არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 17 იანვარი
ყაზახეთი

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ყაზახეთის მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ყაზახეთის მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება თეიმურ ახმედოვის მიერ 2018 წლის 3 იანვარს შეტანილი საჩივრის თაობაზე. თეიმურ ახმედოვი დაახლოებით ერთი წლის წინ უსამართლოდ დააპატიმრეს. იგი 61 წლისაა და მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. თეიმურ ახმედოვი ყაზახეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო იმის გამო, რომ იგი უკანონო რელიგიურ საქმიანობას ეწეოდა, თუმცა სინამდვილეში მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ვინაიდან ქვეყნის არცერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, თეიმურ ახმედოვი იძულებული გახდა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის მიემართა საჩივრით.

2018 წლის 9 იანვრით დათარიღებულ წერილობით მიმართვაში კომიტეტმა მოუწოდა ყაზახეთის მთავრობას, გაითვალისწინოს თეიმურ ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასთან მიმართებით გამოიყენოს დროებითი ღონისძიება, ვიდრე კომიტეტი მის საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. კომიტეტის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა „[თეიმურ ახმედოვი] დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყონ სათანადო სამედიცინო დახმარებით და მისი პატიმრობის პირობები სრულად შეუსაბამონ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“. ამ წერილობით მიმართვაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ ვიდრე კომიტეტი მის საჩივარს განიხილავს, ხელისუფლებამ „ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დღის წესრიგში უნდა დააყენოს [მისი] გათავისუფლების ან შინაპატიმრობაში გადაყვანის საკითხი“.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, თეიმურ ახმედოვთან მიმართებით დროებითი ღონისძიების გატარების მოთხოვნა განპირობებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. 2017 წლის ოქტომბერში გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა განიხილა თეიმურ ახმედოვის საჩივარი და დაადგინა, რომ მისი დაპატიმრება თვითნებურად მოხდა. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს იგი და მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია გადაუხადოს. ყაზახეთის მთავრობა დღემდე უგულებელყოფს გაეროს ექსპერტთა ჯგუფის მოთხოვნას. თეიმურ ახმედოვი, რომელსაც ხუთწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, უკვე ერთი წელია ციხეში იმყოფება.