არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 18 აპრილი
ყაზახეთი

თეიმურ ახმედოვი პრეზიდენტმა შეიწყალა

თეიმურ ახმედოვი პრეზიდენტმა შეიწყალა

2018 წლის 2 აპრილს ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, შეიწყალა 61 წლის თეიმურ ახმედოვი, რომელიც ერთ წელიწადზე მეტხანს უკანონოდ იყო დაპატიმრებული. თეიმურს ნასამართლეობა მოეხსნა. მან ამ გადაწყვეტილების შესახებ 4 აპრილს შეიტყო, როდესაც ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადიოდა საავადმყოფოში. იგი დაუბრუნდა ოჯახს და ახლა მისთვის უფრო ხელმისაწვდომია აუცილებელი სამედიცინო მკურნალობა სიმსივნესთან საბრძოლველად.

დაკავება, წინასწარი პატიმრობა და უსამართლო განაჩენი

თეიმურ ახმედოვი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, 2017 წლის 18 იანვარს დააკავეს და დააპატიმრეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სხვებს საკუთარ მრწამსს უზიარებდა. დაპატიმრებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ის ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობდა მამაკაცებთან, რომელთაც თითქოსდა აინტერესებდათ იეჰოვას მოწმეების სწავლებები. ეს მამაკაცები თანამშრომლობდნენ ყაზახეთის საიდუმლო პოლიციასთან, „ეროვნული უშიშროების კომიტეტთან“ და ფარულად იწერდნენ ახმედოვის საუბრებს. ამ ჩანაწერების საფუძველზე „ეროვნული უშიშროების კომიტეტმა“ დააკავა თეიმურ ახმედოვი და ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბრალი დასდო იმაში, რომ რელიგიურ შუღლს აღვივებდა და თითქოს ამტკიცებდა, რომ მისი რელიგია სხვებზე უპირატესობდა.

დაკავებისა და დაკითხვის შემდეგ პოლიციამ ახმედოვი სამი თვით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა. 2017 წლის 2 მაისს სასამართლომ მას ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და დამატებით სამი წლით აუკრძალა რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობა.

ახმედოვის ადვოკატებმა რამდენჯერმე მიმართეს სასამართლოს სააპელაციო თხოვნით მისი გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ სასამართლომ არც ერთხელ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველა ინსტანცია გაიარა, თეიმურმა საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. მან საჩივრები წარუდგინა „თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფსა“ და „გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს“.

2017 წლის ოქტომბერში „თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა“ დაგმო ყაზახეთის ქმედება ახმედოვის დაპატიმრების თაობაზე და მთავრობას მისი დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რადგანაც თეიმურის ქმედებები „აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო და არ სცდებოდა რელიგიური თავისუფლების საზღვრებს“. 2018 წლის იანვარში „ადამიანის უფლებათა კომიტეტმა“ დააკმაყოფილა ახმედოვის დაჟინებული თხოვნა და ყაზახეთის მთავრობას მიმართა, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები ახმედოვისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის ჩასატარებლად. ზემოთ აღნიშნულმა კომიტეტმა აგრეთვე მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას, განეხილა ახმედოვის საბოლოო გათავისუფლების საკითხი.

საბოლოო გათავისუფლება

თეიმურ და მაფიზა ახმედოვები თეიმურის შეწყალების შემდეგ

პატიმრობის პერიოდში ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა. მიმდინარე წლის დასაწყისში, ექიმების ცნობით, მას მსხვილი ნაწლავის სიმსივნე აღმოაჩნდა და მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. „ადამიანის უფლებათა კომიტეტის“ მიერ სასწრაფო ზომების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან წაყენებული მოთხოვნების შედეგად, ყაზახეთის მთავრობის ინიციატივით მოხდა ახმედოვთან შეხვედრა, რათა მას პრეზიდენტ ნაზარბაევისთვის შეწყალების თაობაზე განცხადებით მიემართა.

მან ეს განაცხადი 2018 წლის 5 მარტს შეავსო და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ განხილვა, ვინაიდან მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სამედიცინო ჩარევა პროგრესირებადი სიმსივნის წინააღმდეგ. ამასობაში, ახმედოვი გადაყვანილ იქნა ალმათში, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა 27 მარტს.

დაიცავს უფრო მეტად ყაზახეთი რელიგიის თავისუფლების უფლებას?

თეიმური, მისი მეუღლე მაფიზა და მისი შვილები გახარებულები არიან ამ გადაწყვეტილებით. ისინი აგრეთვე მადლიერები არიან იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ნაზარბაევმა ახმედოვს ნასამართლეობა მოუხსნა. მისი უკანონო პატიმრობის პერიოდში მთავრობას დაბლოკილი ჰქონდა მისი საბანკო ანგარიში, რის გამოც მის მეუღლეს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა.

მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ თეიმურ ახმედოვის შეწყალების საქმე წინაპირობაა იმისა, რომ ყაზახეთის მთავრობა ნებას დართავს მოწმეებს, თავისუფლად შეასრულონ თავიანთი მშვიდობიანი რელიგიური მსახურება.