არჩეულ მასალაზე გადასვლა

თეიმურ ახმედოვი დაპატიმრებამდე

2017 წლის 13 ოქტომბერი
ყაზახეთი

ყაზახეთის მთავრობას ბრალი ედება თეიმურ ახმედოვის თვითნებურად დაპატიმრებაში

ყაზახეთის მთავრობას ბრალი ედება თეიმურ ახმედოვის თვითნებურად დაპატიმრებაში

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც თვითნებურად დაკავების საკითხებზე მუშაობს, ყაზახეთის მთავრობა თეიმურ ახმედოვის უსამართლოდ დაპატიმრებაში დაადანაშაულა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. a გაეროს ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებაში, რომელიც 2017 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აღნიშნული იყო, რომ ყაზახეთის მთავრობამ დაარღვია სამართლის ნორმები, როცა თეიმურ ახმედოვი თვითნებურად დააპატიმრა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი თავისი რწმენის შესახებ სხვებს ესაუბრებოდა. თეიმურ ახმედოვი 2017 წლის 18 იანვრიდან იმყოფება პატიმრობაში.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები

გაეროს ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ ყაზახეთის მთავრობამ თეიმურ ახმედოვის დაპატიმრებით დაარღვია კანონი, რომელიც კრძალავს თვითნებურ დაპატიმრებას. როგორც ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, მთავრობამ თეიმურ ახმედოვს შეუზღუდა რელიგიის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის ძირითადი უფლება და დაარღვია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. თეიმურ ახმედოვი დისკრიმინაციის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ რელიგიურ საქმიანობას ეწეოდა როგორც ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით ყაზახეთის მხრიდან თეიმურ ახმედოვის გასამართლება და დაპატიმრება არ შეესაბამებოდა სამართლებრივ ნორმებს. ამ დასკვნაში აგრეთვე მოყვანილი იყო ციტატა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებიდან, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ყაზახეთის მთავრობა „ექსტრემიზმის შესახებ კანონს არასწორად იყენებს ... და ზღუდავს რელიგიის, აზრის გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს“. ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ ასეთი კანონმდებლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ყაზახეთში რელიგიის თავისუფლებას, რასაც თეიმურ ახმედოვის წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი ქმედებებიც ადასტურებს.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თეიმურ ახმედოვის რელიგიური საქმიანობა მშვიდობიანი ხასიათის იყო; იგი რელიგიურ თემებზე მსჯელობით არავის უბიძგებდა ძალადობისკენ და არც რელიგიურ შუღლს აღვივებდა. ამ ჯგუფის განცხადებით, ყაზახეთის მთავრობამ „ვერ წარმოადგინა ვერავითარი მტკიცებულება იმისა, რომ თეიმურ ახმედოვის ქმედება ძალადობრივი ხასიათის იყო და ვერც ის დაამტკიცა, რომ იგი სხვებს უბიძგებდა ძალადობისკენ. ყაზახეთის მთავრობამ ვერც ის ახსნა, რატომ მიიჩნია სხვებთან ერთად შეკრება და რელიგიურ თემებზე საუბარი დანაშაულებრივ ქმედებად“. ამავე დასკვნაში აგრეთვე აღნიშნული იყო: „გაეროს ექსპერტთა ჯგუფისთვის ნათელია, რომ თეიმურ ახმედოვის ქმედება სრულ თანხმობაში იყო რელიგიის თავისუფლების უფლებასთან, რომელიც დაცულია საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლით“. b

ამასთანავე, გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა ყაზახეთის მთავრობის მხრიდან თეიმურ ახმედოვის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები რელიგიური შეუწყნარებლობის სხვა ფაქტებთან დააკავშირა. მაგალითად, რა დღესაც თეიმურ ახმედოვი დააპატიმრეს, იმ დღესვე უფლებამოსილმა პირებმა იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთი სამეფო დარბაზი გაჩხრიკეს და მოწმეებს რელიგიური ლიტერატურა ჩამოართვეს.

„გაეროს ექსპერტთა ჯგუფისთვის ნათელია, რომ თეიმურ ახმედოვის ქმედება სრულ თანხმობაში იყო რელიგიის თავისუფლების უფლებასთან, რომელიც დაცულია საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლით“ (გაეროს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, 39-ე აბზაცი).

ყაზახეთის მთავრობამ საჭირო ზომები უნდა მიიღოს

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა მოსთხოვა ყაზახეთის მთავრობას, რომ „გადაუდებლად იმოქმედოს თეიმურ ახმედოვის გარშემო შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად. ამისთვის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს თეიმურ ახმედოვი და უნდა მისცეს მას შესაძლებლობა, ისარგებლოს კომპენსაციისა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი უფლებით“. ექსპერტთა ჯგუფი ყაზახეთისგან მოითხოვს, რომ თავისი კანონმდებლობა და ქმედებები თანხმობაში მოიყვანოს საერთაშორისო ვალდებულებებთან და შეწყვიტოს თეიმურ ახმედოვთან მიმართებით უსამართლო მოპყრობა.

2017 წლის 13 ოქტომბერს თეიმურ ახმედოვის ადვოკატებმა საჩივრით მიმართეს ყაზახეთის უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს, რომ მთავრობამ სისრულეში მოიყვანოს ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილება — უდანაშაულოდ ცნოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ციხიდან თეიმურ ახმედოვი.

იეჰოვას მოწმეები მადლიერნი არიან, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ თეიმურ ახმედოვის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები დაგმო, რაც ადასტურებს, რომ ყაზახეთში რელიგიის თავისუფლების უფლება სათანადოდ არ არის დაცული. მოწმეები იმედოვნებენ, რომ ყაზახეთის მთავრობა იმოქმედებს გაეროს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს თეიმურ ახმედოვს.