არჩეულ მასალაზე გადასვლა

უკვე 100 წელია, რაც უკრაინულ ენაზე „საგუშაგო კოშკი“ გამოიცემა.

4 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
უკრაინა

უკრაინულ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ გამოცემიდან ასი წელი გავიდა

უკრაინულ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ გამოცემიდან ასი წელი გავიდა

„საგუშაგო კოშკი“ უკრაინულ ენაზე პირველად 1924 წლის იანვარში გამოიცა.

2024 წლის იანვარში ასი წელი სრულდება უკრაინულ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ გამოცემიდან. უკრაინამდე სასიხარულო ცნობამ 1891 წლის დასაწყისში მიაღწია. ამ ცნობას ბევრი დადებითად გამოეხმაურა. ათწლეულების განმავლობაში მოწმეების რიცხვს უამრავი ადამიანი შეუერთდა ქვეყანაში. თუმცა, მეოცე საუკუნის დასაწყისში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო უამრავი უკრაინელი გადავიდა საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში, ძირითადად, კანადასა და აშშ-ში.

1923 წელს კანადაში ყოფნისას ჯოზეფ რუტერფორდმა ემილ ზარისკის სთხოვა, „საგუშაგო კოშკის“ უკრაინულ ენაზე თარგმნა დაეწყო. ემილის მშობლები უკრაინიდან იყვნენ კანადაში საცხოვრებლად გადასული. ემილს ახალი დაწყებული ჰქონდა წიგნების დამტარებლად (პიონერი) და პილიგრიმად (სარაიონო ზედამხედველი) მსახურება. Მართალია, ის დაქორწინებული იყო და 5 შვილიც ჰყავდა, მაგრამ უარი არ უთქვამს ჯოზეფ რუტერფორდის შეთავაზებაზე. Შედეგად, 1924 წლის იანვარში „საგუშაგო კოშკის“ პირველი ნომერი გამოიცა უკრაინულ ენაზე. მას შემდეგ ემილი 40 წლის მანძილზე ერთგულად ასრულებდა მთარგმნელობით საქმეს. Მისი ქალიშვილი როუზი იხსენებს: „ახლაც ყურში ჩამესმის საბეჭდი მანქანის ხმა, რომელიც მთელ სახლში ისმოდა. მამა შეუჩერებლად მუშაობდა“.

1964 წელს ემილმა მორის სარანჩუკი და მისი მეუღლე ანა მოამზადა მთარგმნელობითი საქმის გასაგრძელებლად. ისინი განსაკუთრებული გულმოდგინებით შეუდგნენ ამ დავალების შესრულებას. ანა და მორისი ზოგჯერ სამსახურში შესვენების დროსაც კი „საგუშაგო კოშკის“ სტატიებს თარგმნიდნენ საკუთარ ავტომობილში. გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ დარბაზში ძმებმა მათი საქმიანობისთვის პატარა სივრცე გამოყვეს. 1977 წელს სარანჩუკები კანადის ბეთელში მიიწვიეს. დროთა განმავლობაში ფილიალში მომსახურე სხვა ძმებმაც, რომლებიც უკრაინულად საუბრობდნენ, გაიარეს მომზადება, რათა ბიბლიური ლიტერატურა ეთარგმნათ.

მარცხნივ: ემილ და მარია ზარისკები, რომლებმაც პირველებმა თარგმნეს „საგუშაგო კოშკი“ უკრაინულ ენაზე 1924 წელს. მარჯვნივ: მარკუს და ანა სარანჩუკები, რომლებიც „საგუშაგო კოშკის“ თარგმნაში იღებდნენ მონაწილეობას 1960-იანი წლებიდან.

იეჰოვას მოწმეების საქმიანობა საბჭოთა კავშირში 1940-იანი წლების ბოლოს აიკრძალა. ეს აკრძალვა ათეულობით წლები გაგრძელდა. ძმები ქვეყანაში „საგუშაგო კოშკისა“ და სხვა ბიბლიური ლიტერატურის შესატანად სხვადასხვა გზას მიმართავდნენ. ისინი დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, რომ ლიტერატურა მიღებისთანავე გადაემრავლებინათ და და-ძმებისთვის დროულად მიეწოდებინათ სულიერი საზრდო. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, და-ძმებს საშუალება მიეცათ, თავისუფლად ემსახურათ ღვთისთვის. Მალევე გერმანიის ფილიალში ჩამოყალიბდა უკრაინული მთარგმნელობითი ჯგუფი. Მოგვიანებით ჯგუფმა პოლონეთში გადაინაცვლა. Საბოლოოდ კი, 2001 წელს, უკრაინის ფილიალის მშენებლობა დასრულდა და ჯგუფიც იქ გადავიდა. ერთი და, რომელიც ამ ჯგუფს ბოლო 30 წელია ეხმარება, აღნიშნავს: „იმ და-ძმებმა, რომლებმაც წამოიწყეს „საგუშაგო კოშკის“ თარგმნა და გავრცელება, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი საქმიანობის წინსვლაში, რის შედეგებსაც დღეს აშკარად ვხედავთ. იმაზე ფიქრი, თუ როგორ თავდაუზოგავად შრომობდნენ ისინი, მამხნევებს და მეხმარება ჩემი საქმის შესრულებაში“.

დღეს „საგუშაგო კოშკი“ უკრაინულ ენაზე მოლაპარაკე მილიონობით ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. ამჟამად უკრაინაში 541 უკრაინულენოვანი კრება და 67 ჯგუფია. აგრეთვე ამ ენაზე არსებობს კრებები და ჯგუფები ავსტრიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიაში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ესპანეთში, ირლანდიაში, იტალიაში, კანადაში, პოლონეთში, საფრანგეთში, სლოვაკეთში, შვედეთში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და ხორვატიაში.

„Საგუშაგო კოშკის“ მშობლიურ ენაზე წაკითხვა დღემდე უამრავ უკრაინულენოვან ადამიანს მისცა საშუალება, „დაემყარებინათ იმედი ღმერთზე“ (ფსალმუნი 78:7).