არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ: პიონერული მსახურების სკოლა დარბაზში (სამბირი); ქვემოთ: იმავე სკოლას და-ძმები სარდაფიდან უსმენენ (ჟიტომირი).

2023 ᲬᲚᲘᲡ 1 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ
უკრაინა

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ №16 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

პიონერული მსახურების სკოლის განახლება

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ №16 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

2022 წლის 26 დეკემბრიდან მოყოლებული პიონერებსა და სპეციალურ პიონერებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისწავლონ პიონერული მსახურების სკოლაში უკრაინის შედარებით უსაფრთხო ტერიტორიებზე. ზოგი პიონერი ადგილზე ესწრება სკოლის პროგრამას, ზოგი კი — ზუმის მეშვეობით. საჰაერო თავდასხმების, უშუქობის, ფინანსური პრობლემებისა თუ ცუდი ინტერნეტკავშირის მიუხედავად, ჩვენი და-ძმები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ დაესწრონ ამ განსაკუთრებულ შეხვედრას. ამგვარ ძალისხმევას მათთვის არაერთი კარგი შედეგი მოაქვს.

დები უშუქობის დროს ერთად უსმენენ სკოლის პროგრამას ზუმის მეშვეობით. მათი ელექტრონული მოწყობილობები პორტატულ დამტენზეა მიერთებული.

ნატალია, რომელიც კრივი-რიჰიდანაა, ამბობს: „სკოლა ჩემთვის მაშველი რგოლივით იყო. ის დამეხმარა, რომ გავმკლავებოდი შფოთსა და შიშს“. ჩერნივციში მცხოვრები ანასტასია აღნიშნავს: „სკოლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ იეჰოვას ძალიან ვუყვარვარ. გასული წელი საშინელი მოვლენებით იყო სავსე. სკოლის პროგრამა ზუსტად ის იყო, რაც ასე მჭირდებოდა. ახლა უფრო მეტად ვარ მოტივირებული, რომ ვიბრძოლო იეჰოვას მხარდაჭერის მისაღებად“.

ერთ პიონერ დას, სვიტლანას, რომელიც კიცმანში მსახურობს, თავიდან აშინებდა, შეძლებდა თუ არა სკოლის გავლას. ის ამბობს: „იეჰოვას გავანდე ჩემი საწუხარი და ჩემი ფინანსური პრობლემების შესახებაც ვუთხარი. ამის შემდეგ მას მივენდე და არც ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი. იეჰოვას სიყვარული და მზრუნველობა აშკარად ვიგრძენი“. სვიტლანას გაბედული საქციელის შემხედვარე, მისმა ქმარმაც, რომელიც არაა იეჰოვას მოწმე, კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო.

ინტერნეტკავშირის შეწყვეტის გამო ვიქტორია ახლომდებარე მეტროსადგურის ინტერნეტით განაგრძობს სკოლის მოსმენას.

ჟიტომირში მცხოვრებ პიონერებს სკოლის პერიოდში ორჯერ მოუწიათ მიწისქვეშა თავშესაფარში გადასვლა მოსალოდნელი დაბომბვის გამო. იქ ოთახს შეშის ღუმლით ათბობდნენ და სკოლის პროგრამასაც იქიდან ერთვებოდნენ. ვალენტინა, რომელიც ახლახან გადავიდა ჟიტომირში, აღნიშნავს: „ეს სკოლა არასდროს დამავიწყდება. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იეჰოვას ფრთებქვეშ ვყავდი შეფარებული“.

სხვა ქვეყნებში მცხოვრები პიონერების მსგავსად, უკრაინელმა პიონერებმაც ძალიან გაიხარეს, როდესაც საათების ნორმის შემცირების შესახებ შეიტყვეს. განცხადების მოსმენის შემდეგ იულიამ თქვა: „გული იეჰოვას სიყვარულით მაქვს სავსე. სწორედ იმ დილით ვემუდარებოდი მას, დამხმარებოდა, რომ პიონერობა გამეგრძელებინა. არ ვიცოდი, როგორ მიპასუხებდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდა. როდესაც საათების ნორმის შემცირების შესახებ განცხადება მოვისმინე, იეჰოვასადმი მადლიერების გრძნობა გამიორმაგდა. ვიგრძენი, რამდენ რამეს აკეთებდა ის ჩემთვის. ეს ახალი ამბავი უგემრიელესი დესერტივით იყო სკოლის მსუყე პროგრამის შემდეგ“.

ქვემოთ მოცემულია 2023 წლის 24 იანვრის მონაცემები, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი და-ძმების მიერაა მოწოდებული. თუმცა ციფრები შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მცხოვრებ და-ძმებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

დაზარალებული და-ძმები

  • დაიღუპა 47 და-ძმა.

  • დაშავდა 97 მაუწყებელი.

  • 8 953 მაუწყებელს მოუწია ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გაქცევა.

  • მთლიანად დაინგრა 590 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 645 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 1 722 სახლი.

  • მთლიანად დაინგრა 8 დარბაზი.

  • სერიოზულად დაზიანდა 17 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა 76 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • უკრაინის მასშტაბით 26 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს და-ძმებზე.

  • შეკეთდა 46 სახლი.

  • შეკეთდა 5 დარბაზი.

  • კომიტეტები 54 445 მაუწყებელს დაეხმარნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.

  • ქვეყანა დატოვა 27 655-მა მაუწყებელმა, რომელთაც ჩვენმა და-ძმებმა აღმოუჩინეს დახმარება.