არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 17 მაისი
ყაზახეთი

ყაზახეთის მთავრობამ მძიმედ დაავადებულ იეჰოვას მოწმეს პატიმრობა მიუსაჯა და თაყვანისცემის უფლება აუკრძალა

ყაზახეთის მთავრობამ მძიმედ დაავადებულ იეჰოვას მოწმეს პატიმრობა მიუსაჯა და თაყვანისცემის უფლება აუკრძალა

ალმათი, ყაზახეთი — 2017 წლის 2 მაისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სასამართლომ თეიმურ ახმედოვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა იმის გამო, რომ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, რომელსაც სასამართლომ „რელიგიური შუღლის გაღვივება“ და „რელიგიური პროპაგანდა“ უწოდა. გარდა ამისა, სასამართლომ მას აუკრძალა 3 წლის განმავლობაში რაიმე სახის რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობა. 61 წლის თეიმურ ახმედოვი, რომელსაც ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მას სიმსივნე აქვს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, მაგრამ მკურნალობის უფლებას არ აძლევენ. თეიმურ ახმედოვი სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. სავარაუდოდ, სასამართლო მის საჩივარს მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში განიხილავს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2017 წლის 18 იანვარს ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა თეიმურ ახმედოვი დააპატიმრა და ბრალი დასდო ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევაში. აღნიშნული მუხლი ბუნდოვანია და გადახედვას საჭიროებს. თეიმური რამდენიმე თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდა. მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი დეივიდ სიმონიანი აცხადებს: „მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ძალიან ღელავენ თეიმურ ახმედოვის მდგომარეობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება ამ პატიოსან და კანონმორჩილ მოქალაქეს მოუხსნის უსამართლო ბრალდებებს, ნებას დართავს, დაუბრუნდეს თავის ოჯახს და დაუყოვნებლივ მიიღოს სამედიცინო დახმარება“.

იეჰოვას მოწმეები მიიჩნევენ, რომ ასტანას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია რუსეთის მაგალითმა, განსაკუთრებით რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც ძალაში შევიდა მოთხოვნა იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე. დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: „როგორც რუსეთი ზღუდავს ჩვენს რელიგიურ მსახურებას ტერორიზმის წინააღმდეგ კანონის საფუძველზე, მსგავსად მოქმედებს ყაზახეთიც. თეიმურ ახმედოვი სწორედ ამ კანონის მსხვერპლია, კანონისა, რომელსაც ხელისუფლება არასწორად იყენებს იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით. საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი და აშშ-ს კომისია რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ მოუწოდებენ ყაზახეთს, შეწყვიტოს მსგავსი კანონების გამოყენება რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით“. დეივიდ სიმონიანი დასძენს: „ჩვენ გვაფიქრებს ყაზახეთში მცხოვრები თითოეული იეჰოვას მოწმის მდგომარეობა და იმედი გვაქვს, რომ მათ აღარ შეავიწროებენ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობის გამო, რომელიც ადამიანების კეთილდღეობას ემსახურება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო თეიმურ ახმედოვის საქმის თაობაზე“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ყაზახეთი: ბექზათ სმაგულოვი, +7-747-671-45-01