არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 17 აპრილი
ფიჯი

ვანუატუს და ფიჯის კუნძულებს ტროპიკულმა ციკლონმა „ჰაროლდმა“ გადაუარა

ვანუატუს და ფიჯის კუნძულებს ტროპიკულმა ციკლონმა „ჰაროლდმა“ გადაუარა

2020 წლის 5 აპრილს ვანუატუს ჩრდილოეთ კუნძულებს მეხუთე კატეგორიის ტროპიკული ციკლონი „ჰაროლდი“ დაატყდა თავს და დიდი ზიანი მიაყენა. ციკლონმა ვანუატუს სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი და 8 აპრილს ფიჯის კუნძულების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილსაც გადაუარა, სადაც არანაკლები ზარალი გამოიწვია. თავდაპირველი მონაცემებით არცერთი იეჰოვას მოწმე არ არის დაშავებული ან დაღუპული.

ესპირიტუ-სანტოზე, რომელიც ვანუატუს ყველაზე დიდი კუნძულია და უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობს, 280-მდე მაუწყებელი ცხოვრობს. მეზობელი კუნძულების მსგავსად ამ კუნძულმაც დიდი ზარალი განიცადა — დაინგრა შენობები და განადგურდა მოსავალი. ფიჯიზე დაახლოებით 260 მაუწყებლის კერძო საკუთრებას სერიოზული ზიანი მიადგა. ადგილობრივებს წყალი და ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდებათ. საკვების მარაგიც მცირე რაოდენობითაა.

ფიჯის ფილიალი ზედამხედველობას უწევს, რომ და-ძმები საკვებით, წყლით და თავშესაფრით იყვნენ უზრუნველყოფილნი. ადგილობრივი უხუცესები ამხნევებენ და ანუგეშებენ სტიქიური უბედურებით დაზარალებულ თანაქრისტიანებს. გვიხარია, რომ სტიქიის ზონაში მცხოვრები და-ძმები დროულ ფიზიკურ და სულიერ დახმარებას იღებენ (იგავები 17:17).