2017 წლის 24 მარტი
უკრაინა
უკრაინის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ გაამყარა მშვიდობიანი შეკრების უფლება
2016 წლის 8 სექტემბერს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა მშვიდობიანი შეკრების უფლებას მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ყოველგვარი შეფერხების გარეშე. სასამართლომ გააუქმა 1991 წელს მიღებული კანონის („კანონი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების შესახებ უკრაინაში“) ერთ-ერთი პუნქტი, რომლის თანახმადაც, რელიგიურ ორგანიზაციებს მოეთხოვებოდათ სახელმწიფოსგან ნებართვის აღება დაქირავებულ შენობებში რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ეს შეზღუდვა არღვევს მშვიდობიანი შეკრების უფლებას, რაც ქვეყნის კონსტიტუციითაა გარანტირებული. ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ უკრაინაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, რომლებიც რელიგიური შეხვედრებისთვის შენობების დაქირავების დროს არაერთხელ წააწყდნენ წინააღმდეგობას.
მთავრობის წარმომადგენლები მოწმეებს არ აძლევენ რელიგიური შეხვედრების ჩატარების ნებართვას
მას შემდეგ, რაც რელიგიის შესახებ კანონი ძალაში შევიდა, მოწმეების მიმართ უარყოფითად განწყობილი უფლებამოსილი პირები ამ კანონს თვითნებურად იყენებდნენ, რათა დაერღვიათ იეჰოვას მოწმეებთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულება. მაგალითად, 2012 წლის ზაფხულში ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ათასობით იეჰოვას მოწმე სამდღიან კონგრესზე დასასწრებად ემზადებოდა, რომელიც ქალაქ სუმიში უნდა ჩატარებულიყო. მოწმეებს გაფორმებული ჰქონდათ ქირავნობის ხელშეკრულება ქალაქის სტადიონის ადმინისტრაციასთან და სამზადისიც დაწყებული იყო. როგორც კონსტიტუციით მოითხოვებოდა, მოწმეებმა წინასწარ შეატყობინეს ოფიციალურ პირებს დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე. კონგრესამდე, სულ რაღაც, ერთი თვით ადრე სუმის მუნიციპალურმა საბჭომ რელიგიის შესახებ კანონის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ მოწმეების მხრიდან უბრალო შეტყობინება არ იყო საკმარისი. ამ საბჭოს გადაწყვეტილებით, იეჰოვას მოწმეებს სტადიონის გამოსაყენებლად ნებართვა სჭირდებოდათ, რომლის გაცემაზეც საბჭომ უარი განაცხადა.
იეჰოვას მოწმეებმა სასწრაფოდ გაუწიეს ორგანიზება, რომ კონგრესი ქალაქ ხარკოვში ჩატარებულიყო, რომელიც სუმიდან დაახლოებით 200 კილომეტრითაა დაშორებული. 3 500-ზე მეტი იეჰოვას მოწმე იძულებული გახდა, საჩქაროდ შეეცვალა გეგმები. ბევრმა ასაკის ან ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლო ხარკოვში ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე დასწრება. სხვები იმიტომ ვერ დაესწრნენ კონგრესს, რომ ვერ შეძლეს სამსახურიდან გათავისუფლება ან საკმარისი თანხები არ ჰქონდათ მგზავრობის ხარჯების დასაფარავად. მომდევნო წელს სუმის მუნიციპალურმა საბჭომ რელიგიის შესახებ კანონის საფუძველზე კვლავ არ დართო მოწმეებს ნება, რომ ქალაქის სტადიონზე კონგრესი ჩაეტარებინათ.
ილია კობელი, ლვოვში არსებული იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელი, ამბობს: „სუმი გამონაკლისი არ ყოფილა. სხვა ქალაქებშიც არაერთხელ წავაწყდით წინააღმდეგობას რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად შენობების დაქირავების დროს“. მაგალითად, 2012 წლის მარტში ქალაქ ვინიცის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ მისცეს მოწმეებს დაქირავებულ დარბაზში რელიგიური შეხვედრის ჩატარების უფლება, რის გამოც მათ ბოლო წუთებში მოუწიათ სხვა ადგილის მოძებნა. რამდენიმე თვის შემდეგ მოგილიოვ-პოდოლსკშიც არ მისცეს იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებას დაქირავებულ შენობაში ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარების უფლება მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ შენობით უკვე სამი წელი სარგებლობდნენ. ვინაიდან მოწმეებს არ ჰქონდათ შეხვედრების ჩასატარებლად სხვა შესაფერისი ადგილი, კრების წევრები იძულებული გახდნენ, კერძო სახლებში ჩაეტარებინათ შეხვედრები, რაც მეტად მოუხერხებელი იყო.
2015 წლის თებერვალში ვინიცის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადებით, იეჰოვას მოწმეებმა არაერთხელ დაარღვიეს ზემოხსენებული კანონი. ადმინისტრაციის თქმით, კანონდარღვევა იმაში მდგომარეობდა, რომ იეჰოვას მოწმეები არ ითხოვდნენ ნებართვას ისეთ შენობებში რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად, რომლებიც მათ მფლობელობაში არ შედიოდა. ადმინისტრაცია თვლიდა, რომ მხოლოდ შეტყობინება არ იყო საკმარისი.
მოწმეები სამართალს ეძებენ
ბოლო წლებში იეჰოვას მოწმეები თაყვანისცემისთვის განკუთვნილ საკუთარ შენობებში, უმეტესწილად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე იკრიბებიან. მაგრამ პრობლემა მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა სპეციალური შეხვედრების ან რეგიონული კონგრესების ჩასატარებლად საჭირო ხდება უფრო დიდი შენობების დაქირავება. უკრაინის კონსტიტუცია რელიგიურ ორგანიზაციებს დაქირავებულ დარბაზებში მშვიდობიანად შეკრების ნებას რთავს იმ პირობით, თუ წინასწარ აცნობებენ ამის შესახებ უფლებამოსილ პირებს. ილია კობელი ამბობს: „ამ პრობლემის მთავარი მიზეზი არის რელიგიის შესახებ კანონი, რომელიც მეტისმეტად შემზღუდველია. ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილი პირებისგან ნებართვის აღება არ მოითხოვება. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ უკრაინის პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარს, იგივე ომბუდსმენს მივმართეთ“.
ომბუდსმენი ვალდებულია, დაიცვას უკრაინის მოქალაქეების კონსტიტუციითა და კანონით გარანტირებული უფლებები. მას შემდეგ, რაც კარგად გაეცნო იმ სირთულეებს, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები ხვდებოდნენ, ომბუდსმენმა განაცხადა, რომ რელიგიის შესახებ კანონი წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან. კონსტიტუცია იძლევა დაქირავებულ შენობებში რელიგიური შეხვედრების ჩატარების უფლებას იმ პირობით, თუ ამის თაობაზე წინასწარ შეატყობინებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამის საპირისპიროდ, რელიგიის შესახებ კანონი მოითხოვს, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სულ მცირე, ათი დღით ადრე აიღონ ნებართვა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაქირავებულ შენობებში რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად.
2015 წლის 26 ოქტომბერს ომბუდსმენის ოფისმა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ რელიგიის შესახებ კანონის ზემოხსენებული სადავო პუნქტი არაკონსტიტუციურია. ამ მიმართვაში ახსნილი იყო, რომ მშვიდობიანად შეკრების უფლება ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებაა. გარდა ამისა, მასში აღნიშნული იყო, რომ „სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს თვითნებური ზომების მიღებისგან, რომელიც ხელყოფს მოქალაქეების მშვიდობიანად შეკრების უფლებას“. ომბუდსმენის განაცხადის მხარდასაჭერად იეჰოვას მოწმეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინეს წერილი, სადაც ახსნილი იყო, თუ რა წინააღმდეგობას აწყდებოდნენ მოწმეები რელიგიური შეხვედრებისთვის შენობების დაქირავების დროს.
საკონსტიტუციო სასამართლო აუქმებს კანონის სადავო პუნქტს
2016 წლის 8 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არც ერთი კანონი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც ითვალისწინებს მშვიდობიანად შეკრებას იმ პირობით, თუ ამის თაობაზე წინასწარ შეატყობინებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. სასამართლომ აგრეთვე მხედველობაში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-9 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს რელიგიის თავისუფლების უფლებას, და მე-11 მუხლი, რომელიც იძლევა მშვიდობიანი შეკრების უფლებას სახელმწიფოს მხრიდან არასამართლებრივი ჩარევის გარეშე. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 1991 წელს რელიგიის შესახებ მიღებული კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც, რელიგიური ორგანიზაციებისგან მოითხოვებოდა მთავრობის წარმომადგენლებისგან ნებართვის აღება დაქირავებულ შენობებში რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად.
მისასალმებელი გადაწყვეტილება
დაქირავებულ შენობებში რელიგიური შეხვედრების ჩატარება მეტად აღარ არის დამოკიდებული მთავრობის წარმომადგენლების არჩევანზე. კონსტიტუცია იძლევა გარანტიას, რომ, თუ მოწმეები წინასწარ შეატყობინებენ ოფიციალურ პირებს დაქირავებულ შენობაში დაგეგმილი რელიგიური შეხვედრის შესახებ, მათ ამ მოთხოვნაზე უარს ვერავინ ეტყვის.
ილია კობელი უკრაინაში მცხოვრები 140 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმის სახელით ამბობს: „არც თუ ისე დიდი ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაამყარა მშვიდობიანი შეკრების უფლება. გვიხარია, რომ რელიგიური შეხვედრებისთვის შენობების დაქირავების დროს უფლებამოსილი პირების მხრიდან მეტად აღარ წავაწყდებით წინააღმდეგობას“.