2017 წლის 26 იანვარი
ყაზახეთი
ყაზახეთში ერთი იეჰოვას მოწმე ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს
2017 წლის 18 იანვარს ყაზახეთში ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა თეიმურ ახმედოვი იმის გამო დააპატიმრა, რომ სხვებს საკუთარ მრწამსს უზიარებდა. 2016 წლის მაის-ივნისში თეიმური ნაქირავებ სახლში სტუმრობდა შვიდ მამაკაცს, რომლებმაც თავად გამოთქვეს სურვილი, იეჰოვას მოწმეების რელიგიურ შეხედულებებს გასცნობოდნენ. მოგვიანებით ეს მამაკაცებიც ესტუმრნენ თეიმურს სახლში. ბოლოს აღმოჩნდა, რომ „ბიბლიის შემსწავლელები“ საუბრის ფარულ ვიდეოჩანაწერებს აკეთებდნენ.
თეიმური „რელიგიური შუღლის გაღვივებასა“ და „რელიგიურ პროპაგანდაში“ დაადანაშაულეს იმის გამო, რომ მშვიდობიან პირობებში ატარებდა ბიბლიის შესწავლას. მას 60-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში თეიმურს 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
60 წლის თეიმური დაოჯახებულია. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. მისმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს გადაწყვეტილება რომელიც თეიმურის წინასწარ პატიმრობას ეხებოდა. სავარაუდოდ, სასამართლო 2017 წლის 23 იანვრით დაწყებულ კვირაში განიხილავს ამ საჩივარს.