს. გამტაცებლები ძალის გამოყენებით ცდილობდნენ, ეიძულებინათ დაკავებულები, რომ უარი ეთქვათ თავიანთ რწმენაზე, ეღიარებინათ მართლმადიდებლური დოგმატები და თაყვანი ეცათ ხატებისთვის. აშკარად გამოჩნდა, რომ მოწმეებზე ძალადობის მიზეზი მათი რელიგიური მრწამსი იყო. უმოწყალო მოპყრობის მიუხედავად, მოწმეები კომპრომისზე არ წასულან.

იეჰოვას მოწმეები თავიანთი რელიგიური მრწამსის შესაბამისად ცხოვრობენ და არ ღებულობენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში და არც ამასთან დაკავშირებულ რაიმე კომპანიებში; არც ფინანსურ დახმარებას უწევენ უკრაინის კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებიდან რომელიმეს. სამხედროები იეჰოვას მოწმეებს თავს იმიტომ ესხმიან, რომ ისინი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ და არ იზიარებენ მართლმადიდებლურ სწავლებებს. მოწმეებზე განხორციელებული არაადამიანური ძალადობით თავდამსხმელები ცდილობენ, აიძულონ ისინი, უარი თქვან თავიანთ რწმენაზე.

დევნის მიუხედავად ურყევნი

იმის გამო, რომ კონფლიქტურ ზონაში ვითარება კონტროლს არ ექვემდებარება, მოწმეებს საშუალება არა აქვთ, იურიდიული ბერკეტები გამოიყენონ თავის დასაცავად. მოწმეებმა ამ და სხვა მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდეს, მათ შორის გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, რომელიც ადამიანების წამების თემაზე აკეთებს მოხსენებებს.

იეჰოვას მოწმეებს იმ სირთულეების მიუხედავად, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხვდებიან, გადაწყვეტილი აქვთ, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნონ, განაგრძონ ღვთის მსახურება და, ამავე დროს, სიფრთხილე არ დაკარგონ. ისინი იმედოვნებენ, რომ უფლებამოსილი პირები მხარს დაუჭერენ რელიგიის თავისუფლების შესახებ ადამიანის ძირითად უფლებას.

a სამხედროები იურის (ნაჩვენებია პირველ სურათზე) იმიტომ დაესხნენ თავს, რომ ის იეჰოვას მოწმეა. ერთ შემთხვევაში მათ ის ქუჩაში გააჩერეს, როცა იური რელიგიური მსახურებიდან ბრუნდებოდა. დანარჩენ ორ შემთხვევაში კი მას საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. თავდამსხმელები იურისგან მოითხოვდნენ, რომ უარი ეთქვა თავის რელიგიურ მრწამსზე და შეეწყვიტა იმ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, რომელსაც იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ეწევიან.