2018 წლის 6 ივნისი
ყაზახეთი
441 დღე ციხის კედლებს მიღმა — ინტერვიუ თეიმურ და მაფიზა ახმედოვებთან
2018 წლის 4 აპრილს ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, თეიმურ ახმედოვი შეიწყალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. თეიმურ ახმედოვმა ციხეში 441 დღე გაატარა იმ ბრალდებით, რომ თავის რელიგიურ მრწამსს სხვებს უზიარებდა.
უორიკში (ნიუ-იორკი) მდებარე იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელი თეიმურ ახმედოვის გათავისუფლებიდან მალევე ჩავიდა მასთან და მის მეუღლესთან შესახვედრად. თეიმურ ახმედოვი მეუღლესთან ერთად ახლა ქალაქ ასტანაში, ყაზახეთის დედაქალაქში იმყოფება. მოკლედ წარმოგიდგენთ მათ ინტერვიუს:
საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელი: ძმაო თეიმურ, მოგვიყევი შენ შესახებ, როდის გახდი იეჰოვას მოწმე?
თეიმურ ახმედოვი: მოვინათლე 2005 წლის 9 ოქტომბერს. ჭეშმარიტების გაგებამდე ათეისტი ვიყავი. არავინ და არაფერი არ მწამდა. ერთხელაც ჩემმა მეუღლემ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო; ძალიან მაინტერესებდა, რაზე საუბრობდნენ შესწავლის დროს; ამიტომ ხშირად კარს უკან ვიდექი და ჩუმად ყურს ვუგდებდი.
მათი საუბრის თემები ყოველთვის საინტერესო და გამამხნევებელი იყო. ცოტა ხანში მოწმეებმა ერთი ძმა, ვესლავი გამაცნეს, რომელიც წარმოშობით პოლონეთიდან იყო, მაგრამ იმ დროს ყაზახეთში მსახურობდა. როდესაც ძმა ვესლავს პირველად შევხვდი, ვუთხარი: „მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ, თუ დამაკმაყოფილებელ პასუხს გამცემ, დავმეგობრდებით და შენთან საუბრებსაც გავაგრძელებ. თუ არა და, არ გეწყინოს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ამით დამთავრდება“. ვკითხე: „რა ემართება ადამიანს სიკვდილის შემდეგ?“. მან ბიბლია ეკლესიასტეს 9:5-ზე გადამიშალა და მითხრა: „წაიკითხე და თავად გაიგებ, რა ემართება“. როცა ეს ბიბლიური მუხლი ამოვიკითხე, მივხვდი, რომ სიმართლე იყო. ძმა ვესლავს მორიგ შეხვედრაზე დავთანხმდი და ბიბლიის შესწავლა დავიწყე.
ესე იგი, ბიბლიის შესწავლა დაიწყე და 2005 წელს მოინათლე.
ახლა მოდი 2016 წელს მომხდარ იმ მოვლენებზე ვისაუბროთ, რომლებიც შენს დაპატიმრებას უძღოდა წინ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2016 წლის მაისში რამდენიმე მამაკაცს შეხვდი, რომლებსაც თითქოსდა აინტერესებდათ იეჰოვას მოწმეების სწავლებები. თვეების მანძილზე შენ მათ რამდენჯერმე შეხვდი, რათა ბიბლიაზე გესაუბრათ. როცა მათთან შეხვედრებს იხსენებ, ხომ არ იყო რაიმე საეჭვო მათ მოქმედებებში ან საუბრებში?
თეიმურ ახმედოვი: კი, იყო. მე მათ ავუხსენი, რომ ჩვეულებრივ ბიბლიის შესწავლები ინდივიდუალურად ტარდება და არა ჯგუფურად. ვურჩიე, რომ ბიბლიის შესწავლა ცალ-ცალკე განეგრძოთ, თუმცა ყოველ ჯერზე უარობდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჯგუფურად ერჩივნათ. ისინი ზოგჯერ შესწავლაზე სხვებსაც ეპატიჟებოდნენ და მთხოვდნენ, წინა შეხვედრაზე განხილული მასალა მათთვისაც ამეხსნა.
მაფიზა ახმედოვი: ერთხელ მათ შესწავლას მეც დავესწარი. საკმაო დრო იყო გასული, რაც ბიბლიას სწავლობდნენ, თუმცა შესწავლაზე მაინც სხვადასხვა რელიგიებს განიხილავდნენ. აგრეთვე შევნიშნე, რომ სტუდენტების კვალობაზე საკმაოდ ძვირადღირებულ ბინაში ცხოვრობდნენ და ვუთხარი, რომ სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით, ისინი ფუფუნებაში იყვნენ. ჩემი ასეთი კომენტარი არ ესიამოვნათ. წამოსვლისას თეიმური გვერდზე გაიხმეს და სანამ მე მას გარეთ ველოდებოდი, სთხოვეს, მათთან შესწავლაზე აღარ მივეყვანე.
როდის მიხვდი, რომ მათ იეჰოვას მოწმეების სწავლებები კი არ აინტერესებდათ, არამედ სინამდვილეში ყაზახეთის „ეროვნული უშიშროების კომიტეტის“ თანამშრომლები იყვნენ?
თეიმურ ახმედოვი: ამის შესახებ მხოლოდ სასამართლო პროცესზე გავიგე.
რა რეაქცია გქონდა, როცა დაგაპატიმრეს და ბრალი დაგდეს, თითქოს რელიგიურ შუღლს აღვივებდი და ამტკიცებდი, რომ შენი რელიგია სხვებზე უპირატესია?
თეიმურ ახმედოვი: სიმართლე გითხრათ, როცა დამაპატიმრეს, ვიფიქრე, როგორც თვითონ მეუბნებოდნენ, პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანდნენ, ახსნა-განმარტებას დამაწერინებდნენ და გამათავისუფლებდნენ. მზად ვიყავი, თავი დამეცვა და ამეხსნა, რის შესახებ ვსაუბრობდი ამ მამაკაცებთან.
ჩემდა გასაკვირად, ყველაფერი სხვანაირად წარიმართა, თუმცა არ შემშინებია. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა რელიგიური შუღლის გაღვივებასა და ექსტრემიზმში დამადანაშაულეს. იეჰოვას მოწმეები ხალხს ბიბლიურ ცნობას უზიარებენ და არაფერი აქვთ საერთო ექსტრემიზმთან და სიძულვილთან. ჩემს უდანაშაულობაში დარწმუნებული ვიყავი და ვიცოდი, რომ იეჰოვა დამეხმარებოდა. რა თქმა უნდა, განვიცდიდი, მაგრამ მახსოვდა ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).
მოგვიანებით, 2017 წლის 2 მაისს, სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ასტანას რაიონულმა სასამართლომ ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა მოგისაჯა და დამატებით სამი წლით აგიკრძალა რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობა. როგორ იმოქმედა ამ გადაწყვეტილებამ შენზე?
თეიმურ ახმედოვი: როცა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, მზად ვიყავი, თუ საჭირო იქნებოდა, სასჯელი სრულად მომეხადა. ვფიქრობდი: „თუ ეს ჩემი რწმენის გამოცდაა, იეჰოვამ იცის, როდემდე გაგრძელდება და როდის დამთავრდება“. გადაწყვეტილი მქონდა, იმდენ ხანს მომეთმინა, რამდენ ხანსაც საჭირო იქნებოდა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ციხეში ყოფნისას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გქონდა.
თეიმურ ახმედოვი: დაპატიმრებამდე უკვე ავად ვიყავი და მკურნალობას გავდიოდი. პატიმრობის დროს მკურნალობის პროცესი, რა თქმა უნდა, შეჩერდა და შედეგად ჩემი ჯანმრთელობაც გაუარესდა.
მაფიზა, შენ რა მდგომარეობაში იყავი ამ დროს?
მაფიზა ახმედოვი: განადგურებული ვიყავი და საშინელმა სასოწარკვეთილებამ მომიცვა. 38-წლიანი ცოლ-ქმრული თანაცხოვრების მანძილზე პირველად დავშორდით ერთმანეთს. იმდენად გამიჭირდა, რომ მის გარეშე ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც ვეღარ ვიღებდი. თუმცა თეიმური მანუგეშებდა და მეუბნებოდა: „არ ინერვიულო! ამ 5-წლიან განშორებას იეჰოვა 25 ბედნიერი წლით აგვინაზღაურებს“.
კიდევ რა დაგეხმარა ასეთი სირთულეების დროს?
მაფიზა ახმედოვი: ძალიან დამეხმარნენ და-ძმები. როცა თეიმური დააპატიმრეს, სიმართლე გითხრათ, მეგონა, ყველას შეეშინდებოდა ჩემთან მოსვლის, რადგან ეროვნული უშიშროების კომიტეტი ჩვენს სახლს უთვალთვალებდა და თითოეული კონტროლზე ვყავდით აყვანილი.
ერთხელ ერთი უხუცესი თავის მეუღლესთან ერთად მესტუმრა, რამაც ძალიან გამამხნევა. როცა ვკითხე, ხომ არ ეშინოდათ ჩემთან მოსვლის, მითხრეს: „რატომ უნდა გვეშინოდეს; დღეს უფლებამოსილ პირებს ჩვენი სატელეფონო საუბრების მოსმენაც კი შეუძლიათ. ამიტომ, თუ მოინდომებენ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე გვიპოვიან“.
სამწყემსო მონახულებისას უხუცესებმა გამამხნევეს და მირჩიეს, კვლავაც გამეძლიერებინა იეჰოვასადმი რწმენა და არ დამეშვა, რომ სირთულეებს დავეთრგუნე.
თეიმურ, რა დაგეხმარა, გაგეძლო ამ გამოცდისთვის და დადებითი განწყობა შეგენარჩუნებინა?
თეიმურ ახმედოვი: იეჰოვასადმი ლოცვა. ყოველდღე იეჰოვას ხელმძღვანელობას, ძალასა და გაგების უნარს ვთხოვდი, რათა სირთულეების დროს ერთგული დავრჩენილიყავი, სიხარული არ დამეკარგა და დადებითი განწყობა შემენარჩუნებინა. აშკარად ვგრძნობდი, როგორ პასუხობდა იეჰოვა ჩემს ლოცვებს. იეჰოვა მხარში მედგა და არასოდეს მიგრძვნია ციხეში თავი მარტოდ.
გარდა ამისა, ძალიან დამეხმარა ბიბლიის კითხვა. ერთ ციხეში ყოველდღე შემეძლო ბიბლიის კითხვა. მეორე ციხეში კი — მხოლოდ კვირაში ერთხელ და ისიც ბიბლიოთეკაში.
ყოველთვის მახსოვდა იმ ძმის სიტყვები, რომელმაც ბიბლია შემასწავლა. ის ხშირად მეუბნებოდა, რომ სირთულეებმა არ უნდა შეგვაშინოს. მახსოვს, ვკითხე: „თუ ისეთ რამეს შევხვდები, რომელიც ჩემთვის რთული ასატანი იქნება, როგორ არ უნდა შემეშინდეს ამ დროს?“. მან მიპასუხა: „იეჰოვა არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომლის ატანაც ჩვენს ძალებს აღემატება და მის ასატანად ძალასაც მოგცემს“ (1 კორინთელები 10:13). ციხეში ყოფნის დროს ეს მუხლი ყოველთვის გონებაში მიტრიალებდა.
რა გრძნობა დაგეუფლა, როდესაც გაიგე, რომ და-ძმები მთელ მსოფლიოში შენთვის ლოცულობდნენ?
თეიმურ ახმედოვი: ცხადად ვიგრძენი იეჰოვას ხელი, რადგან ეს და-ძმები იეჰოვას ორგანიზაციის წევრები არიან. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მარტო არასოდეს ვიქნებოდი და ერთ დღესაც იეჰოვა გასაჭირიდან დამიხსნიდა.
მინდა აღვნიშნო, რომ ციხეში მოხვედრის ყოველთვის მეშინოდა. როდესაც და-ძმების ბიოგრაფიებს ვკითხულობდი, ლოცვაში იეჰოვას ვთხოვდი: „იეჰოვა, ყველაფერს ავიტან, ოღონდ ციხეს ვერა“. მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ციხეში პატიმრებისთვის მექადაგა. როდესაც ძმებს ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ციხეში ქადაგება, მათ მითხრეს, რომ იმ დროისთვის ყაზახეთში შესაბამისი ნებართვა არ გვქონდა. ასე რომ, როცა პირადად აღმოვჩნდი ციხეში, ცოტა არ იყოს, ურთიერთსაწინააღმდეგო განცდები დამეუფლა. ერთის მხრივ მეშინოდა, თუმცა ამავდროულად ვხედავდი, როგორ ასრულდა ჩემი სურვილი, პატიმრებისთვის მექადაგა.
ციხეში ყოფნისას თუ მოგეცა დამოწმების შესაძლებლობა?
თეიმურ ახმედოვი: დიახ. ერთხელ ერთმა ოფიცერმა თავისთან დამიბარა. როდესაც მის ოფისში შევედი, მითხრა: „ვიცი, რომ იეჰოვას მოწმე ხარ და არც იფიქრო, რომ მიქადაგო“. მე ვუთხარი, რომ ამის გაკეთებას არც ვაპირებდი. შემდეგ მკითხა: „რა ჰქვია ღმერთს?“. „იეჰოვა“— მივუგე. „აბა, იესო ვინღაა? “. „ღვთის ძე“ — ვუპასუხე. „მაშ, რატომ ასწავლიან მართმადიდებელი ქრისტიანები, რომ ის ღმერთია?“. „ეს მათ უნდა ჰკითხოთ“ — მივუგე.
იყო შემთხვევა, როცა 40-ზე მეტი ადამიანის წინაშე მომიწია დამოწმება. ერთხელ ციხეში პატიმრების მოსანახულებლად ფსიქოლოგი მოვიდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ქორწინების საკითხი. ფსიქოლოგმა გვკითხა, რას ვფიქრობდით პოლიგამიაზე. თითოეულს ჩვენ-ჩვენი აზრი უნდა გამოგვეთქვა.
როდესაც ჩემი ჯერი დადგა ვუთხარი, რომ პირადი აზრის ნაცვლად, მსურდა ერთი პიროვნების აზრი გამეზიარებინა მათთვის და ვთქვი: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24). ფსიქოლოგმა მკითხა: „ვისი სიტყვებია ეს?“ „ეს ჩვენი შემოქმედი ღმერთის, იეჰოვას, სიტყვებია და ის აქ მხოლოდ ორ ადამიანს გულისხმობს“, — ვუპასუხე მე.
ფსიქოლოგმა მკითხა, კიდევ თუ იყო რაიმე მიზეზი, რის გამოც ვფიქრობდი, რომ მამაკაცს მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს. მე მათეს 7:12-ში ჩაწერილი სიტყვები წარმოვთქვი: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“. შემდეგ ვუთხარი: „ეს იესოს სიტყვებია, ჰკითხეთ აქ მყოფ ნებისმიერ მამაკაცს, თუ მოეწონებათ მათ ცოლს სხვა ქმარიც რომ ჰყავდეს. თუ მამაკაცებს არ სურთ, რომ მათ ცოლებს სხვა ქმრებიც ჰყავდეთ, მაშ ცოლებს რატომ უნდა მოსწონდეთ, თუ მათ ქმრებს რამდენიმე ცოლი ეყოლებათ“. ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ყველაზე მეტად ჩემი პასუხი მოეწონა.
ძალიან გვამხნევებს იმის მოსმენა, რომ სირთულეების მიუხედავად, მაინც შეძელი სხვებისთვის დამოწმება.
გათავისუფლების თაობაზე არაერთი თხოვნის მიუხედავად, სასამართლოებმა, მათ შორის ყაზახეთის უმაღლესმა სასამართლომ, არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. იურიდიული თვალსაზრისით ისე ჩანდა, თითქოს გამოსავალი არ იყო.
თუმცა თუ ხელს მოაწერდი დოკუმენტს და აღიარებდი ბრალდებას, გაგათავისუფლებდნენ. მოგვიყევი, რატომ არ დათანხმდი ამ შემოთავაზებას?
თეიმურ ახმედოვი: მათ რამდენჯერმე შემომთავაზეს ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა. ისე ჩანდა, თითქოს სიკეთეს მიკეთებდნენ, სინამდვილეში კი ხელი უნდა მომეწერა დოკუმენტზე, რომელშიც ეწერა, რომ ვაღიარებდი ჩემ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას და ჩემი საქციელის გამო ბოდიშს ვიხდიდი. მოგვიანებით, ისიც კი შემომთავაზეს, რომ თავად შემედგინა ასეთი დოკუმენტი და შეწყალება მეთხოვა. უფლებამოსილი პირები მირჩევდნენ, დამეწერა, რომ შეცდომა დავუშვი, როდესაც სხვებს საკუთარი მრწამსის შესახებ ვესაუბრე, თუმცა ახლა ვაცნობიერებდი ჩემს შეცდომას და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გათავისუფლებას ვითხოვდი.
ყველა ასეთ შემოთავაზებაზე მტკიცე უარი განვაცხადე და უფლებამოსილ პირებს ვუთხარი, რომ მერჩივნა სუფთა სინდისით ციხეში ვმჯდარიყავი, ვიდრე საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წავსულიყავი და თავისუფლება ამგვარად მომეპოვებინა.
ყველას ძალიან გვამხნევებს შენი მტკიცე რწმენის მაგალითი.
როგორც ვიცით, სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა. მოგვიყევი, როგორ გაიგე, რომ ციხიდან შენი გათავისუფლება სურდათ?
თეიმურ ახმედოვი: ერთ დღეს ერთ-ერთი მცველი მოვიდა და მითხრა, რომ ტელეფონზე მირეკავდნენ; არ ვიცოდი, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო. ტელეფონზე ერთი ქალბატონი გამეცნო და მითხრა, რომ ციხიდან მათავისუფლებდნენ და მალე ჩემს გასაყვანად მოვიდოდა. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. როცა მასთან საუბარი დავასრულე, ჩემს ბიჭს დავურეკე. იქნებ ეს სინამდვილე სულაც არ იყო და არ მინდოდა, მეუღლე ტყუილად დამეიმედებინა.
სატელეფონო საუბრის შემდეგ მცველმა მკითხა, რისთვის დამირეკეს. ვუთხარი, რომ ვიღაც ქალბატონმა მითხრა, მოვიდოდა და ციხიდან გამათავისუფლებდა. ისიც ვუთხარი, რომ ჩემი აზრით ის უბრალოდ ხუმრობდა და ჩემს მოტყუებას ცდილობდა.
მცველმა მითხრა, რომ რაც იმ ქალბატონმა თქვა სიმართლე იყო.
მაფიზა, შენ რა რეაქცია გქონდა, როცა თეიმურის გათავისუფლების შესახებ გაიგე?
მაფიზა ახმედოვი: როცა ამის შესახებ ჩემმა ბიჭმა მითხრა, მეც ხუმრობად მივიღე. თუმცა ამ ამბის გაგებას დიდხანს ველოდით.
წარმოგვიდგენია, როგორ გაიხარებდით, როცა თეიმურის ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ისევ ერთად იყავით.
რწმენის ასეთმა გამოცდამ, რაიმე ახალი თუ გასწავლათ?
მაფიზა ახმედოვი: მახსოვს, ხშირად ვტიროდი ძმა ბაჰრამ და გულზირა ჰემდემოვების გამო. [ძმა ბაჰრამ ჰემდემოვი თურქმენეთში 2015 წლის მარტში დააკავეს, 19 მაისს კი, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ცრუ ბრალდების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ის თითქოს „რელიგიურ სიძულვილს აღვივებდა“. ის დღემდე პატიმრობაში იმყოფება.] სანამ თეიმურს დააპატიმრებდნენ, ხშირად ვფიქრობდი, რამდენად რთულ მდგომარეობაში იყო გულზირა. მას შემდეგ, რაც ეს ამბები გამოვიარეთ, შემიძლია ვუთხრა, რომ მისი ტკივილი კარგად მესმის; ძალიან მინდა, ჩავეხუტო და გავამხნევო. დარწმუნებული ვარ, ჩემ მსგავსად, მასაც იეჰოვას და და-ძმების მხარდაჭერის იმედი აქვს.
ძალიან მადლიერი ვარ თითოეული და-ძმის, ვინც მხარში გვედგა, არა მხოლოდ ჩვენს კრებაში, არამედ მთელ მსოფლიოში. აგრეთვე დიდი მადლობა ხელმძღვანელ საბჭოს, ადვოკატებს და ჩვენს ვაჟებს.
თეიმურ ახმედოვი: ერთი რამ მინდა აღვნიშნო: განსაცდელების ატანა ყველას გვიწევს. თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ციხეში არ მოხვდება. ზოგს ოჯახის ის წევრები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც არ იზიარებენ მათ რწმენას. ზოგისთვის სირთულეს ის წარმოადგენს, რომ კრებაში ვიღაცასთან საერთო ენის გამონახვა უჭირს. ნებისმიერი განსაცდელის დროს, თითოეულს გვაქვს არჩევანი, ვიხელმძღვანელებთ ღვთის პრინციპებით, თუ არა. თუ იეჰოვას პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, განსაცდელს წარმატებით ავიტანთ. უმჯობესია, მათ გაბედულად შევხვდეთ და გვახსოვდეს, რომ იეჰოვა საჭირო ძალებს მოგვცემს, გავუძლოთ!
მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის და ჩემი ვაჟების. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ციხეში მოვენახულებინე და გავემხნევებინე. მათმა მხარდაჭერამ გამაძლიერა.
აგრეთვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საძმოს. დიდად ვაფასებ მათ ლოცვებსა და გამამხნევებელ წერილებს. წუთითაც კი არ მიგრძვნია თავი მიტოვებულად. ამ განსაცდელმა კიდევ უფრო შემაყვარა საძმო და იეჰოვასთან მეტად დამაახლოვა.