არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 3 აპრილი
ფილიპინები

იეჰოვას მოწმეებმა სამ ენაზე გამოსცეს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ფილიპინებზე

იეჰოვას მოწმეებმა სამ ენაზე გამოსცეს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ფილიპინებზე

2019 წლის იანვარში ფილიპინებზე გამართულ სპეციალურ ღონისძიებებზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა მარკ სანდერსონმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლია სებუურ, ტაგალურ და ვარაი-ვარაი ენებზე. სებუური ბიბლიის გამოცემა გამოცხადდა 12 იანვარს „ჰუპს დომის“ დარბაზში, ქალაქ ლაპუ-ლაპუში. მომდევნო დღეს კუნძულ ლეიტეზე, ქალაქ პალოში, ლეიტეს აკადემიურ ცენტრში გამოცხადდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა ვარაი-ვარაი ენაზე. 20 იანვარს კი კესონ-სიტიში, მანილას საკონგრესო დარბაზში გამოცხადდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა ტაგალურ ენაზე.

გახარებული ოჯახი, რომელმაც სებუურ ენაზე მიიღო გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“

პროგრამა ტრანსლაციით გადაიცემოდა ასობით სამეფო დარბაზში; დამსწრეებს დაურიგდათ ბიბლიის 163 000-ზე მეტი ეგზემპლარი.

ფილიპინების ფილიალის წარმომადგენელი, ძმა დინ ჯასეკი აღნიშნავს: „სებუური და ტაგალური გამოცემა არის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა. თითოეული თარგმანის მომზადებას სამი წელი დასჭირდა. ვარაი-ვარაი ენაზე აქამდე მხოლოდ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები იყო ხელმისაწვდომი; ასე რომ, ჩვენს მკითხველს უკვე შეუძლია ისარგებლოს „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსიით. ამ თარგმანზე ხუთ წელზე მეტხანს მუშაობდნენ“.

ფილიპინებზე მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი სებუურ, ტაგალურ ან ვარაი-ვარაი ენებზე საუბრობს. ამ რიცხვში შედის დაახლოებით 160 000 იეჰოვას მოწმე და 197 000-ზე მეტი ბიბლიის შემსწავლელი. გარდა ამისა, ამ ახალი თარგმანებით ისარგებლებს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ათი ათასობით ფილიპინელი.

და დონიკა ჯანსუი, რომელიც შეერთებულ შტატებში ტაგალურ კრებაში მსახურობს, ახალ თარგმანთან დაკავშირებით ამბობს: „გადამუშავებული ტაგალური თარგმანი მარტივი და გასაგები ენით არის შესრულებული. ასეთი მარტივი ენის გამოყენებით ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს იეჰოვა პირადად გვესაუბრება და ბიბლიური ცნობაც უფრო მეტად ეხება ჩვენს გულებს“.

დღეისათვის, მთლიანობაში ან ნაწილობრივ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ხელმისაწვდომია 179 ენაზე. მადლობას ვუხდით იეჰოვას, რადგან ის შესაძლებლობას აძლევს ჩვენს და-ძმებს და მათ, ვისაც ისინი ბიბლიურ ცნობას გადასცემენ, რომ ისარგებლონ ადვილად გასაგები თარგმანით (საქმეები 13:48).