არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 22 თებერვალი
ყაზახეთი

ყაზახეთის მთავრობას მიმართავენ თხოვნით, გაათავისუფლოს თეიმურ ახმედოვი

ყაზახეთის მთავრობას მიმართავენ თხოვნით, გაათავისუფლოს თეიმურ ახმედოვი

61 წლის თეიმურ ახმედოვი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, ერთ წელზე მეტია, პატიმრობაში იმყოფება. მას ჯერ კიდევ პატიმრობამდე ჰქონდა ჯანმრთელობა შერყეული. თეიმურის ოჯახის წევრები და მეგობრები ძალიან განიცდიან მის მდგომარეობას. 2018 წლის 8 თებერვალს მას ჩაუტარდა ოპერაცია. თეიმურ ახმედოვს ორი სიმსივნური წარმონაქმნი ამოკვეთეს, რომელთაგანაც ერთი ავთვისებიანი იყო. თეიმურის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა თხოვნით მიმართეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ იგი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ, რადგან პავლოდარის ციხის პირობები მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, მას დამატებითი მკურნალობა ესაჭიროება. ყაზახეთის მთავრობა დღემდე უარს აცხადებს მის გათავისუფლებაზე.

ყაზახეთის სასამართლოებმა თეიმურ ახმედოვს უსამართლოდ მიუსაჯეს 5-წლიანი პატიმრობა. მისი პატიმრობის ვადა 2022 წელს ამოიწურება. თეიმურ ახმედოვი იმის გამო დააპატიმრეს და გაასამართლეს, რომ იგი რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობდა. მთავრობამ მისი სახელი ტერორიზმში ეჭვმიტანილთა სიაში შეიყვანა, რომელთა საბანკო ანგარიშებიც დაბლოკეს. ყაზახეთის სასამართლოებმა თეიმურ ახმედოვის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს.

თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა ყაზახეთის მთავრობას წერილობითი მიმართვა გაუგზავნა და მოუწოდა, გაათავისუფლოს თეიმურ ახმედოვი და მოუხსნას ცრუ ბრალდებები. გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ყაზახეთის მთავრობას მოსთხოვა, გაითვალისწინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის.

თეიმურ ახმედოვის ადვოკატმა განაცხადა: „უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრება, რომელსაც შერყეული ჯანმრთელობა აქვს და სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, სრულიად უსამართლო და გაუმართლებელია. გაეროს ორგანიზაციების მსგავსად ჩვენც თხოვნით მივმართავთ ყაზახეთის მთავრობას, გაითვალისწინოს თეიმურ ახმედოვის მდგომარეობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან“.