2017 წლის 4 სექტემბერი
ფინეთი
იეჰოვას მოწმეები ფინეთის ქალაქ ტურკუში მომხდარი თავდასხმის შემდეგ თანამორწმუნეებსა და სხვებს ამხნევებენ
ჰელსინკი — 2017 წლის 18 აგვისტოს, პარასკევს, შუადღისას, ფინეთში ერთი იეჰოვას მოწმე ქალი მოკლეს. თავდამსხმელის სამიზნე ქალები იყვნენ. ამ თავდასხმის დროს, რომლის გამოძიებაც ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს, კიდევ ერთი ქალი დაიღუპა და 8 ადამიანი დაშავდა. ეს შემზარავი ფაქტი ფინეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო ზოლში მდებარე ქალაქ ტურკუში სავაჭრო მოედანზე მოხდა. ფინეთში იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენლებმა, სარაიონო ზედამხედველმა და ადგილობრივი კრების უხუცესებმა დაუყოვნებლივ მოინახულეს და გაამხნევეს ის ადამიანები, რომლებსაც დიდი ტკივილი მიაყენა ამ ტრაგედიამ.
ფინეთში იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელი ვეიკო ლეინონენი აღნიშნავს: „მართლაც შემაძრწუნებელი და ტრაგიკული შემთხვევაა. ძალიან ვწუხვართ, რომ ინციდენტს ჩვენი საყვარელი პიონერი და შეეწირა, რომელიც თავდასხმის დროს სტენდთან ქადაგებდა. კარგად გვესმის, რომ, რაც არ უნდა ფრთხილად ვიყოთ, შეუძლებელია ყოველთვის ავარიდოთ თავი საფრთხეს, იქნება ეს ძალადობა თუ ტერორიზმი. ჩვენ არ ვწყვეტთ ერთმანეთის გამხნევებას და განსაკუთრებით გარდაცვლილი დის ოჯახს ვუდგავართ მხარში. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ შინაგანი სიმშვიდე მისცეს მგლოვიარეებს. ამასთანავე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომხდარის მიუხედავად, ტურკუში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მსახურება არ შევწყვიტოთ“ (ეკლესიასტე 9:11; რომაელები 15:13; ფილიპელები 4:6, 7).
ადგილობრივმა ფილიალმა ფინეთში ყველა კრებას წერილი გაუგზავნა, რათა და-ძმები სულიერად და ემოციურად გაემხნევებინა. ფილიალმა აგრეთვე ორგანიზება გაუწია სპეციალურ შეხვედრას იმ 135 და-ძმის გასამხნევებლად, რომლებიც ქალაქ ტურკუში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ქადაგებენ. პიონერები მზად არიან, კვლავაც გაბედულად განაგრძონ სტენდებით ქადაგება.
ტურკუში მცხოვრები უამრავი ადამიანი შეშფოთებულია მომხდარი ტრაგედიის გამო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა ფინეთში, ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. თავდასხმიდან მეორე დღესვე ძმები ხალხის გამხნევებას შეუდგნენ; ისინი თანაგრძნობით უსმენდნენ და ანუგეშებდნენ მათ სავაჭრო მოედანზე ქადაგებისას თუ კარდაკარ მსახურების დროს.
ფინეთის ფილიალი მადლიერია, რომ მსოფლიო საძმო ლოცულობს მათთვის და გამამხნევებელ წერილებს უგზავნის (1 პეტრე 2:17; 5:9). ყველაზე მეტად კი იეჰოვას ვემადლიერებით, „ღმერთს, რომელიც მოთმინებასა და ნუგეშს გვაძლევს“ (რომაელები 15:5).
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
ფინეთი: ვეიკო ლეინონენი, ტელ. +358-400-453-020