არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 28 ივლისი
უკრაინა

სამართალდამცავების უმოქმედობის გამო უკრაინაში დაუსჯელობის სინდრომი და ძალადობა მძვინვარებს

სამართალდამცავების უმოქმედობის გამო უკრაინაში დაუსჯელობის სინდრომი და ძალადობა მძვინვარებს

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“. ეს კარგად ნაცნობი სიტყვები ზუსტად ასახავს უკრაინაში არსებულ მდგომარეობას, სადაც სულ უფრო მეტი იეჰოვას მოწმე ხდება რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მსხვერპლი. მოწმეები მადლიერები არიან, რომ უკრაინის მთავრობა აღიარებს მათი თაყვანისცემის თავისუფლების უფლებას, თუმცა შეშფოთებას ვერ მალავენ იმ ძალადობის გამო, რომელსაც რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე უფრო მეტი სიმძაფრით ავლენენ მათი მისამართით და ისიც არანაკლებ აშფოთებთ, რომ სამართალდამცავები არანაირ დამსჯელ ზომებს არ იღებენ მოძალადეთა წინააღმდეგ.

თავდასხმები ხშირ ხასიათს იძენს

2008 წლიდან მოყოლებული უკრაინაში 64 მოწმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათგან ზოგს თავს მაშინ დაესხნენ, როცა რელიგიურ მსახურებას ასრულებდნენ, ზოგს კი — როცა დაასრულეს თავისი მსახურება. ამ თავდასხმებიდან თექვსმეტი უშუალოდ მართლმადიდებელმა მღვდლებმა განახორციელეს.

2008—2013 წლებში აგრეთვე ადგილი ჰქონდა 190 ვანდალურ თავდასხმას, რომელიც თაყვანისცემის ადგილებზე, სამეფო დარბაზებზე განახორციელეს; ამასთან, თავდამსხმელებმა 13-ჯერ სცადეს ჩვენი თაყვანისცემის ადგილების გადაწვა. 2012—2013 წლებში სამეფო დარბაზებზე თავდასხმების რიცხვი წინა ოთხ წელთან შედარებით გაორმაგდა.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმებმა უფრო აგრესიული ხასიათიც მიიღო. 2012 წელს დონეცკის ოლქში ორი სამეფო დარბაზი მთლიანად გადაწვეს. 2013 წელს თავდასხმის ორ შემთხვევაში მოწმეების საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

მოწმეებმა დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართეს, მაგრამ ამ უკანასკნელებმა არც დაუყოვნებლივ იმოქმედეს, არც სათანადო გამოძიება აწარმოეს და, როგორც ჩანს, არც საჭირო ზომები მიიღეს ძალადობის აღმოსაფხვრელად.

სამართალდამცავთა უმოქმედობა

ქალაქ ჰორლოვკაში (დონეცკის ოლქი) 2014 წლის 5 ივნისს სამეფო დარბაზზე ვანდალური თავდასხმა განახორციელეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს

ვანდალიზმი. საჭირო დროს პოლიცია ან საერთოდ არ ახდენს რეაგირებას ან აყოვნებს სათანადო ზომების მიღებას. როდესაც პოლიციის განყოფილებაში კრიმინალური აქტის შესახებ ცნობა შედის, სამართალდამცავები საერთოდ არ ერევიან და არც დაუყოვნებლივ მოქმედებენ. მაშინაც კი, თუ საქმე სასამართლომდე მიდის, პროკურორი ან თავს იკავებს მოძალადისთვის ბრალის წაყენებისგან ან სასამართლოს არ გამოაქვს საჭირო განაჩენი და მხოლოდ სიმბოლურ სასჯელს კმაყოფილდება. 2008—2012 წლებში სამართალდამცავებმა არანაირი ზომა არ მიიღეს 111 ვანდალური ქმედების შემთხვევაში და არ დასაჯეს დამნაშავეები.

ფიზიკური შეურაცხყოფა. ხშირ შემთხვევაში პოლიცია სათანადოდ არ იძიებს თავდასხმის შემთხვევებს. ამასთან, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაადგინოს დამნაშავეთა ვინაობა. როდესაც მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება, სამართალდამცავები ხშირად არ სჯიან მოძალადეებს, ხოლო როცა სასამართლოს მოძალადეთა წინააღმდეგ გამოაქვს განაჩენი, სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რადგან სასამართლოს მიერ დანაშაული არ განიხილება, როგორც რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე გამოვლენილი ძალადობა.

ვინაიდან დამნაშავეები სათანადოდ არ ისჯებიან, უკრაინაში ბოლო არ უჩანს ძალადობას

ალექსანდრე ტრეტიაკის ცემის ფაქტი

ალექსანდრე ტრეტიაკი

განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა 2013 წლის 26 ნოემბერს, როდესაც 41 წლის მოწმეს, ალექსანდრე ტრეტიაკს რელიგიური მსახურების შემდეგ სახლისკენ მიმავალ გზაზე სასტიკად გაუსწორდნენ. სამი მამაკაცი 20 წუთის მანძილზე უმოწყალოდ სცემდა ამ მოწმეს. თავდამსხმელებს შორის დაზარალებულმა რუსლან ივანოვი, პოლიციის ყოფილი პოდპოლკოვნიკი ანატოლი დოვგანი და მისი სიძე, საგზაო პოლიციის თანამშრომელი, ევგენი იხლინსკი ამოიცნო. დაზარალებულმა ტრეტიაკმა როგორღაც მოახერხა თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა და სასტიკად ნაცემმა საავადმყოფოს შეაფარა თავი. მას ცხვირის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული, აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხეულზე არაერთი მძიმე დაზიანება.

ასეთი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, გამომძიებელმა აღნიშნა, რომ დაზარალებულს სხეულის მხოლოდ „მსუბუქი“დაზიანება მიაყენა იმ სამმა თავდამსხმელმა, რომელთა ვინაობის დადგენაც, მისივე თქმით, ვერ მოხერხდა. ალექსანდრ ტრეტიაკი საავადმყოფოდან ნაადრევად, სულ რაღაც, ორ კვირაში გაწერეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავებს მოუწევდათ აღიარება, რომ ეს თავდასხმის ფაქტი „მსუბუქზე“ გაცილებით სერიოზული იყო. მძიმე მდგომარეობის გამო ალექსანდრე ტრეტიაკი მეორე დღესვე დააბრუნეს საავადმყოფოში, სადაც მან მთლიანობაში 23 დღე დაჰყო.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ თავდამსხმელს, კერძოდ რუსლან ივანოვს ბრალდებები წაუყენეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიმალა. დაზარალებული ტრეტიაკი შიშობს, რომ შეიძლება ის კვლავაც აღმოჩნდეს თავდასხმის მსხვერპლი. იგი აღნიშნავს: „ოდნავადაც კი არ მეპარება ეჭვი, რომ თავდამსხმელებს იეჰოვას მოწმეების მიმართ სიძულვილი ამოძრავებდათ და ჩემი მოკვლა ჰქონდათ განზრახული“.

მიიღებენ სამართალდამცავები საჭირო ზომებს?

უკრაინაში 150 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე წლების მანძილზე თავისუფლად ასრულებდა რელიგიურ მსახურებას და როცა წინააღმდეგობას ხვდებოდნენ, სამართალდამცავები მათ დასაცავად ყოველთვის იღებდნენ საჭირო ზომებს. მოწმეები იმედოვნებენ, რომ სამართალდამცავები სათანადოდ გამოიძიებენ დანაშაულის შემთხვევებს და დასჯიან დამნაშავეებს, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი აღმოიფხვრას.