არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 6 ივლისი
ყაზახეთი

ყაზახეთის მთავრობამ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი ფილიალის საქმიანობა დროებით შეაჩერა

ყაზახეთის მთავრობამ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი ფილიალის საქმიანობა დროებით შეაჩერა

2017 წლის 29 ივნისს ალმათის (ყაზახეთი) სასამართლომ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი ფილიალის საქმიანობა სამი თვით შეაჩერა. სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ფილიალის შემოწმების შედეგად მიღებულ მონაცემებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფილიალის ტერიტორიაზე, რომელიც 25 სათვალთვალო ვიდეოკამერით კონტროლდება, ტერორისტული საფრთხის თავიდან ასარიდებლად დამატებით 3 ადგილას უნდა ყოფილიყო ვიდეოკამერა დამონტაჟებული, რათა დაცული ყოფილიყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების თაობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. თუმცა 2017 წლის 6 თებერვალს უფლებამოსილმა პირებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრში გეგმით გათვალისწინებული ყველა სათვალთვალო ვიდეოკამერა დამონტაჟებული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადგილობრივი ფილიალი სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ყაზახეთში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა პოლატ ბეხჯანიმ აღნიშნა: „ყაზახეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის საქმიანობის შეჩერება იმის გამო, რომ თითქოსდა უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული, სრულიად შეუსაბამო და უსამართლოა. ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც, როგორც ჩანს, რელიგიური შეუწყნარებლობითაა მოტივირებული“.

მთავრობა იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის საქმიანობაში უხეშად ერევა

ყაზახეთში იეჰოვას მოწმეები სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას ხვდებიან სამართალდამცავების მხრიდან. ვიდრე 29 ივნისს ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე პაკირდინოვი გადაწყვეტილებას მიიღებდა, სამართალდამცავებმა უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნით იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრში ჩხრეკა ჩაატარეს. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (უწინ კა-გე-ბე) ბრძანებით ჩხრეკა ჩატარდა 2017 წლის 17 მაისს. მასში 30-ზე მეტი შეიარაღებული სამართალდამცავი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმი. სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ 2017 წლის ივნისში ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაგეგმილი იყო „ექსპო 2017“-ის ჩატარება, ამიტომ მათ დავალებული ჰქონდათ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შემოწმება.

2017 წლის 17 მაისს ფილიალის შენობაში ჩხრეკა ჩატარდა

იეჰოვას მოწმეებმა ორგანიზება გაუწიეს სპეციალურ სამდღიან კონგრესს, რომელიც 2017 წლის 23—25 ივნისს უნდა ჩატარებულიყო. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკიდან, ევროპიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატები. მოწმეებმა კონგრესის ჩასატარებლად ადგილები დაიქირავეს, თუმცა უფლებამოსილი პირების ჩარევით ქირავნობის ხელშეკრულებები გაუქმდა. ამიტომ შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან ჩასულმა 1 500-მა სტუმარმა ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებთან ერთად კონგრესის პროგრამა მოისმინა მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.

2017 წლის 23 ივნისს პოლიციამ კონგრესზე ჩასული უცხოელი სტუმრები დააყოვნა

კონგრესის პირველი დღის განმავლობაში პოლიცია სასტუმროებთან აჩერებდა ავტობუსებს, რომლითაც უცხოელი სტუმრები მგზავრობდნენ, და მძღოლების დოკუმენტებს ამოწმებდა. პირველ დღეს მათ სასტუმროებთან 2 საათით გააჩერეს 11 ავტობუსი, რომლებითაც 500 უცხოელი სტუმარი მგზავრობდა. მეორე დღეს იმავე მიზეზით პოლიციამ სასტუმროებთან 3 საათით დააყოვნა 20 ავტობუსი, რომლებშიც 900 დელეგატი იმყოფებოდა.

მოწმეების ადმინისტრაციულმა ცენტრმა საჩივრით ალმათის პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ მოწმეების საჩივარზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა, თუმცა კონგრესის მესამე დღეს პოლიციას მეტად აღარ შეუწუხებია მოწმეები. კონგრესის დასრულებიდან ოთხი დღის შემდეგ ალმათის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იეჰოვა მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის საქმიანობის შეჩერების თაობაზე.

ადგილობრივი კანონი მოწმეებს სირთულეებს უქმნის

2012 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ყაზახეთის მთავრობა სულ უფრო მეტად ზღუდავს იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთავრობამ დიდი ფულადი ჯარიმა დააკისრა 60-ზე მეტ იეჰოვას მოწმეს არალეგალური „მისიონერული საქმიანობისთვის“.

2017 წლის იანვარში უფლებამოსილმა პირებმა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ორჯერ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე იმის გამო, რომ ისინი თავიანთ რელიგიურ შეხედულებებს სხვებს უზიარებდნენ. 2017 წლის მაისში თეიმურ ახმედოვი რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდა ამისა, რელიგიური სიძულვილის გაღვივების ბრალდებით პოლიციამ საქმე აღძრა კიდევ ერთი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ, რადგან იგი იმ რელიგიურ პუბლიკაციას სთავაზობდა სხვებს, რომელიც რუსეთის მთავრობის მიერ იყო აკრძალული და ექსტრემისტულად შერაცხული.

მიმართავს ყაზახეთი რუსეთის მთავრობის ტაქტიკას იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით?

იეჰოვას მოწმეებმა არაერთი საქმე წარუდგინეს რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს, რომელსაც უნდა განეხილა მოწმეების უფლებები რელიგიური მსახურების თავისუფლად შესრულების თაობაზე, მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, გენერალური პროკურატურის ბრძანებით ყაზახეთის უზენაესმა სასამართლომ ერთი იეჰოვას მოწმის, ანდრეი კოროლევის, წინააღმდეგ საქმის მოსმენა განაახლა. მას ბრალად ედებოდა საკუთარი მრწამსის სხვებისთვის გაზიარება. 2017 წლის 1 ივნისს სასამართლომ გაამართლა ანდრეი კოროლევი და მხარი დაუჭირა მის უფლებას — მშვიდობიანად გაუზიაროს სხვებს საკუთარი რელიგიური შეხედულება. გენერალურმა პროკურატურამ დაარწმუნა იეჰოვას მოწმეები, რომ ეს გადაწყვეტილება სასიკეთოდ იმოქმედებდა სხვა მოწმეებზეც, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები არ ითვალისწინებენ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას და კვლავ ადანაშაულებენ იეჰოვას მოწმეებს ეგრეთ წოდებულ არალეგალურ მისიონერულ საქმიანობაში.

გრეგორი ალენმა, იეჰოვას მოწმეების მთავარი მრჩევლის ასისტენტმა იურიდიულ საკითხებში, აღნიშნა: „ძალიან სამწუხაროა, რომ ყაზახეთი იმავე სცენარით მოქმედებს, რომლითაც რუსეთი, და უსაფუძვლო ბრალდებებით ხელყოფს რელიგიის თავისუფლების უფლებას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების თანახმად დაცული უნდა იყოს. ვშიშობთ, რომ 29 ივნისის გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე, იმაზე მეტად ქმნის საფრთხეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო ჩვენს საჩივარს დააკმაყოფილებს“.

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები შეშფოთებული არიან ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო. ისინი ხედავენ, რომ უფლებამოსილი პირები მოწმეების უფლებებს სულ უფრო ზღუდავენ ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში ხდება.